მოსალოდნელია შემოსავლების სეკვესტრი, ხარჯების გაბერვა, დეფიციტისა და ვალის წარმოუდგენელი ზრდა
ნინა გარდაფხაძე
20.05.2020

ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს მაისის ბოლოს წარუდგენს. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, 1.8 მლრდ-ით იზრდება ხარჯვითი ნაწილი და მცირდება საგადასახადო შემოსავლები. დეფიციტი, წინასწარი მონაცემებით, თითქმის 30%-ია, რისი კომპენსირებაც ნასესხები 4.1 მლრდ-ით მოხდება. ანალიტიკოსები ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ უნდა დაიხარჯოს მოზიდული სახსრები, რომ შემდეგში ქვეყანამ ვალის დაბრუნება შეძლოს. 

მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით,  2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი.

მთავრობა ბიუჯეტის პირვანდელ გეგმასთან შედარებით 1.45 მილიარდი ლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელოდება. ჯამურად, გადასახადების პროგნოზი ამჟამად 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან დღგ-ის პროგნოზი - 4.8 მილიარდი ლარი, აქციზი კი 1.4 მილიარდი ლარი იქნება. საშემოსავლო გადასახადიდან სახელმწიფო წელს 4 მილიარდი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს. ჯამურად, ყველა სახის შემოსავლიდან (ვალის გარდა) სახელმწიფო წელს 12.14 მილიარდი ლარის შემოსავალს ელის.

წელს მთავრობა 4.1 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს. სწორედ ვალით უნდა დაფინანსდეს საგადასახადო შემოსავლებში არსებული დანაკლისი.

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მაისის ბოლომდე შეიძლება მოხდეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან მისთვის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის ხელახალი კალკულაციაა საჭირო.

"მაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს შემოვა. ყველა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც გაკეთდა, ასახული უნდა იყოს ბიუჯეტში. წარმოიდგინეთ, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უნდა შეიცვალოს. რეალურად დისკუსიაში უნდა ვიყოთ ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ მათი მდგომარეობაც მესმის. რეცესია იქნება 4%, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შეიძლება იყოს. დეფიციტი ჯერადად გაიზრდება, ასევე შემოსავლები და შემომავალი ფულადი ნაკადები შემცირდება“, - განაცხადა კოვზანაძემ. 

ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, სავარაუდოდ, განახლებული ბიუჯეტის პარამეტრები სავალუტო ფონდის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან იქნება თანხვედრაში. ამ პროექტით გამოდის, რომ ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა 30% იქნება, რისი დაბალანსებაც მთლიანად საგარეო ვალით უნდა მოხდეს. 

ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ამ მასშტაბის დეფიციტი მთავრობის მხრიდან განხორციელებული არასწორი რეგულაციების შედეგიცაა. ეკონომისტი ნასესხები ფულის დახარჯვის იმ გზებზე საუბრობს, რითიც საქართველოს ვალის გასტუმრება არ გაუჭირდება. 

“მთავარი არის ის, რომ რესურსი უნდა მოიზიდო ქვეყნის ეკონომიკაში რეალური რეფორმების დასაფინანსებლად. ისეთ ცვლილებაზე ვსაუბრობ, რომელიც შედგომში ვალის გადახდაშიც დაგვეხმარება და მოახდენს ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რაც ამ ეტაპზე ესოდენ მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, მაგრამ მსგავსი აქცენტები არ ისმის ხელისუფლების მხრიდან. 

ნორმალური ხელისუფლების პირობებში მოზიდული რესურსები მოხმარდებოდა, პირველ რიგში, მთავრობის რეფორმას, რაც ნიშნავს ეფექტური და ტექნოლოგიური ცვლილების დაწყებას, რაც დაანონსებულია და არ კეთდება. მეორე უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ეს მყისიერად ქმნის დამატებით სტიმულებს და სამუშაო ადგილებსაც. საჭიროა ასევე საგადასახადო რეფორმაც, რათა დავაინტერესოთ ინვესტორები. 

ძალიან ბუნდოვანია ხელისუფლების გეგმებიც და ე.წ. ანტიკრიზისული პროგრამებიც. მეტიც, ხელისუფლებას თავიდანვე რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განეხორციელებინა და ყველაფერი არ გაეყინა, ამ მასშტაბის სესხების აღებაც არ იქნებოდა დღეს საჭირო, ბიუჯეტსაც ამხელა წნეხი ნამდვილად არ ექნებოდა“, - განუცხადა ყიფიანმა “რეზონანსს“. 

სავარაუდოდ, გაიზრდება შიგა ვალის მოცულობაც. მით უფრო, რომ მოქმედი ფინანსთა მინისტრის გაცხადებული პოზიცია ყველასათვის ცნობილია, რომ არ უნდა მოვერიდოთ შიგა ვალის აღებას. არადა, ის გაცილებით მაღალპროცენტიანია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მთავრობას საარჩევნო წელს ყველა ტიპის ვალის გაზრდა დასჭირდება. 

ნასესხები ფულის არასწორ ხარჯვაზე საუბრობს “ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძეც, რაც მისი აზრით, შემდგომში ვალის დაბრუნებას გაართულებას. 

"იმის ნაცვლად, რომ დროულად აამოქმედონ დაცვითი მექანიზმი და ითანამშრომლონ ხალხთან, ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, იღებენ სესხს ჩვენი შემოსავლის ხარჯზე და არაეფექტურად ანაწილებენ.

ამბობენ, საქართველოს გამოეყო 3  მლრდ დოლარი. კი არ გამოეყო, სესხად აიღო და ამის დაფარვა ისევ ჩვენი ვალდებულებაა და იქნება თუ არა იმ სახით გადმოცემული თანხა, რა სახითაც აცხადებენ, ჯერ არ ვიცით, რადგან იურიდიულად გაფორმებული ფაქტი არ არის. 

არის რამდენიმე კარგი გადაწყვეტილება, რომლებიც გულისხმობს საშეღავათო პერიოდებს. ამას მივესალმები, მაგრამ ფულის გადანაწილებას - არა. ეს არის სოციალური კუთხით მიმართული დახმარება, რომელსაც გარკვეული ამოცანა აქვს მთავრობისთვის, მოისყიდოს პირდაპირ ან ირიბად ადამიანების ნაწილი და შემდეგ გამოიყენოს სათავისოდ“, - აღნიშნა "რეზონანსთან" პაატა შეშელიძემ.

მთავრობას პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ჯერ კიდევ არ წარუდგენია, ამიტომაც მეტ დეტალზე საუბარს სფეროს სპეციალისტები ამ ეტაპზე ერიდებიან და ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან. “რეზონანსი“ კვლავ გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას, რაში დაიხარჯება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით გაწერილი თანხები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×