არსებობს თუ არა სამართლებრივი გზა, რომ "ავერსს" ინფექციური საავადმყოფოს ტერიოტორია ჩამოერთვას?
თამარ მუკბანიანი
20.04.2020

მდგმურები და შენობაში უკანონოდ მყოფები - ასეთია, დღეს, მსოფლიო პანდემიის წინა ხაზზე, გმირულად მებრძოლი ინფექციური საავადმყოფოს ექიმების სამართლებრივი სტატუსი. საავადმყოფოს შენობა, "ავერსმა" ხელში 2009 წელს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩაიგდო. მაშინ პირობა იყო, რომ სულ მალე ინფექციურს ახალი შენობა ექნებოდა, რომელიც რასაკვირველია, დღემდე არ შესრულდა. არსებობს თუ არა7 სამართლებრივი გზა, რომ 11 წლის წინანდელი აუქციონი ბათილად იქნას ცნობილი და "ავერსს" ინფექციური საავადმყოფოს ტერიოტორია ჩამოერთვას?

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელისუფლება და ფაქტობრივად, ყველა პრემიერი, გასცემდა ინფექციური საავადმყოფოს პრობლემის მოგვარების პირობას, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა და პროფესიონალებს, რომელთა საოცარ შედეგებზე კოვიდ19-ის წინააღდეგ ბრძოლაში, მსოფლიო მედია წერს, კვლავ მოძველებულ ინფრასტრუქტურაში უწევთ მუშაობა. სწორედ ბოლო საუკუნის ყველაზე დიდმა პანდემიამ დააყენა დღის წესრიგში საკითხი, რატომ არ ეკუთვნით ინფექციური, ინფექციონისტებს და ეს პრობლემა მედიკოსების გარდა საზოგადოებისათვისაც მწვავედ დადგა. 

პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ რამდენიმე კვირის წინაც, ქვეყნის მთავარ იმუნოლოგს, მოუწია ტელეეთერიდან გაეკეთებინა მიმართვა. სს "ინფექციურის" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ კომპანია „ავერსი ფარმა“ მათ  რემონტის ჩატარების საშუალებას არ აძლევს და მან ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, შენობის გარემონტების ბრძანება გაეცათ.

როგორ აღმოჩნდა ინფექციური საავადმყოფო, კერძო კომპანიის საკუთრებაში?

ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა აუქციონზე და ის „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. კომპანიამ სახელმწიფოს 12 მილიონ 250 ათას დოლარი გადაუხადა და დადო პირობა, რომ კიდევ 2 წლის განმავლობაში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ძველ შენობაში დატოვებდა.

ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრის აშენებაზე, თუმცა ეს ვალდებულება სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეასრულა.

„2012 წლის 8 თებერვლის შემდეგ „ავერსს“ არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. ამ დროიდან მოყოლებული „ავერსი“ ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. არაერთხელ მოვთხოვეთ ინფექციურს, დაეცალა ფართი... არაერთხელ მოვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს, უზრუნველეყო ეს სამედიცინო დაწესებულება ახალი შენობით. 8 წელი გავიდა და ეს სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ ერთი სამედიცინო დაწესებულება აშენდეს. 2020 წლის 2 მარტია და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობით ჩვენს კუთვნილ შენობებს კვლავ ინფექციური იკავებს“, - აცხადებდა „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია იწყებოდა. მისი თქმით, ზარალი, რომელიც კომპანიას თავისი კუთვნილი ტერიტორიის გამოუყენებლობით მიადგა, უხეში გათვლებით, რამდენიმე ათეული მილიონია.

2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფომ „ავერსი ფარმასთან“ ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა და მომდევნო წლების განმავლობაში 1 კვადრატულ მეტრს 5 ლარად ქირაობდა. ჯამში ცენტრს 7000 კვ/მ-ის ტერიტორია აქვს დაკავებული, რომელიც 8 შენობაზეა გადანაწილებული.

ყოველთვიურად სახელმწიფოს იჯარაში 35 000 ლარის გადახდა უწევდა. „ავერსი ფარმაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფომ იჯარის გადახდა 2019 წლის 1-ელ იანვარს შეწყვიტა. ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იჯარის ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი თავად „ავერსი ფარმაა“.

,,ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“, - უთხრა 2 მარტს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს. იმ დროს, როცა ის ჯანმრთელობის მინისტრი იყო, ორჯერ გამოიყო სხვადასხვა ადგილი ახალი ცენტრის ასაშენებლად, რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისთვის.

დავით სერგეენკო ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ ინფექციური დაავადების მართვა ქვეყნის პრიორიტეტი იყო და ქვეყანას ჰქონდა როგორც ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებელი თანხები, ასევე მომზადებული პროექტი და მშენებელი კომპანია. ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დროს საავადმყოფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველები სახელდებოდა.

ექიმების პროტესტი და შეუსრულებელი დაპირებები

ექიმებს, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე უკვე გადაარჩინეს და კვლავ ამ ბრძოლაში არიან, ბოლო საპროტესტო აქციის გამართვა მიმდინარე წლის იანვარში მოუწიათ. მიზეზი ,,ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავდა, ჯებირები შეუძლებელს ხდიდა პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებდა. შენობის იჯარის ფართს სახელმწიფო ფარავდა. ამასთან ცენტრს ახალი შენობის აშენების პირობა მისცა. გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ავერსის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟს კლინიკის პერსონალის პროტესტი მოჰყვა, „ავერსმა“ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კლინიკის პერსონალი ფართში უკანონოდ იმყოფება.

11 წლის განმავლობაში, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა არერთი აქცია გამარეთეს და მიიღეს არაერთი ცრუ დაპირებაც, რომ პრობლემა მყისიერად მოგვარდებოდა. პარალელურად, ცხადდებოდა ტენდერები, ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად. ტენდერებს და მშენებლობების დაპირებებს ფონად სდევდა ინფექციური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი. 2017 წლის ივნისში, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირობა დადეს, რომ ახალი შენობის მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდებოდა. ასეთი დაპირება მარტში პრემიერმა გახარიამაც გასცა. 

როგორია შედეგი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეუსრულებელი ვალდებულებებით, ყველა მეტად ექიმები და პაცეინტები ზარალდებიან, რომლებსაც გაურემონტებელ, მოძველებულ და სტანდარტებისათვის შეუსაბამო შენობაში უწევთ ფუნქციონირების გაგრძელება. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი გზები შეიძლება არსებობდეს, რომ შენობა კვავ ინფექციური საავადმყოფოს მფლობელობაში დარჩეს ისე, რომ არ შეილახოს ფუნდამენტური, კერძო საკუთრების უფლებაც. 

სამართლის სფეროს სპეციალისტი, აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს პროვატიზაციის პირობების შესწავლა საფუძლიანად. იურისტი გაიყიდვის პირობებში დარღვევის ნიშნებს  ხედავს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს გახდეს ხელშეკრულების გაბათილების საფუძველი.  

,,ყოველთვის მნიშვნელოვანია საფუძვლები. პრივატიზაციის პროცესში, რამდენად არის დარღვეული საჯარო და კერძო ინტერესები, ჯერ ამის მოკვლევა უნდა მოხდეს. სანამ დეტალურად არ შეისწავლიან, ვერ გვეცოდინება, რა ეკუთვნის ,,ავერსს“ და რა - ინფექციურს.  სახელმწიფოს გულგრილობის საკითხი დგას ცალსახად. ოღონდ პრივატიზაცია მომხდარიყო ვიღაცის ინტერესის სანაცვლოდ და უმნიშვნელოვანესი ობიექტი, შენობის გარეშე დატოვეს. 

საპრივატიზაციო ღირებულების თანხა უნდა წასულიყო და დახარჯულიყო მშენებლობაში. გამოდის, "ავერსმა" თანხა გადაიხადა და ისიც გაქრა, რადგან ახალი შენობა არ არსებობს. ფაქტია, პრივატიზაციისას იყო პრობლემები და ნორმალური და სრულყოფილი მოკვლევაა ჩასატარებელი. ბევრი პროცედურაა გასავლელი. აქ საუბარი  არ უნდა იყოს და აქცენტი არ უნდა გადავიტანოთ იჯარაზე და შედეგებზე.

თავად პროცესის დასაწყისია მოსაკვლევი. ფუნდამენტურად უნდა დავინახოთ რა მდგომარეობაში მოხდა პრივატიზაცია და ბათილ გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? მიუხედავად იმისა, რომ ღია აუქციონია, ეს არავის უხსნის პასუხისმგებლობას. სამეწარმეო მენეჯმენტი გავალდებულებს, რომ იცოდე კანონი და მისი არცოდნა ვერ იქნება ინდულგენცია. პირიქით.  საბოლოოდ ყველა შემთხვევაში, აუცილებელია მოხდეს საფუძვლიანი მოკვლევა“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა. 

,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მათთვის ოპტიმალური ახალ შენობაში  გადასვლაა, თუმცა სანამ ეს მოხდება, აუცილებელია ნებართვა გაიცეს არსებული შენობის რემონტზე. 

,,ჩვენთვის სასურველი და საჭიროც, რა თქმა უნდა, ახალ შენობაში გადასვლაა, სადაც სრულად იქნება სტანდარტები გათვალისწინებული. თუმცა, ამას დრო სჭირდება და იქამდე ჩვენ ვითხოვთ, მოხდეს არსებული შენობის სარემონტო ნებართვის გაცემა.  მე, არ ვარ ადმინისტრაციულ საკითხებზე მომუშავე, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს დაპირება და მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

ჩვენს გენერალურ დირექტორს 30 დეკემბერს შეხვდა პრემიერ-მინისტრი და აღუთქვა, რომ გამოგვიყოფდა შენობას. ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი დაპირებები, დარწმუნებულები ვიყავით. რომ ამ დრომდეც მოგვარებული გვექნებოდა ეს საკითხი, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. პრემიერის სიტყვის გვჯერა. იმედი გვაქვს გიორგი გახარიასი და ველოდებით, რომ სამედიცინო ინოვაციების ცენტრში გამოგვიყოფენ ფართს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ენდელაძემ. 

დაპირება 11 წლის განმავლობაში, არც ერთხელ შესრულებულა. ამიტომაც, ,,ბიზნეს-რეზონასი“ ინტენსიურად მიადევნებს თვალს ინფექციური საავდმყოფოს ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.04.2020)
მიშასთვის ფული გეჩვენებინა და სულ ქინძზე ეკიდა ინფექციურიც და ონკოლოგიურიც. ავერსი, პსპ, ჯიპისი ყველა მთავრობის სარეცელზე წვანან


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×