სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობამ დაჯარიმებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს
გვანცა წულაია
24.03.2020

საქართველოში საგანგებო რეჟიმის პერიოდში მოქალაქეები გარკვეული სახის შეღავათით ისარგებლებენ. სანამ, ქვეყანაში საგანგებო პერიოდი იქნება, ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, მძღოლებს არ დააჯარიმებენ. გარდა ამისა, სახელმწიფო თუ კერძო აღმსრულებელი მოქალაქეებს ბინას ვერ გაუყიდის. სპეცილისტთა ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები მოსახლეობას წაადგება, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. 

საშეღავათო პერიოდი უკვე ამოქმედებულია, რომელიც 21 აპრილამდე, საგანგებო რეჟიმის ამოწურვამდე იქნება ძალაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის დადგენილებით, აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან ადამიანთა გამოსახლება შეზღუდება. ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება.

რაც შეეხება ტექდათვალიერებას, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მძღოლებს ამ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა უკვე შეუძლიათ, რომელიც მხოლოდ საგანგებო რეჟიმის დროს იმოქმედებს. 

„პირველ რიგში, ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალია ტექდათვალიერების მომსახურება და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას. რაც შეეხება სანქციებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მაგრამ ეს იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველო ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. "ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძვნებელი, იურისტი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურია, რაც მიზნად ისახავს, მოსახლეობის რთული ვითარებიდან გამოყვანას. 

“ეს ორი გადაწყვეტილება ემსახურება არსებული მდგომარეობის შესაბამის მოქმედებებს და სრულიად გამართლებულია. როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდომარეობაა და მას აქვს კონკრეტული დათქმები, ბუნებრივია, ასეთი შეღავათები სრულიად ლეგიტიმურია, რაც მიზნად ისახავს, რომ თავიდან იქნას აცილებული ის დიდი ეკონომიკური დანაკარგი, რომელიც ამ თვალსაზრისით შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. 

არსებობს მოლოდინი, რომ კრიტიკულ მომენტში, მარტსა და აპრილში, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ კომუნალური გადასახების ანულირება მოხდეს, რადგან საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო. ასეთი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდულ პირებზე. მათი ეკონომიკური მდგრადობა და შემოსავალი მინიმუმადეა დასული. ამიტომ, ამ თვალსაზრისით მთავრობის შემდგომი მსჯელობის საგანი უნდა იყოს და ალბათ ასეც იქნება, რომ ვითარება, რომელიც კომუნალური გადასახადების კუთხით არსებობს, სწორად წარმართოს”, - განუცხადა “რეზონანსს” არჩილ კაიკაციშვილმა. 

კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობის უმეტესობამ სამსახური დროებით ან საბოლოოდ დაკარგა. ახლა მთავრობის მხრიდან თითოეული შეღავათი მოსახლეობისთვის შვების მომტანი იქნება. იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ ორი დადგენილების გარდა, სახელმწიფოს შეუძლია სანქციებისგან გაათავისუფლოს ის ფიზიკური თუ ირიდიული პირი, რომლებიც ვერ ასრულებენ საგადასახადო ვალდებულებას. 

“ჯარიმების და აღსრულების გადავადება, გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი რესურსი. საგადასახადო კუთხით სახელმწიფოს შეუძლია ჯარიმებისგან და პირგასამტეხლოებისგან გაათავისუფლოს ის კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებიც რაღაც პერიოდში ვერ შეასრულებენ რაიმე ვალდებულებას. არ ვამბობ გადასახადისგან გათავისუფლებას, არამედ სანქციებისგან გათავისუფლება, რაც სახელმწიფოს შეუძლია და არც ძალიან დიდი თანხა არ დაჯდება. 

ბოლო დღეებში არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც კომუნალურ შეღავათებზე მიდის ბევრი საუბარია. აქ შეგვიძლია ორი მიდგომა განვიხილოთ. ენერგია არის პროდუქტი, რომელისაც ყიდის ბიზნესი. ეს ბიზნესი არის მკაცრ კონტროლ ქვეშ და მის სატარიფო პოლიტიკას სახელმწიფო არგულირებს, ანუ სემეკი ადგენს ტარიფებს. მთავრობას ერთადერთი ბერკეტი აქვს, რომ მოახდინოს სუბსიდირება, რაც რა თქმა უნდა, იქნება ტვირთი. ჩვეულებრივ პირობებში ხელისუფლება ისედაც იყენებს ამ ინსტრუმენტს. სოციალურად დაუცველ პირებს უხდის დენისა თუ ბუნებრივი აირის გადასახადებს. ასე რომ, ამ მიმართულებით მთვრობას დიდი ბერკეტი არ გააჩნია. აქ ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიების მზაობას და მათი განაცხადის შესაბამისად სემეკის გადაწვეტილებაზე. 

ბუნებრივი აირის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი არის ტრანსპორტირება. თუკი ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც არის სახელმწიფო კონტროლქვეშ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტრანსპორტირების კომპონენტისგან ტარიფს გაათავისუფლებს, ეს კომპანიებისთვის შეღავათი იქნება და ისინიც მთავრობასთან ერთად იფიქრებენ შეღავათებზე”, - განუცხადა “რეზონანსს” ალაფიშვილმა. 

მისივე აზრით, ახლა მნიშნველოვანია, რომ გატარდეს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკა. კონკრეტული გრძელვადიან დოკუმენტზე საუბარი ახლა უაზრობაა, მაგრამ აუცილებელია მოკლევადიანი საგანგებო გეგმა, რომელიც სწრაფად შევა ძალაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×