დანგრეული ეკონომიკის აღდგენას 3-4 წელი არ ეყოფა
თამარ მუკბანიანი
17.03.2020

ქვეყანა, კორონავირუსის გამო, გამოუცხადებელი საგანგებო რეჟიმის პირობებშია. ეკონომიკა უდიდეს ზარალს იღებს და უკონტროლოდ უფასურდება ლარი. 17 მარტს, ლარმა ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა და 3.16-ის ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი. სულ თავისუფლად შესაძლებელია, მოკლე დროში ეროვნული ვალუტა 3.40-მდე  გაუფასურდეს. 

პანდემიის გავლენით, ლარი ბოლო 8 დღის განმავლობაში თითქმის 50 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამი დღის წინ,  ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, სავალუტო ინტერვენცია მოახდინა და საკუთარი რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ტრანზაქციის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3-ლარიან ნიშნულთან ახლოს, დადგა, მაგრამ შემდეგ დღეებში ზედიზედ ყველა ანტირეკორდი მოხსნა. 

ეს მაშინ, როცა ასეთი ტენდენცია არსად არის ახლო სამეზობლოში. რა აუფასურბს ლარს მაშინ, როცა ქვეყნაში ეკონომიკური აქტივობა, იმპორტი და ნავთობზე მოთხოვნა შემცირებულია, შესაბამისად, დაკლებულია მოთხოვნა დოლარზე და რატომ ვერ მართავს პროცესს ხელისუფლება? რას უნდა ველოდოთ, უახლოეს მომავალში და შეიწირავს თუ არა ჯანდაცვა მთელ ეკონომიკას, ამ კითხვებს, ,,რეზონანსთან” სპეციალისტები პასუხობენ.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის მაქსიმალური გაუფასურების ნიშნული ამ შოკურ მდგომარეობაში 3.40-ია. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მეტად ახლა ეკონომიკა ზარალდება, რომელსაც ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, 3-4 წელი დასჭირდება. 

,,ახლა საქმე გვაქვს, შოკთან და გაურკვევლობასთან. ბუნებრივია, რომ მოსახლეობა დაშინებულია პროცესით, რომელიც მთელ მსოფლიოში მიდის. როცა ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად ემიგრანტების შრომაზე და ტურიზმზეა ჩამოკიდებული, შეუძლებელია გაუძლოს შოკსა და რყევას. 

ეროვნული ბანკის ქმედებას ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით, რომელიც იყო ყოველთვის დაგვიანებული ან გადაჭარბებული. დეკემბერში, როცა უკვე ჩამოყალიბდა ნიშნები, რომ დაიწყებოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ხმამაღლა ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო საჭირო ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალიტიკოსებს არავინ გვისმენს. 

ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ქვეყნები გადავლენ ავტონომიურ რეჟიმში. აქ სხვანაირი მართვაა საჭირო. მსოფლიო შედის ეკონომიკურ რეცესიაში, რასაც დეპრესიული პერიოდი მოჰყვება და ამის გავლა ჩვენც მოგვიწევს. 

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ლარის გაუფასურებასაც აქვს თავისი საზღვრები და მაქსიმუმი სანამდეც შეიძლება ახლა მოხდეს დაცემა 3.40-ია. ეს არის ზედა ზღვარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივა აქამდე. მსოფლიო სავალუტო ფონდმა გააკეთა განცხადება რომ აუცილებლად დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს და ამან გააჩინა იმედი, რომ გარკვეული თანხის მიღების შედეგ იქნებ გაუმჯობესდეს ლარის კურსი. ახლა არ მიმდინარეობს გრძელვადიანი რყევა და სავარაუდოდ, ლარიც გამყარდება, მაგრამ საფიქრალი უფრო მეტად იმაზე გვაქვს, რა ვუყოთ ეკონომიკას, რომელიც იმ მასშტაბის ზიანს მიიღებს, რომ 3-4 წელი შოკიდან ვერ გამოვა. მსოფლიოში რეცესიული პროცესები გარდაუვალია”, - განუცხადა შენგელიამ ,,რეზონანსს”. 

ახლო მომავლის პროგნოზი რომ რთული და მძიმეა, ადასტურებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია. რომელიც იმ ვითარებას მიმოიხილავს, რამაც ლარი ამ მასშტაბის გაუფასურებამდე მიიყვანა. 

,,არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მცირდება იმპორტი  ასევე არანორმალურად ვარდება ბიზნესის აქტივობა, შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნაც იკლებს. პარალელურად, მთელ მსოფლიოში მყარდება ამერიკული ვალუტა. ამის გამოა რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნულამდე დაეწია რეფინანსირების განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ უფასო ფულს გასცემს. 

ბუნებრივია, ყველაფერი აისახება ლარზე, რადგან ის არ არის კონკურენტუნარიანი. ექსპორტის მაჩვენებელი დავიდა დაბალ ნიშნულზე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ამ ყველაფერმა განაპირობა ლარის გაუფასურება და მოლოდინიც არის ძალიან მძიმე. ეკონომიკისათვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად რთული. კორონავირუსმა ამ მოცემულობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ მისი გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული, რა იქნება და როდის დასრულდება ეს ვითარება, რომელიც დღითი დღე უარესდება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. თითქმის 7-თეთრიანი გაუფასურების შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 3.0807 ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×