რას მოუტანს საფინანსო სფეროს გადაწყვეტილება მოსახლეობას, ბიზნესს და ეკონომიკას?
თამარ მუკბანიანი
13.03.2020

3 თვის საშეღავათო პერიოდი ყველა მსესხებლებისათვის - ასეთია 4 ყველაზე დიდი კომერციული ბანკის გადაწყვეტილება. კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისულ ვითარებას საფინანსო სექტორმა ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილისათვის საკრედიტო შეღავათბით უპასუხა. პრემიერის მოწოდების შემდეგ, კომერციულმა ბანკებმა ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს განხადებები, რომ მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია. ზოგიერთ შემთხვევებში ეს მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება, ნაწილის მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

როგორი იქნება შეღავათები და რომელი ბანკების მხრიდან?

პირველი "საქართველოს ბანკი" იყო, რომელმაც ფიზიკური პირებისათვის სესხები სამი თვით გადაავადა: 

„საქართველოს ბანკი" შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი”, - აღნიშნულია ბანკის ინფორმაციაში.

შემდეგ განცხადება გაავრცელა მეორე ყველაზე დიდმა ,,თიბისი” ბანკმაც. შეთავაზება უფრო მეტად მრავლისმომცველია და ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესსაც. ძირითადი აქცენტი კი ტურიზმის ინდუსტრიაზეა.

„თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს. მათი ცნობით, ბანკი ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შესთავაზებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს.

ამასთან, როგორც ბანკში აცხადებენ, "თიბისი" მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.

მალევე ინიციატიავას ,,ლიბერთი ბანკიც" შეუერთდა, რომელმაც სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვისაც დააწესა შეღავათები, გარდა ტურიზმის სფეროსა და ფიზიკური პირებისა. 

"დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არც ერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხა.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, "ლიბერთი" ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვითიბი ბანკმაც“, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში.

როგორი იქნება ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკური ეფექტი? 

,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ,,რეზონანსთან” იმ რისკებს და დადებით მომენტებს უსვამს ხაზს, რასაც სამი თვის საშეღავათო პერიოდი მოიტანს. 

,,რა თქმა უნდა  ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ბანკების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა. მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე. ამის ეფექტი, ერთი მხრივ, არის ის, რომ ადამიანებს, ამ რთულ პერიოდში გადასახდელი არ ექნებათ. მეორე, მათ შეუძლიათ გადაიხადონ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა გაუჩნდებათ და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს შეამსუბუქებს ლარზე ზეწოლას. როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირები, რომლებიც დოლარში სესხს იხდიან, ყიდულობენ კრედიტის მომსახურებისთვის ვალუტას, ესეც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება სამი თვის კრიზისულ პერიოდში. 

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამი თვის შედეგ შეღავათი აღარ გახდება საჭირო, რადგან ამას დაერთო საგადასახადო შეღავათებიც. ბუნებრივია, ეს დრო არ იქნება ადვილი გადასატანი კომერციული ბანკებისათვის, მაგრამ ყველაფერი თვლით არის და თვლა ყველაზე უკეთ ფინანსურ ინსტიტუტებში იციან, როგორც ჩანს, ეს მათი შესაძლებლობის ფარგლებშია. 

როცა სამი დიდი ბანკი, რომელსაც ბაზრის 90% უჭირავს, იღებს ამ გადაწყვეტილებას, პატარა ბანკებსაც მოუწევთ ამ პოზიციაში ჩადგომა და მომავალი კვირიდან, ალბათ მათგანაც უნდა ველოდეთ ასეთ გადაწყვეტილებებს”, - განუცხადა ,,რეზონანსს” კეპულაძემ.  

აფბას პრეზიდენტი შოთა გულბანი კი ბანკების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალური პასუხისმგებლობის ნაძალადევ გამოვლინებას უწოდებს. მისი აზრით, დიდი ეკონომიკური ეფექტი ამას ნამდვილად არ მოჰყვება. 

"მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიაა და ქვეყნის ყველაზე დიდი სექტორი კომერციული ბანკები არიან, მათ გააჩნიათ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება. მიუხედავად ამისა, მათ შორისაც უკვე შეჯიბრებითობის მომენტია. პირეველ ბანკს ელოდნენ დანარჩენები, რომ შეღავათები გაეუმჯობესებინათ, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც ნაძალადევი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომლის მიმართაც უკიდურესათ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. 

თუ ბანკები რეალურად ღელავენ მომხმარებელზე, სამართლიანი პირობები უნდა შესთავაზონ. ისინი ამბობენ, რომ არ გადაიხადოთ სამი თვე, მაგრამ პროცენტები მაინც დაგერიცხებათ და იმას გადაგინაწილებენ, ანუ მომავალში მეტის გადახდა მოგიწევთ. ეს არის ყველაზე ზუსტი განმარტება ბანკების გადაწყვეტილებისა, რომელიც რამდენად არის შეღავათი, ძნელი სათქმელია. მე პირადად ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს და არ მესმის რატომ იწვევს ტაშს”, - განუცხადა "რეზონანსს" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა. 

ეკონომისტები უფრო დადებითად აფასებენ ბანკების ინიციატივას. ანალიტიკოს რამაზ გერლიანის აზრით, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ერთად დაგროვილი პრობლემების გადავადებას ემსახურება. ამიტომ ბანკების ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

"გადაწყვეტილება მისასალმებელი და დადებითია. ეს რომ კარგი იქნებოდა, ადრევე გავაკეთე რეკომენდაცია, გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე. ასეთ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა მცირდება. ფიზიკური პირები და ორგანიზაციებიც აღმოჩნდებოდნენ რთულ ვითარებაში. როცა ვითარება საგანგებო მდგომარეობამდე მიდის, ამ დროს მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა დაშვებულია. ამით ბანკებს უმყარდებათ ნდობა და დადებითი დამოკიდებულება და თავიდან ირიდებენ შესაძლო პრობლემებს გადახდებთან დაკავშირებით. 

ვერ ვიტყვით, რომ წმინდა ეკონომიკური კუთხით ეს რამე დიდი შედეგის მომტანი იქნება, თანაც მოკლევადიან პერიოდში, თუმცა საბოლოოდ მაინც ნაკლები იურიდიული და ფიზიკური პირი აღმოჩდება ეკონომიკური წნეხის წინაშე. ახლა ყველა პრობელმა ერთად დაგროვდა და ეს ფაქტობრივად პრობლემის გადავადებაა, რაც მისასალმებელია”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გერლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×