სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "2020 წლის დასაწყისშივე გაცვლით კურსზე უარყოფით გავლენას უნდა ველოდოთ”
    თამარ მუკბანიანი
    26.12.2019

     მიმდინარე კვირაში, 23 დეკემბრიდან დღემდე, ბიუჯეტიდან ყოველდღიურად 100 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. მთელი დეკემრის განმავლობაში კი ბიუჯეტური ხარჯი დღიურად 40-50 მლნ-ს არ აღემატებოდა. 2019 წლის დარჩენილ 4 სამუშაო დღეში, მთავრობამ კიდევ 550 მლნ უნდა დახარჯოს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის ბრალია და აუცილებლად გაიზრდება წნეხი ძლივს გამყარებულ ლარზე. 

    ,,ქართული ოცნების” ხელისფულებისათვის ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და ათვისება აქილევსის ქუსლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პრემიერი და მთლიანად ეკონომიკური გუნდის მინისტრები შეიცვალა, პრობლემა იგივეა და წლის ბოლოს ლარზე ზეწოლას ბიუჯეტიდან გასული დიდი ოდენობის თანხაც აძლიერებს. 

    ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი, პრობლემას ბიუჯეტის  არასწორ დაგეგმვაში ხედავს. მისი აზრით, ეს ახალი წლის პირველ დღეებში ლარის კურსზე და ინფლაციაზე წნეხს გაამძაფრებს

    "აშკარად ჩანს, რომ დაგეგმვის პრობლემაა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ბიუჯეტი იგეგემება არასწორად და შესაბამისად ბიუჯეტირების პროცესი. მხარჯავი უწყებები ვერ ითვისებენ არასწორი დაგეგმვის გამო და წლის ბოლოს, რასაკვირველია, ხარჯვითი ნაწილის პრობლემები იწყება.  შესაბამისად, ეს იწვევს დაწოლას როგორც ლარის კურისის, ასევე ინფლაციის მიმართულებითაც. 

    მთელი წლის განმავლობაში ისედაც გვაქვს ინფლაციური ტალღა. ამ ფონზე ასეულობით მილიონის ფორსირებულად ხარჯვა, რა თქმა უნდა, უარყოფით ეფექტს მოიტანს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი მოკლევადიან პერიოდში აისახოს კურსზე, რადგან ლარზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც წესი, ასეა ყოველი წლის ბოლოს, მაგრამ როგორც კი ახალი წელი გადაივლის ამ ზეგეგმიური ხარჯების გამო, კურსზეც იქნება უარყოფითი გავლენა.  2020 წლის სტარტზევე გაცვლით კურსზე უარყოფით გავლენასაც უნდა ველოდოთ”, - განუცხადა "რეზონანსს" გერლიანმა და იმ უწყებებზეც ისაუბრა, რომლებიც ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაში ლიდერები არიან.

    "როგორც წესი, ამ მხრივ მოწინავე ყოველთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროა. წლევანდელი მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სულ ასე იყო წინა წლებში, ყველას რჩება დაუხარჯავი თანხები, მაგრამ "ლიდერებზე" საუბარი მაინც შეიძლება. ცქიტიშვილის უწყებას სულ ჩამორჩენა აქვს ხარჯვაში ან პიკური ხარჯვა. რეალურად ორივე პრობლემაა. როგორც წესი, ნორმალური დაგეგმვის შემთხვევაში, მათ უნდა დაიჭირონ თადარიგი და შუა წელში უნდა ხდებოდეს აქცენტის გადატანა და იმ დროს უნდა ხდებოდეს თანხების დიდი ნაწილის გახარჯვა”, - აღნიშნა გერლიანმა.

    ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის ათვიდება რომ დაუძლეველი პრობლემაა, ეს კარგად იცის ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ. მისი აზრით, ამის  მთავარი მიზეზი არაკვალიფიციურობაა. 

    "ეს პრობლემა წლებია გვიდგას ქვეყანაში, როდესაც არ ხდება ბიუჯეტის რაციონალურად განაწილება. ამის მიზეზი ორია: პირველი - მთავრობის "დიდი ზომა", რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობა განკარგავს და ამისთვის მათ დიდი ბიუჯეტი სჭირდებათ. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, მით მეტია მისი დაუგეგმაობის რისკი. მეორე მიზეზი კი მთავრობის სექტორში მომუშავე პერსონალის დაბალი კვალიფიკაციაა. 

    წლის დასაწყისიდანვე არ ცდილობენ რაციონალურად გადაანაწილონ ბიუჯეტი პროექტებზე, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს პროექტების დაფინანსებაზე. ამიტომ აუთვისებელი თანხები გროვდება. წლის ბოლოს კი,  როცა ხედავენ, რომ ფული გასახარჯია, ხოლო ბიუჯეტი ასათვისებელი, ფორსმაჟორულად მოქმედებენ და აფინანსებენ უხარისხო პროექტებს. პრინციპი ასეთია - ოღონდ გახარჯონ ბიუჯეტი და უკვე ხარისხს აღარ უყურებენ, წინასწარაც დებენ ხელშეკრულებებს და ჯერ შეუსრულებელ სამუშაოებშიც იხდიან თანხებს. ამ ყველაფერს კი ფონად გარიგებები ერთვის და საბოლოოდ ჩვენი ბიუჯეტი უყაირათოდ იხარჯება", - აცხადებს მაკალათია. 

    ეკონომისტი ამბობს, რომ დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსზე ცხადია ნეგატიურად იმოქმედებს. რაც უფრო იზრდება საბიუჯეტო დანახარჯი, იზრდება ლარის მიწოდებაც ბაზარზე. ამასთან კომპანიების მხრიდან დოლარზე იზდება მოთხოვნა, რომ ნედლეული უცხოეთიდან დროულად შემოიტანონ და გაცვლითი ოპერაციები ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს.

    "რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში, წლის დასაწყისშივე უნდა იყოს გაწერილი გეგმა, რა პერიოდში რა თანხა და რა პროექტზე უნდა დაიხარჯოს, რომ მერე ამ გეგმით იმუშაონ და არა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქაოსურად იმოქმედონ, გარდა ამისა, მინიმალურ დონემდე უნდა შენცირდეს "მთავრობის ზომა". ეკონომიკა უნდა განთავისუფლდეს სახელწმიფოს ჩარევებისაგან. ის, რასაც უკეთ აკეთებს და იცის ბიზნესმა, უნდა აკეთოს ბიზნესმა და არა მთავრობამ. საჯარო მოხელეებისთვის დარჩენილი მცირე ბიუჯეტი კი აღარ წარმოშობს იმის რისკს, რომ პროექტები არაეფექტურად შესრულდეს”, - განუცხადა მაკალათიამ ,,რეზონანსს”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×