სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელით ქართველ ავტოდილერებს და როგორ მოახერხებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას
    გვანცა წულაია
    25.12.2019

     მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების ექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული. ავტოიმპორიორები აცხადებენ, რომ ეს ქართულ ბაზარს მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს. 

    დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე. თუმცა, 2020 წლიდან ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

    "ბანკები და ფინანსების" ცნობით, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული – თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, – ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

    8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი - არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16 700–42 300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

    და ბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.

    ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელით ქართველ ავტოდილერებს და როგორ მოახერხებენ ისინი სომხეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას და ასევე, რამდენად შეამცირებს აღნიშნული გადაწყვეტილება რეექსპორტის მაჩვენებელს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ავტობიზნესს. 

    კომპანია “რობანი მოტორსის” ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე აცხადებს, რომ საქართველოში რეექსპორტის წილი 60-70%-ია და თუ ამ მიმართულებით პრობლემა შეიქმნა, ავტობიზნესი საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

    “რაიმე სხვა დამატებით ინფორმაციას მეც არ ვფლობ. ვიცოდი, რომ ეს პრობლემა ადრე თუ გვიან დადგებოდა. ამ ყველაფერის წინასწარ გათვლის პრობლემა ჩემს კომპანიას არ აქვს, მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა. ეს ცვლილება ექსპორტზე და რეესქპორტზეც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის.

    ასეთი მდგომარეობა 7-8 წლის წინ იყო. ახლა ავტომანქანების რაოდენობა იმდენია, რომ სად გაიწოვება არც კი ვიცი. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან თავად დილერებიც. შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ტერმინალებში პრობლემების შექმნა მანქანების გამოყვანასთან დაკავშირებით და ვადების გადაწევა. 

    საკმაოდ დიდი დარტყმას მოახდენს ავტობიზნესზე. იგი მგძნობიარე მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ბაზარზე არ არის გათვლილი. დაახლოებით 60-70% არის რეექსპორტის წილი და თუკი ეს მაჩვენებელი დაიკლებს, ავტობიზნესი დიდი პრობლემის წინაშე დადგება”, - განაცხადა “რეზონანსთან” ელგუჯა ჯამაგიძემ. 

    სომხეთში შესული ავტომობილების უდიდესი ნაწილი საქართველოშია შეძენილი და, ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილება საქართველოზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

    კომპანია “იამოტოს” ხელმძღვანლის პაატა მაისურაძის დაუდასტურებელი ინფორმაციით, სომხეთში მოსალოდნელი ცვლილება ერთ წლით გადაავადეს, თუმცა ეს ბაზარზე უარყოფით გავლენას მაინც მოახდენს. 

    “მე რამდენადაც მაქვს ინფორმაციას ერთი წლით გადაწიეს ვადა, თუმცა რამდენად სწორია ვერ დაგიდასტურებთ. მიუხედავად ამისა, ბაზარზე მაინც აისახება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული სხვადასხვა მომსახურებით ავტომობილების რეექსპორტის კუთხით. 

    სომხეთში მანქანების გაყვანაში ქართულ კომპანიებს დიდი წილი არ უჭირავთ, ძირითადად სომხეთის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან დაკავებულნი. ასე რომ, ეს შეზღუდვა მათთვის უფრო ცუდი იქნება, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მცირე ასახვას ჩვენთანაც ჰპოვებს. ნებისმიერი რეგულაცია, საზღვრებს გარეთ იქნება, თუ საზღვრებს შიგნით, გარკვეული სახის ცვლილებებს ყოველთვის იწვევს, მათ შორის ფინანსურს, რომელიც ამ შემთხვევაში პოზიტიური ნამდვილად არ იქნება”, - აცხადებს “რეზონანსთან” პაატა მაისურაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×