სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აქციზი არ იზრდება, ლარი მყარდება და კომპანიები სრულიად უმიზეზოდ აძვირებენ პროდუქციას
    გვანცა წულაია
    24.12.2019

    თამბაქო ისევ გაძვირდა. ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, სიგარეტზე ფასის მატებას გაისადაც უნდა ველოდოთ. ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასმა თვენახევარში უკვე მეორედ მოიმატა. საუბარია “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა: “ფილიპ მორისი”, “პარლამენტი”, “მალბორო”, "ელემი”. ამჯერად ამ პროდუქციის ფასი 20 თეთრით გაიზარდა. 

    თამბაქოს პროდუქციაზე ფასი "ბრიტიშ ამერიქან თობაქომაც" გაზარდა. როგორც ამ კომპანიის კორპორაციული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, საქმე არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრენდს, არამედ ყველა დასახელების პროდუქციას ეხება.

    “ფასი გუშინ დილით გაიზარდა 20 თეთრით, თუმცა ეს გაძვირება საბოლოო არაა, შემდეგ წელს ფასები კიდევ აიწევს. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს. ჯერ 20 თეთრით მოიმატებს, შემდეგ კი - 20-30 თეთრით. ეს ყველაფერი გამოწვეულია არათანმიმდევრული პოლიტიკით და აქციზით. რა თქმა უნდა, ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. თუ პროცენტულ მაჩვენებლების მიხედვით განვსაზღვრავთ, 80-85% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10-15% კი - ინფლაციის და ლარის კურსის შედეგია”, - განუცხადა სხვიტარიძემ "ბიზნეს მედიას". 

    თამბაქოს ფასი წელს უკვე მეოთხედ გაიზარდა, რაც არც ერთ წელს არ მომხდარა. “პირველ ეტაპზე ზრდა 50 თეთრი იყო, მერე კიდევ 50 თეთრი, ხოლო შემდეგ 40 და 20-თეთრიანი ზრდა”, - დასძინა სხვიტარიძემ.

    ფასის მატება თითქმის ყველა დასახელების სიგარეტზე მოხდა და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც იგივე არ განმეორდეს. 

    გაძვირების ერთ-ერთი განაპირობებელი მიზეზი აქციზია, მას მოჰყვება ლარის კურსი. რადგან ამჯერად აქციზი არ გაზრდილა, საეჭვოა რა იწვევს სიგარეტის გაძვირებას? დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოზე ფასს კომპანები უმატებენ, რომ მათ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ.

    თამქაბოს გაძვირება უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ამის შემდეგ, მწეველები შედარებით იაფ პროდუტქზე - თუთუნზე გადავიდნენ, თუმცა ქვეყანაში ახლა მისი ფასიც იზრდება, რის გამოც მწეველები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. 

    დარგის სპეციალისტი ნიკო მჭედლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თამბაქოს გაძვირებას პირდაპირ კომპანიები ახდენენ, რადგან მათ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ. 

    “წელს აქციზი არ გაზრდილა და მე როგორც ვიცი, თვითონ კომპანიები აძვირებენ სიგარეტს. თამბაქოს ფასს აქციზი განსაზღვრავს და შემდგომ კომპანია, რომ რაღაც მოგება მიიღოს. უკვე 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 5 ლარია, რომელიც დახლებზე იყიდება. ზოგიერთი თამბაქოს ფასი 10 ლარამდეც ადის. 

    მინიმალურ ფასს აქციზი განსაზღვრავს, მასზე ქვევით ვერავინ ჩამოვა. მთავარი განმსაზღვრელი აქციზის სიდიდეა და რაღაც დანამატი, რომელიც კომპანიას უჯდება შემოტანის, წარმოებისა და პატარა მოგების სახით”. – განაცხადა “რეზონანსთან” ნიკო მჭედლიშვილმა. 

    კომპანია "ჯითიაი კავკასიის" კორპორაციული დირექტორი ივა ხასია ამბობს, რომ მათ პროდუქცია ჯერჯერობით არ გაუძვირებით. “რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენს სიგარეტებზე ჯერჯერობით ფასი არ მომატებულა და კონკურენტების შესახებ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ივა ხასიამ. 

    თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ თამბაქოს გაძვირება, მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა, ფაქტობრივად არ გამართლდა. "ეისითი იმპაქტის" კვლევაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თამბაქოს გაძვირების გამო, მოწევას მხოლოდ 5%-მა დაანება თავი. 

    “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტზე ფასი პერიოდულად იზრდება, რადგან ეს კომპანიების ინტერესებში შედის, რათა მწეველების “გაძარცვა” მოხდეს.  

    “თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულად უმატებს ხოლმე ფასს იმის გამო, რომ უფრო მეტი მოგება ნახოს და გაძარცვოს ჩვენი მოქალაქეები. ერთადერთი გონიერი გამოსავალი ისაა, რომ გავაკონტროლოთ თამბაქოს ინდუსტრია და უარი ვთქვათ ამ პროდუქტის მოხმარებაზე. 

    მწეველთა რაოდენობა, რომ მნიშვნელოვნად არ შემცირებულა ეს არის აბსურდული კვლევა, რომელიც არანაირ მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა. ამ ღონისძიებებს რომ არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ეს არასწორია”, - აცხადებს “რეზონანსთან” გიორგი ბახტურიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×