სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მდგომარეობა განსაკუთრებით სექტემბრიდან შეიცვადა და გამოსწორდა
    თამარ ვეფხვაძე
    23.12.2019

     ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში იმპორტის სტატისტიკა გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში ცვალებადი ტრენდით ხასიათდებოდა, საბოლოოდ ვითარება შეიცვალა და დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა, რასაც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაზრდილია.

    კერძოდ, იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 992,6 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით, ანუ 0,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 991,0 ათასი ტონა შეადგინა.

    მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილ იქნა 501,9 ათასი ტონა ბენზინი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3,8 ათასი ტონით, ანუ 0,8%-ით აღემატება. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით, ანუ 0,4%-ით). 

    ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ქვეყანაში დიზელის საწვავის აღურიცხავ იმპორტს მიიჩნევს, რასაც წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა და ამის გამო საიმპორტო მაჩვენებლები კლებსიკენ შეიცვალა.

    ,,მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, რისი მიზეზიც ჩვენი აზრით გახლდათ ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე  აღურიცხავი დიზელის საწვავის მოცულობა გაიზარდა. ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად, გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. თუმცა სექტემბრიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით, ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.

    ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

    საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 328,6 ათასი ტონა, ანუ 65,5%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 163,6 ათასი ტონა, ანუ 32,6%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა, ანუ 1,9%.

    რაც შეეხება ექსპორტიორებს, ლიდერი ქვეყნების სათავეში კვლავ რუსეთი მოექცა. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით იმპორტმა 297,6 ათას ტონას მიაღწია, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. შემდგომ პოზიციებს რუმინეთი და აზერბაიჯანი ინაწილებენ. კერძოდ, რუმინეთიდან იმპორტმა 276,6 ათასი ტონა (27,9%),  აზერბაიჯანი კი - 145,7 ათასი ტონა (14,7%) შეადგინა.  თურქმენეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 111,1 ათასი ტონაა (11,2%);   ბულგარეთიდან  - 85,5 ათასი ტონა (8,6%), ხოლო საბერძნეთიდან იმპორტი  55,3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც მთელი იმპორტის 5,6%-ია, თურქეთის შემთხვევაში - 1,9%,  რაც რაოდენობრივად 19,3 ათასი ტონაა. 

    ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის გამოყენება. 

    ,,ცნობილია, რომ დღეისათვის თხევადი აირი (ელპიჯი) გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, ასევე ავტომობილების გამართვის დანიშნულებით. წლების განმავლობაში მისი გამოყენება ხდებოდა, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. თუმცა მას შემდეგ, რაც გაზიფიცირების პროცესი ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა რეგიონსა თუ რაიონს შეეხო, თხევადი აირის მოხმარება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მნიშვნელოვნად შემცირდა. 

    თხევადი აირის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენების შემცირების პარალელურად იზრდება მისი მოხმარება ავტომობილების გასამართად, როგორც ბენზინის ალტერნატიული საწვავი. კერძოდ, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებელია და მისი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა მთბვრალაშვილმა. 

    ცნობისათვის, 3-4 წლის წინ გათხევადებულ აირის ავტომობილისთვის საწვავად გამოყენების რამდენიმე ასეული შემთხვევა იყო. მძღოლების მიერ გაკეთებული არჩევანი განპირობებული იყო მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობითბენზინთან მიმართებაში. კერძოდ, დღეისათვის 1 ლიტრი თხევადი აირის საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენს მიმდინარე ეტაპზე 1.30-1,35 ლარს, მაშინ როდესაც 1 ლიტრი ბენზინის რეგულარის ტიპის საშუალო ფასი არის 2,45-2,55 ლარი.

    თხევადი აირი მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ასევე ბუნებრივ აირს.

    ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობა, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას. დღეისათვის თხევადი აირის გასამართი სადგურების რაოდენობა 200 ერთეულს აღემატება და აღსანიშნავია, რომ ისინი ფაქტობრივად ბოლო 2-3 წლის მანძილზეა შექმნილი.

    2017 წელს საქართველოში გათხევადებული აირების (რომელიც შემოდის სხვადასხვა კოდებით) იმპორტმა შეადგინა 16,1 ათასი ტონა, 2018 წელს - 24,9 ათასი ტონა, ხოლო 2019 წლის 11 თვის განმავლობაში - 35,6 ათასი ტონა (რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს).

    "საქართველოში იმპორტირებული თხევადი აირის 70%-მდე სწორედ საავტომობილი გამართვისთვის გამოიყენება. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება კომერციული, სამშენებლო და სამრეწველო მიმართულებით.

    დღეისათვის თხევადი აირი, რომელიც არ გამოიყენება საავტომობილო გამართვისათვის, იბეგრება 120 ლარით ერთ ტონაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება, როგორც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ასევე კომერციული მიზნებისათვის. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართვის დროს რეალიზაციის შემდგომ დამატებით ხდება ტონაზე 180 ლარის გადახდა. 

    ჩვენი აზრით, მართებული იქნება, თუ თხევად აირზე შემოღებული იქნება ერთიანი აქციზური გადასახადი, რასაც მეწარმეები გადაიხდიან უშუალოდ პროდუქციის განბაჟების დროს. ეს თავიდან აგვაცილებს დამატებით რისკებს, რაც უკავშირდება გადასახადების დამალვას. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მნიშვნელოვანი თანხების დაკლებას და ასევე კეთილსინდისიერი მეწარმეების ინტერესების დაზარალებას. 

    ასევე ჩვენი აზრით,  მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროდუქტზე ვინაიდაინ ის არის ნავთობპროდუქტი დაწესდეს ხარისხობრივი სტანდარტი და ის იყოს სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი. 

    შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში თხევად აირზე მოქმედებს სტანდარტი, რომელიც  EN-589-ით არის ცნობილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×