"რას ნიშნავს რაღაც ნიშნულს ელოდებიან? მე არ მესმის"
თამარ მუკბანიანი
12.12.2019

ლარი ელვისებურ გამყარებას განაგრძობს. 13 დეკემბრისათვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.86-ია, ხოლო რეალური 2,83. სწორედ ვალუტის სიმყარეა იმპორტდამოკიდებულ ქვყანაში ფასების განმსაზღვრელი. მსხვილი იმპორტიორები კი ამ ეტაპზე ფასის კლებას  მხოლოდ, პირველადი მოხმარების, სწარაფად გაყიდვად საქონელზე ვარაუდობენ, ხოლო დანარჩენ პროდუქტის გაიაფება რომ დაიწყოს, ლარი 2.70-ზე მაინც უნდა დასტაბილურდეს.  

,,ოცნების” ხელისუფლების პრობლემა, ვალუტის სტაბილურობა. განსაკუთრებული პრობლემა 20-21 ივნისის შედეგ გახდა და ლარმა ყველა ანტირეკორდიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაამყარა. შედეგი მაღალი ინფლაციაა, რომლის მოთოკვაც ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეუსრულებელ ამოცანად იქცა. ბოლო სამი დღის განმავლობაში კურსის სტაბილურობამ იმედი გააჩინა, რომ გაძვირებული პროდუქციის ფასიც დაიკლებს. 

მედიკამენტებისა და საკვების გაძვირებამ მოსახლეობის ისედაც რთული მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმა. მიუხედავად ბოლო დღეების პოზიტიური ტენდენციისა, იმპორტიორების ნაწილი კლების პერსპექტივას მოკლე პერიოდში ნაკლებად ხედავენ. 

"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ივა ჭყონია ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პირველადი მოხმარების (სწრაფად ლიკვიდურ) პროდუქტზე, კურსის ცვლილება მალევე აისახება, ხოლო დანარჩენ პროდუქციაზე, ხანგრძლივი გამყარების შემთხვევაში.  

"ვისაც ჰგონია, რომ ლარი გამყარდა, მინდა ავუხსნა, ეს პერიოდი დროებით დასტაბილურებას ნიშნავს. იმ ფონზე, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეიცვალა, ბოლო სამი თვის განმავლობაში 150 მლნ-მდე დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა და კვლავ დაახლოებით, 2.90-ის ნიშნულთან ტრიალებს ლარი, ამას გამყარება არ ჰქვია. ვისაც ეს არ ესმის, არ იცის და არის ბედნიერი გუშინდელი დღით, მათთვის ვამბობ. ვისურვებდი, რომ ახლანდელი ნიშნული შეგვენარჩუნებინოს, მაგრამ ეს გამყარებას არ ნიშნავს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სტაბილურობა და არ გამოიწვევს ფასების ქვემოთ და ქვემოთ წამოსვლას. 

იმ პროდუქტზე, რომელიც პირველადი მოხმარებისაა და სწრაფად ლიკვიდური, შესაძლებელია გაიაფება, დანარჩენი კი მხოლოდ თებერვლის ბოლოდან შეიცვლის ფასს, თანაც თუკი ლარი 2.70-იან ნიშნულს ჩამოსცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც მესამედ მოხდა. ეს არ არის ეკონომიკაში ფუნდამენტური სიმყარით გამოწვეული და შესაბამისად, ბიზნესს არ უჩენს სანდოობას. წინა წლებშიც მომხდარა იგივე და მერე მხოლოდ გაუფასურებას ვხედავდით", - განაცხადა ჭყონიამ. 

მისივე თქმით, აუცილებელია, პროცესში ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ჩაერთოს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად შეძლებს სებ-ი ლარის გამყარებას, ვერავინ იტყვის. 

"თუკი ქვეყნის ეკონომიკური გუნდი არ ჩაერთო აქტიურად, თუ არ განვითარდა ბიზნესი და ადგილობრივი წარმოება, არ ჩამოყალიბდა  სტაბილურობას განცდა ქვეყანაში, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, არაფერი არ შეიცვლება. ახლანდელი ვითარება აისახა კიდეც  ინვესტიციების მოცულობაზე, რაც მეორე კვარტალში 50%-ით არის შემცირებული“, - განუცხადა "რეზონანსს" ივა ჭყონიამ.

ამ ეტაპზე, ფასის რაიმე ტიპის შეცვლაზე საუბარი უჭირს, კომპანია ,,დუს” დამფუძნებელ, დავით გოგიჩაიშვილს. იმპორტიორი, აცხადებს, რომ რამდენიმედღიანი დასტაბილურება ბიზნესს არ უჩენს სიმყარის და მომავლის დაგეგმვის შანს, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე. 

,,ჯერ მხოლოდ რამდნიმე დღეა, რაც ლარმა შედარებით გამყარება დაიწყო. იმპორტიორის და პროდუქციის შემდგომი გამსაღებლის ინტერესიც ყოველთვის დაბალი ფასია, რადგან ეს ზრდის მსყიდველუნარიანობას; მაგრამ ისეთი მძიმე გამოცდილება გვაქვს ლართან მიმართებით, რომ რამდენიმედღიანი დასტაბილურება გრძელვადიან გეგმებზე საუბრის შანსს არ იძლევა. რასაკვირველია, თუ ლარი გამყარებას განაგრძობს, ფასი დაიწევს, რამდენით ეს დროის საკითხია”, - აღნიშნა იმპორტიორმა. 

კურსის ნებისმიერი ცვლილება აისახება პროდუქციის ფასზე, - ასეთია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციების პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის დამოკიდებულება. მისი აზრით,  თავად ბიზნესი წყვეტს, რა დროში და რამდენად ასახავს ფასის ცვლილებას მომხმარებლისათვის. 

"ნებისმიერი გამყარება რა ნიშნულითაც უნდა იყოს, პროდუქციის ფასზე უნდა აისახოს. თუკი რაღაცის შეძენა 5000 ლარი ჯდებოდა და დღეს 4 800 ლარი ჯდება, რას ნიშნავს რაღაც ნიშნულს ელოდო? მე არ მესმის. კონკურენტული ბაზრის პირობებში, მისაღებია ბიზნესის დამოუკიდებელი ქცევა. ამ შემთხვევაში კი, თუ პროდუქცია არ გაიაფდება, ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს, რომ ბიზნესმა დღემდე რაც იზარალა, იმის დაბალანსებას ცდილობდნენ.  

სხვა თანაბარ პირობებში, კურსის ყველა ცვლილება, პირდაპირ აისახება ფასზე, თუ დიდი მარაგი არ არსებობს, რაც ჩვენთან ნამდვილად არ არის ხოლმე. მატება უფრო პრობლემაა ამ მხრივ, ვიდრე კლება”, - აღნიშნა ჭელიძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×