სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს იყო პროვოკაცია, რომ მსხვილი მეწარმეები კიდევ უფრო გაემდიდრებინათ"
    ირაკლი ლომიძე
    21.10.2019

     საქართველოში ესტონური მოდელის შემოღებამ ვერ გაამართლა. სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული პრივილეგიით რეალურად მხოლოდ მსხვილმა ბიზნესმა იხეირა, საწარმოები ვერ განვითარდნენ და ბიუჯეტს კი მილიონობით ლარი დააკლდა. ეკონომისტების განცხადებით, ესტონური მოდელი ბიუჯეტს ყოველწლიურად 600-800 მილიონი ლარი უჯდება და შედეგი, ფაქტობრივად, არ გვაქვს.

    სპეციალისტების თქმით, ესტონური მოდელის მორგება ქართული რეალობისთვის თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო და მიდგომა უნდა გაუქმდეს, ხოლო მოგების გადასახადი სრულად დაუბრუნდეს ბიუჯეტს. 

    საკანდელიძე ეჭვობს, რომ მსხვილი მეწარმეები მოგების გადასახადისაგან გამოთავისუფლებულ თანხას (ჯამში სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ 800 მილიონ ლარს) მიზანმიმართულად ბიზნესის გასაფართოებლად არ იყენებენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ესტონური მოდელით, 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტიდან ამოღებული გადასახადიდან ბიზნესებში რეინვესტირებული იქნა მხოლოდ 100 მილიონ ლარამდე, შემდეგ 2 წელიწადში გაზრდის ნაცვლად, რეინვესტიცია თანდათან კიდევ უფრო შემცირდა და ამჟამად დაახლოებით 20-მილიონ ლარს შეადგენს.

    ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ რეინვესტირებული მოგების გადასახადით, მთავრობაში წარდგენილი ბიზნეს-გეგმის გრაფიკის მიხედვით თუ ვინმე მართლა რეალურად აფართოებს ბიზნესს, მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლოდ მას უნდა მიეცეს დამთავრების საშუალება. 

    ,,ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ესტონური მოდელი ქვეყნის სასარგებლო რაიმე ეკონომიკური რეფორმა არ ყოფილა. ეს იყო პროვოკაცია, რომ მსხვილი მეწარმეები კიდევ უფრო გაემდიდრებინათ. 3 წელიწადია პროექტი მიმდინარეობს და ბიუჯეტს იგი ყოველწლიურად 800 მილიონი ლარი უჯდება. დადებითი შედეგი არ გვაქვს და უარყოფითი კი მრავალია. 

    მაგალითად, ბიუჯეტიდან ამოღებული 800 მილიონი ლარის შესავსებად საწვავზე და სიგარეტებზე აქციზებისა და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების 20%-იანი გაზრდით ისედაც დამშეულ-გაღატაკებული მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად დამშევა-გაღატაკება, გაძვირებული საწვავისა და, განსაკუთრებით, სიგარეტის ბიზნესების კიდევ უფრო ღრმა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა. ამ დროს, თბილისის ჩათვლით, მთელ საქართველოში უსაშველოდ გაძვირებული სიგარეტები მალულად პირდაპირ ჩანთებიდან იყიდება. ამის გამო ჩრდილოვანი ეკონომიკა კიდევ უფრო გაზრდილია და უფრო ასუსტებს ისედაც გაუბედურებულ ჩვენს ეკონომიკას. ამ დროს ესტონური მოდეილით სარგებელს იღებენ მხოლოდ მსხვილი მეწარმეები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავენ", - აცხადებს საკანდელიძე. 

    მას ეჭვი ეპარება რამდენად შეესაბამება კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ვითომ ესტონური მოდელი მსოფლიოში აღიარებულ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ესტონეთში დიდი წარმატებით განახორციელა გამოჩენილმა ეკონომისტმა მარტ ლაარმა. ამ რეფორმებმა კი ყველაზე უფრო შეუწყო ხელი ქვეყანაში მცირე მეწარმეობის არნახულ აღორძინებას!

    ,,2-წლიანი პროგრამა უკვე 4 წელია, რაც ამოქმედებულია, მაგრამ პრაქტიკული ეკონომიკური შედეგები ნულია. გარანტირებული ნულოვანი შედეგებით დასრულდება 2020 წელს 5-წლიანი პროგრამაც და ათეული მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხები აღმოჩნდება წყალში გადაყრილი, რადგან დიდი ეჭვით საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საკანდელიძე.

    ესტონური მოდელის სიკეთეს ვერაფერში გრძნობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილიც, მაგრამ იგი სხვაგვარად აყენებს საკითხს. იგი მომხრეა, მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმდეს და იქვე აქცენტს საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე აკეთებს. აუდიტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უპრეცენდენტოდ მაღალი საშემოსავლო გადასახადია, რომელიც მინიმუმ უნდა განახევრდეს.

    ,,რამდენი უჯდება მთავრობას მოგების გადასახადი, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა მოგების გადასახადიდან შემოსავალი, რომელიც ესტონური მოდელის ამოქმედებამდე იყო, 900 მილიონია. აქედან 1/3 საავანსო გადასახდელების სახით ფიქსირდებოდა, რომელსაც მომდევნო წელს არ გადაიხდიდნენ. იმ წელს, როცა ესტონური მოდელი ამოქმედდა, მთავრობამ დაგეგმა 600 მლნ ლარის შემოსვლა მოგების გადასახადიდან. პრაქტიკულად, შემცირება არ იგეგმებოდა. მით უმეტეს, რომ ზუსტად იმ წელიწადს საშემოსავლო გადასახადებში შემოსავალი 0,5 მლრდ ლარით გაიზარდა, ამიტომ ბიუჯეტს ეს პროექტი ძვირი არ უჯდება. 

    თავიდანვე ამ მოდელის წინააღმდეგი ვიყავი. საერთოდ კი, მომხრე ვარ, რომ მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმდეს, უნდა არსებობდეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ასევე შესამცირებელია. 20%-იანი გადასახადი საქართველოსთვის მძიმეა. საშუალო ევროპული მშპ 1 სულ მოსახლეზე 35-40 ათასი დოლარის ეკვივალენტია. საქართველოში ეს მონაცემი 3000-4000 დოლარს შეადგენს, ანუ 10-ჯერ ნაკლებია. ამიტომ 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მძიმე ტვირთია, 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ნაკლები იქნება, კიდევ უკეთესია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" შავიშვილი.

    რაც შეეხება აქციზის გადასახადს, აუდიტორი ფიქრობს, რომ ზრდა ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯის მატებას უკავშირდება, რის საკომპენსაციოდაც აქციზი გააძვირეს.

    ,,სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვანაირად სარგებლობს ესტონური მოდელით. რა თქმა უნდა, ამ სქემაში მონაწილეობა უკეთესია მსხვილი ბიზნესისთვის, რომელიც მთელ მოგებას დივიდენდად არ ანაწილებს. ის კაპიტალიზაციას უკეთებს მოგების დიდ ნაწილს, კაპიტალში შეაქვს და უმცირდება მოგების გადასახადი. ცხადია, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ეს არ ეხება. 

    ისიც უნდა ითქვას, რომ ესტონური მოდელის მოქმედების გამო, ბიუჯეტში 300-მილიონიანი კლება ორჯერ დაბალანსდა საშემოსავლო გადასახადის მატებით. ამიტომ აქციზი ამ მიზნით არ გაზრდილა. ეს გადაწყდა იმიტომ, რომ გაზრდილი სოციალური ვალდებულებების გამო, ხელისუფლებას მეტი ფული სჭირდებოდა და ამასთან, აქციზი კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი გადასახადი, იყო, რომლის გაზრდაც შეიძლებოდა. სხვა გადასახადს ვერ გაზრდიდნენ და ჯერჯერობით ასეა, აქციზების განაკვეთის მატებას სწორედ ამიტომ ცდილობენ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" შავიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×