სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირაკლი ლომიძე
    21.10.2019

     საცხოვრებელ სახლებში გაზის აფეთქების რისკი მატულობს. გამკაცრებულმა კონტროლმა და რეგულაციებმა მდგომარეობას ვერ უშველა, პირიქით, პრობლემა იგივე დარჩა. წინ უმძიმესი ზამთარი გველის, რადგან გაზის გაჟონვის საფრთხე თითქმის ყველგანაა, სადაც მოსახლეობა ბუნებრივ აირს მოიხმარს. ქვეყანაში კი არ არის ისეთი უფლებამოსილების ზედამხევდელების სამსახური, რომელიც კერძო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას აიძულებს. ამასობაში კი თბილისსა და თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაზის აფეთქების შედაგად ინგრევა შენობები და ადამიანები იღუპებიან.

    მთავრობა გამოსავალს რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე პარლამენტს წარედგინება. საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. ამდენად, როგორც თურნავა აღნიშნავს, საფრთხე, რომ ოჯახებში გაზის დანადგარების არაკვალიფიციური ადამიანები დაამონტაჟებენ, მოიხსნება, მაგრამ რა ეშველება იმას, რაც უკვე დამონტაჟებულია?

    სპეციალისტებისთვის რეგულაციების სიმკაცრე მიუღებელია. როგორც ეკონომისტი, ,,ყაზტრანსგაზი თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო სიმონიშვილი ამბობს, რეპრესიული ღონისძიებებით, რა გზასაც ქვეყნის მთავრობა დაადგა, გამოსავალი ვერ მოიძებნება. გაზის მილების უმეტესობა ამორტიზებულია. მართალია, შიდა გაყვანილობის მხრივ უკეთესი ვითარებაა, მაგრამ ხალხმა არ იცის გაზის მოხმარების წესები და ელემენტარულ ინფორმაციას არ ფლობს.

    ,,გაზგამანაწილებელი კომპანიები, მარეგულირებელი და მთავრობა პრობლემას ჯეროვნად ვერ აფასებენ. შესაბამისად, მცდარი მიმართულებით მიდიან და შედეგი სახეზეა. სამწუხაროდ, გაზის აფეთქების შემთხვევები მოიმატებს. გამოსავალი არ არის რეპრესიული ღონისძიებები, გამაცხელებლების ჩაჭრით ფაქტის პრევენციას ვერ მოახდენენ. ყველა ტექნიკას აქვს ექსპლუატაციის წესები, რაც მათ განუხრელ დაცვას საჭიროებს. ელემენტარულად საკმარისია, რომ სარკმელი იყოს ღია და გაზი არ აფეთქდება, მაგრამ თბილისელების უმეტესობა დაგმანულ სახლებში ცხოვრობს. ვენტილაცია არ ხდება და ოთახში დაგროვილი გაზი გარეთ ვერ გადის, ამაშია მთელი პრობლემა. იქ, სადაც გაზი გროვდება და გარკვეული პროპორციით შეერევა ჰაერს, იწვევს აფეთქებას, ძალიან დიდია ამის ალბათობა. 

    სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს არანაირი ნორმები და რეგულაციები ამ თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი გააუქმა სააკაშვილმა და არც ამ ხელისუფლებას უფიქრია მათი აღდგენა. ასეთი დაზიანებული და ძველი ქსელის მოქმედება დაუშვებელია საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე. რეალურად ძალიან ბევრ ადგილას ჟონავს გაზი თბილისში. მანამდეც ჟონავდა და ახლაც ჟონავს, თუმცა ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო ვერ ვგრძნობთ", - აცხადებს სიმონიშვილი და სოციალური რეკლამის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ვარაუდით, აფეთქების რისკს საგრძნობლად შეამცირებს.  

    ,,2008-09 წლამდე არსებული კანონმდებლობით, ბინებში გაზის ტექნიკის გამართულობას კომპანიის თანამშრომელი ამოწმებდა, ახლა მრიცხველი გარეთაა გატანილი და შიგნით რა ხდება, კაციშვილმა არ იცის. გაზის მოხმარება კი სპეციალისტების მხრიდან სპეციალურ ინსტრუქტაჟს საჭიროებს, რომ შემთხვევის აცილება ოჯახებში შესაძლებელი გახდეს.  თავად კომპანიისთვის, ქვეყნის ხელისუფლებისთვის არაერთი შემთხვევა იყო გამაფრთხილებელი, რომ აუცილებელია მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამა. 

    პირველ რიგში, აუცილებელია სოციალური რეკლამის როლი გაძლიერდეს. რეგულაციებით ხალხის მდგომარეობაა დაამძიმეს და კიდევ უფრო გააუარესეს. დაუდევრობაც ნაკლები იქნება, თუკი ადამიანს გაზის მოხმარების წესები ეცოდინება, ელემენტარულად, სარკმელს არ დაგმანავს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინონ, რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებენ", - აცხადებს სიმონიშვილი. 

    ცალკე პრობლემაა ის, რომგაზის შემადგენლობაში ოდორანტის დამატებას თავს არიდებენ ან ამ მეთოდს იმდენად იშვიათად მიმართავენ, რომ ეფექტის მიღწევა რეალურად შეუძლებელია. ინჟინერი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე აფეთქების მიზეზად ერთი ქსელით მომარაგებულ გაზგასამართ სადგურებსა და მოსახლეობას მიიჩნევს. ეს ძირითადი მიზეზია, რის გამოც არ ემატება ნივთიერება ოდორანტი ბუნებრივ აირს და მას სუნი საერთოდ არ აქვს.

    ,,ზამთარი არ დაწყებულა და გაზის მასშტაბური აფეთქების შემთხვევა უკვე გვაქვს. პრობლემის პირველი და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ოდორანტი არ ემატება გაზს. ეს არის ნივთიერება, რომლესაც აქვს მძაფრი სუნი და გაჟონვის შემთხვევაში ადამიანი ადვილად ხვდება, რომ საფრთხეშია. მეორე პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე, ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები. 

    მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი გზით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე ,,იდგა" და ეს ნორმად მიიჩნეოდა, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტი, ამიტომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონ ბარამიძე.

    ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილი კი ამბობს, რომ საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება და აფეთქებას იწვევს. მილების შემაერთებელი გადამყვანების ხარისხი კიდევ ცალკე პრობლემაა, რადგან დაქსელვაზე პასუხისმგებელ კომპანიას ისეთი მასალის გადამყვანები აქვს შეძენილი, რომელიც მალე ზიანდება და გაჟონვის საფრთხის მატარებელია.

    „არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ პოლიეთილენის მილები არ გამოიყენება გაზმომარაგებისთვის. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ე.წ სნიპში ნათლად წერია: ეს მილები არ გამოიყენება გვირაბებში, საცხოვრებელ შენობებში და იმ ადგილებში, სადაც ადამიანი იმყოფება", - აცხადებს ჭაღიაშვილი.

    გარდა ამისა, გამრიცხველიანების პროცესში იყენებენ პოლიეთილენის მილებს და ფიტინგებს, რომელიც დღეს მოქმედი ნორმატივებით აკრძალულია. მეტიც, ეს კონკრეტული მილები, საქარხნო მწარმოებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთოდ არ გამოიყენება გაზმომარაგებისათვის.

    „პოლიეთილენის მილებით და ფიტინგებით სადრაბაზოებში გატანილი მრიცხველების გაყვანილობაზე, დროთა განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს. მოწყობილობებში არსებული რეზინები შრება და შედეგად გაზი ჟონავს. გლდანის და თბილისის სხვა რამდენიმე რაიონებისათვის რომელიც შეიქმნა საბჭოეთის ბოლო წლებში, გაზმომარაგება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. იქ მოსახლეობა მხოლოდ ელენერგიით სარგებლობდა, თუმცა 90-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოში გაზმომარაგება აღდგა, გარეუბნებშიც მოახდინეს ქსელის გამართვა, მახინჯი ფორმით კორპუსები და ქუჩები დაქსელეს მიწისზედა ლითონის გაზგაყვანილობით. ამ პროექტების განხორციელებაშიც არის დარღვეული ინჟინრული და საპროექტო ნორმები. სწორედ ამიტომ თბილისის გარეუბნებში ხშირია აფეთქებები, რადგან საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა“,- აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭაღიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვინმემ ხომ უნდა მოტვინოს   (21.10.2019)
    სანამ არ აღდგება საქვაბე მეურნეობები, პრობლემები არ გადაიჭრება.ვერანაირი სხვა ღონისძიება საქმეს ვერ უშველის.ეს ხომ ცხადზე ცხადია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×