სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეს იწვევს არა მარტო ხალხის გაღატაკებას, არამედ ეკონომიკის ნგრევას და ლარის გაუფასურებასაც კი
    თამარ მუკბანიანი
    21.10.2019

     შემაშფოთებელი ტემპით იზრდება ფულის გათეთრების მაღალი რისკის შემცველი აზარტული თამაშების ბიზნესი. ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ აშშ დეპარტამენტიც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. გარდა ფულის გათეთრებისა, ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი პრობლემა არარეზიდენტი პირების მფლობელობაში არსებული კაზინოები. სწორედ ამ გზით გაედინება დოლარი ქვეყნიდან და ეკონომიკაზე იოტისოდენადაც აარ აისახება წელიწადში 8 მლრდ ლარით გაზრდილი ბრუნვა.

    2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

    თუ, 2008 წელს  მხოლოდ 70.7 მლნ ლარი შეადგინა, 2018 წელს უკვე 13,806 მლრდ ლარია. 

    ჯერ არ გამოქვეყნებულა 2019 წლის მონაცემი, თუმცა ზრდა რომ კვლავ კოლოსალური იქნება, აზარტული თამაშების რეკლამის მასშტაბიც აჩვენებს, რომლის რეგულირებასაც "ქართული ოცნება" ზუსტად იმდენი წელია მყისიერად გვპირდება, რამდენი წელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან გავიდა. დაპირებაც მხოლოდ საპარლამენტო დონეზე ისმის. ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, არც ერთ პრემიერს, არც კი უხსენებია სათამაშო ბიზნესის რამე სახით შეზღუდვის საკითხი. გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძე ხელისუფლებაში ეკონომიკური პოლიტიკის გაჯანსაღების დაპირებით მოვიდნენ და ამ მიზნით დგამდნენ ნაბიჯებს, თუმცა დუმილის პრაქტიკა მაშინაც და ახლაც ძალაშია.

    ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგს აქვს (43,2%). ამის მიუხედავად, სანამ ხელისუფლება დუმს და მინიმალურ ცვლილებასაც კი ვერ ახორციელებს ბაზრის რეგულირებისათვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა, თემაზე „ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგია“, რომლის ერთი თავიც საქართველოსაც ეთმობა. 215-გვერდიანი დოკუმენტში ასევე ხაზგასმით წერია, რომ შემაშფოთებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის სწრაფი ზრდა.

    „საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს. დღეს საქართველოში 140 კაზინო ფუნქციობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ სათამაშო ინდუსტრია და მასში გათეთრებული ფულია ქვეყანაში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის და შესაბამისად, გაუფასურებული ლარის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც, რაც, როგორც წესი, გაუფასურების მიზეზებში არასოდეს მოიხსენება და შესაბამისად, მასთან ბრძოლაც არ მიიჩნევა საჭიროდ. 

    ამ ფორმით განვითარებულ სათამაშო ბიზნესს, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კოლონიალურ ეკონომიკას უწოდებს,  რომელიც სათამაშო ბიზნესის რეკლამის რეგულირების ერთ-ერთი ინიციატორია და ამბობს, რომ მხოლოდ ამ კანონის ცვლილება ვერ იქნება საკმარისი. არა მხოლოდ 18 წლამდე მოზარდების, არამედ სრულწლოვანი, უკვე თამაშში ჩართული პირების თამაშის შეზღუდვაზეც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. 

    ,,ასე იყო კუბაში რევოლუციამდე, როცა კუნძული სათამაშო ბიზნესის და გართობის მომსახურე ქვეყნად იყო ქცეული. ასე და ამ ფორმით მხოლოდ კოლონიალისტური ქვეყნების ეკონომიკა ვითარდება. ტრაგედიაა, რომ ეს სფერო გახდა ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სფერო. ეს არის უმწვავესი ოჯახების და ერისათვის ამიტომ არ შეიძლება ეს რეგულირდებოდეს 18 წლამდე და მერე აღარ, როგორც დღეს მიდის საუბარი. სინამდვილეში, აუცილებელია, უკვე ჩართული და ამაზე დამოკიდებული ადამიანების დაცვა. 

    ეს ბიზნესი, გასართობი არ არის ჩვენთან. ეს არაერთი ადამიანის "იმედია", რომ სოციალურ სიდუხჭირეს შეიმსუბუქებენ და უფრო დიდ ჭაობში ეფლობიან. ამიტომ აუცილებელია, ვინც უკვე ჩართულია, იმ ადამიანების შველაც. 

    არჩევნები მოდის და ახლა არაერთს გაახსენდება ეს თემა ამიტომ ახლავე უნდა მოვითხოვოთ, თორემ მთავრობის კარზე ამ ბიზნესის გავლენა რომ გაძლიერებულია, ყველამ ვიცით. ეკონომიკის სხვა დარგებშიც იზრდება მათი წილი", - ამბობს დეპუტატი ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.

    ნაცვლიშვილი ასევე ქვეყნიდან გასულ თანხებზეც საუბრობს. საჭიროა კონკრეტული კვლევა და ციფრები, სად ფლობენ არარეზიდენტი პირები ბიზნესს და რამდენი თანხა გადის, შესაბამისად, რა წილი აქვს ლარის გაუფასურებაში აღნიშნულ სფეროს.

    ,,ძალიან რთული და ძალიან დამალული სფეროა, ამიტომ კონკრეტული ციფრების გარეშე რთულია საუბარი, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, ბიზნესის რა წილია არარეზიდენტი პირების და რამდენი დოლარი გადის ქვეყნიდან. როგორ მოქმედებს ეს ვალუტის გაუფასურებაზე. როცა უცხოელები ფულს ხარჯავენ სათამაშო ბიზნესში, ისიც რჩება თუ არა ქვეყანაში”-ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

    ფულის ქვეყნიდან გადინების კომპონენტზე საუბარი უჭირს, თუმცა დარწმუნებულია რომ შავი ფული სწორედ ამ გზით თეთრდება აფბა-ს ანალიტიკოსი, ზურა კუკულაძე. იგი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა ონლაინ კაზინოებია. 

    ,,არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკავშრმაც, არაერთხელ თქვა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი, მათი არანორმალურად გაზრდილი მოგება და დერეგულირებული სფერო, ფულის გათეთრების ეჭვს ადასტურებს. ეს თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. უნდა ითქვას, რომ რეალური კაზინოები, მხოლოდ პრობლემის 5%-ს ქმნის და ძირითადი საფრთხე ონლაინ სივრცეა. რასაკვირველია ორივე ფულის გათეთრების წყაროა, მაგრამ გაცილებით ადვილი და ინკოგნიტოდ მოსაგვარებელია ეს ონლაინ კაზინოში, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი თერთმეტნიშნა ციფრების კომბინაციით შეგიძლიათ დარეგისტრიტდეთ ისე როგორც სრულწლოვანი, რომ პრობლემა არ შეგექმნათ. 

    იმის გარდა, რომ ასე არაერთი სრულწლოვანი ახერხებს ჩაერთოს აზარტულ თამაშებში, ხდება ფულის გათეთრებაც ისე, რომ არ რჩება არავითარი კვალი. ამ ბიზნესის მოგების გაზრდილი მასშტაბი კი უფრო აღრმავებს ყველა ეჭვს და კითხვის ნიშანს. არ შეიძლება 300 და მეტი პროცენტით ჯანსაღ გარემოში რამე ბიზნესი იზრდებოდეს, რომელიც ახალიც არ არის. უბრალოდ გამორიცხულია”, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” კუკულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×