სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გაზრდილი ბიუჯეტი თითქოს არის სიკეთე, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ველოდოთ, უარყოფით გავლენას ინფლაციაზე"
    რეზონანსი
    17.10.2019

     საარჩევნო, პოპულისტური, არაპროფესიონალური - ასე აფასებს ოპოზიცია და საექსპერტო წრეების ნაწილი 2020 წლის ბიუჯეტს, რომელიც მთლიანად სოციალურია და ამიტომაც ხარჯვითი ნაწილი უპრეცენდენტოდ გაზრდილია. ახლა მთავარი კითხვა არის რა უარყოფით გავლენას მოახდენს საფინანსო ბაზარზე და ეკონომიკაზე უზარმაზარი სოციალური ხარჯი, რომელსაც არ ახლავს რეალური სექტორის განვითარება და მხოლოდ პენსია-ხელფასების ზრდაზეა აქცენტირებული. 

    ჯამში 2020 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 1 120 000 000 ლარით ზრდა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილიც სოციალური ხარჯებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

    ხელისუფლებაში, რასაკვირველია, არ იზიარებენ კრიტიკას და ამბობენ, რომ როგორც უნდა მომხდარიყო ხარჯის ზრდა, მაინც ვერ ასცდებოდნენ მსგავსი სახის სპეკულაციებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უკმაყოფილოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საარჩევნო წელს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებისგან. დეპუტატის აზრით, ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით.

    „არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები - ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი, როგორ აფასებენ ამ ინიციატივას", - განაცხადა ზოიძემ.

    ერთბაშად გაზრდილ ხარჯვით ნაწილს რომ უარყოფითი გავლენა ექნება ინფლაციასა და ლარის გაცვლით კურსზე, ეჭვი არ ეპარება ანალიტიკოს რამაზ გერლიანს. ხელისუფლებას ხარჯები ეტაპობრივად უნდა გაეზარდა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედით.

    ,,როცა ბრუნვაში მყოფი ფულადი მასა იზრდება, მას ყოველთვის უარყოფითი გავლენა აქვს ინფლაციაზე. ახლაც, გაზრდილი ბიუჯეტი თითქოს არის სიკეთე, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ველოდოთ, უარყოფით გავლენას ინფლაციაზე. ზოგადად კარგია, როცა ხარჯვით ნაწილში სოციალური მიმართულებები იზრდება, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ყოველწლიურად და პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონოდა. ამიტომ აღარც ექნებოდა დიდი უარყოფითი გავლენა.

    თუ შევაჯამებთ იმ დღიდან როცა დაიწყო 20 ლარით პენსიის ზრდა, მივიღებთ შედეგს, რომ ის ინფლაციას ვერ ეწევა. რეალურად ზრდას ანაზღაურების ნაწილში არც კი აქვს ადგილი, ეს სამწუხარო რეალობაა ამჟამინდელი ინფლაციის ფონზე”, - ამბობს ,,რეზონანსთან” გერლიანი.

    2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ეს არის გეგმა ბიუჯეტისა, რომელიც მთავრობის განცხადებით სოციალურ მიმართულებაზე და ადამიანის კეთილ დღეობაზეა ორიენტირებული. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმარებას არჩევნებს არ უკავშირებს. 

    "არჩევნებთან არაფერ კავშირშია ამ ადამიანებისთვის ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ამიტომ ძალიან სუსტი მგონია მოწინააღმდეგეთა არგუმენტი. ეს ყველაფერი დადებითი კუთხით უნდა განვიხილოთ. 2020 წლის ბიუჯეტი არის ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელი და ამ ბიუჯეტმა მისცა მთავრობას საშუალება, რომ ყველა ჯგუფის ინტერესი დაკმაყოფილებულიყო. 

    აქედან გამომდინარე, შეფასება, რომ ბიუჯეტი მხოლოდ არჩევნებთანაა კავშირში, არის სრული სისულელე. ეს ადამიანები იმსახურებენ ხელფასების ზრდას, რადგან მათზე დგას მთელი ქვეყანა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა განათლება და ა.შ." - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×