სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თბილისელებს პროდუქტების გაძვირება დიდ თავსატეხს უქმნის
    ქეთი თოდუა
    23.09.2009

    საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები - რა პრობლემამ შეიძლება შეაწუხოთ ზამთრის განმავლობაში. იჭერენ თუ არა ისინი წინასწარ თადარიგს სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
    მარინა მიქაიას ზამთრის პერიოდში ყველაზე მეტად გათბობის საკითხი აღელვებს. ბუნებრივი აირით გათბობა საკმაოდ ძვირი უჯდება, სხვა იაფიან ალტერნატივას კი მარინა კავთელაძე ვერ ხედავს:
    "გათბობა ჩემი ოჯახისათვის საკმაოდ პრობლემატური საკითხია. როგორც კი სიცივეები მოახლოვდება, მაშინვე ვიწყებთ ფიქრს ზამთარში რითი გავთბეთ. გასული ორი წელი ბუნებრივი აირით ვთბებოდით. ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. თვეში 150 ლარს მაინც ვიხდიდით. წელს უფრო იაფიანი საშუალება გვინდა მოვიფიქროთ. შეშაზე ფიქრი ზედმეტია. ჯერ ერთი, რომ თბილისში შეშით გათბობა ძალიან არაპრაქტიკულია და მეორეც, შეშა საკმაოდ ძვირიცაა.
    ვფქრობთ, ახალი, იაფიანი გამათბობელი მაინც ვიყიდოთ, რომელიც ცოტა გაზს წვავს. მეზობლების, ახლობლების რეკომენდაციას ველით ამ საკითხზე. ყველას სხვადასხვა გამათბობელი აქვს და იმედია შედარებით ეკონომიურ საშუალებას გამოვნახავთ.
    წლეულს გათბობაზე ეკონომიის გაკეთება მოგვიწევს. 150 ლარი მარტო გაზში რომ გადავიხადოთ, სხვას ვეღარაფერს ვეღარ მოვახერხებთ", - ამბობს მარინა კავთელაძე.
    შაქრის გაძვირებამ ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. მურაბებისა და კომპოტების მოხარშვისათვის საკმაოდ ბევრი შაქარი არის საჭირო. ამ პროდუქტის სიძვირის გამო კი ბევრმა თქვა უარი ზამთრისათვის მურაბების მომზადებაზე.
    ნანული მიროტაძე ზამთრისათვის ყოველთვის ბევრ მურაბას აკეთებდა. ამ ზამთრისთვის მისი მარაგი საგრძნობლად შემცირებულია: "შაქარი ძალიან კრიტიკულ პერიოდში გაძვირდა. მურაბების ხარშვის პერიოდში ყოველთვის იმატებდა ფასი, მაგრამ ასე ძალიან - არასოდეს. ჩვენთან ერთი კილო შაქარი 1 ლარი და 70 თეთრი ღირს.
    გარდა ამისა, ძვირია სამურაბე ხილიც. ერთ ლარზე ნაკლები არაფერი არ ღირს. გასულ წლებში იმდენ მურაბას და კომპოტს ვაკეთებდი, რომ ზაფხულამდე გვყოფნიდა. წლეულს ნახევარი თუ გავაკეთე, ესეც კარგია, მეტის საშუალება არ მქონდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზამთარში მურაბები არ მეყოფა. კონსერვებიც არ გამიკეთებია ბევრი. პომიდვრის საწებელი და ტყემალი მოვხარშე მარტო საკმარისი რაოდენობისა.
    "წლევანდელი ზამთარი უფრო ხარჯიანი მექნება. მურაბები, კონსერვები ძალიან მეხმარებოდა - შედარებით ნაკლები ფული მეხარჯებოდა. ამ ზამთარში ბევრი პროდუქტის ყიდვა მომიწევს და ზამთარში ისედაც ყველაფერი ორმაგი ფასი ღირს", - ამბობს ნანული მიროტაძე.
    ზამთარი სხვა სეზონებთან შედარებით უფრო ხარჯიანი სეზონია. გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში პროდუქტები ძვირდება, კომუნალური გადასახადებიც იმატებს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ოჯახი ზათრისათვის ფული გროვებას შემოდგომიდან იწყებს.
    "ზამთრისათვის ცოტაოდენ დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებ. ამ პერიოდში ჩემი შემოსავალი ზუსტად იმდენივეა, რამდენიც სხვა სეზონებზე, გასავალი კი უფრო მეტი მაქვს. ოჯახს რამე რომ არ მოაკლდეს, მირჩევნია შემოდგომიდან ცოტაოდენი ფული მოვაგროვო. ზამთარში ყველაზე ბევრი კომუნალურ გადასახადებში მეხარჯება. ყველა გადასახადისათვის, დაახლოებით, 300 ლარი მაინც არის საჭირო. ეს საკმაოდ დიდი ხარჯია. ზამთარი რომ დასრულდება, მერე ზაფხულში დასვენებისათვის ვიწყებ ფულის დაზოგვას. მოკლედ, მთელი წელი ფულს ვზოგავ, რომელიმე სეზონისთვის.
    გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მსუბუქი სეზონებია და მაქვს იმის საშუალება, რომ მომდევნო სეზონებისთვის ხელფასიდან ფული გადავდო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში რევაზ დალაქიშვილმა.
    თბილისელების ნაწილისათვის ყველაზე დიდი პრობლემა პროდუქტების გაძვირებაა. ზამთარში ყველა პროდუქტის ფასი ორმაგდება. შესაბამისად, ამ სეზონზე კვებისათვის უფრო მეტი ფულია საჭირო. ზაზა მჭელიშვილი ცდილობს, რაც შესაძლებელია, ყველა პროდუქტი ზამთრისათვის წინასწარ მოიმარაგოს:
    "ზამთრისათვის ჯერ არ დამიწყია პროდუქტების მომარაგება. მე მგონი, ჯერ ძალიან ადრეა. ოქტომბრიდან უკვე ვზრუნავ სხვადასხვა პროდუქტის მარაგის გაკეთებაზე. ვყიდულობ შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, ხახვს. სხვა პროდუქტი დიდხანს არც ინახება. სანამ ყველი ძალიან გაძვირდება, მანამდე ჩემი მეუღლე, დაახლოებით, 15 კილგრამ ყველს ყიდულობს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვყოფნის. სხვათა შორის, კარგი ეკონომია გამოდის.
    ზამთარში რძის პროდუქტები ძალიან ძვირდება. გარდა ამისა, ჩემი ცოლი უამრავ მურაბას, კონსერვს, მწნილს აკეთებს. ზამთარში ყოველდღიურად არც გვჭირდება პროდუქტების ყიდვა, ყველაზე ხშირად ხილს ვყიდულობთ ხოლმე. ხილიც ძვირი ღირს, მაგრამ წელს წინასწარ ვერაფრით ვერ მოიმარაგებ".
    ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელია საჭირო. ქურთუკები, ჩექმები საკმაოდ ძვირი ღირს. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საშუალება ზამთრისათვის შესაბამისი სამოსი იყიდოს. მათ ზამთრის სიცივეები საკმაოდ აშინებთ. ნატო ლეჟავა საკუთარი თავისთვის ტანსაცმლის საყიდლად ფულს ვერასოდეს იმეტებს. მას ურჩევნია ეს ფული თავის შვილებს მოახმაროს. ნატო წლევანდელი ზამთრისთვისაც არ აპირებს ახალი ტანსაცმლის ყიდვას: "ზათრისათვის ქურთუკი ბოლოს ხუთი წლის წინათ ვიყიდე. ეს ქურთუკი უკვე გაცვდა და კარგადაც აღარ ათბობს. ჩექმა შარშან ჩემმა ნათესავმა მაჩუქა და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ჩემთვის წელსაც ვერაფერს ვერ ვიყიდი. ბავშვებს უნდა ვუყიდო ქურთუკები და ჩექმები - ყველაფერი დაუპატარავდათ.
    ჩემი ქურთუკისთვის ასი ლარი მაინც არის საჭირო და ამ ას ლარად ბავშვებს ვუყიდი რამეს. მე როგორმე გადავიტან ცივ ზამთარს", - უთხრა "რეზონანსს" ნატო ლეჟავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter