სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    24.08.2019

     ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება. სულ ახლახან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზებისთვის. არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი სხვა ტყეებშიც გაჩნდეს. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გლობალური დათბობაა, თუმცა რისკი მოქალაქეების დაუდევრობაც შეიძლება გახდეს, რის მაგალითიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ იყო.

    მოსალოდნელ საფრთხეზე გარემოს ეროვნული სააგენტოშიც განაცხადეს. უწყება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

    ,,მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

    რაც შეეხება სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს, ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    ,,მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

    ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

    როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ხანძრების გაჩენის საფრთხე დიდია და ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა მასშტაბური ხანძრის ფაქტები ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

    ბიოლოგი ნინო ჩხობაძე ,,რეზონანსთან" ტყის ხანძრის სპეციფიკურ ბუნებასა და მასთან ეფექტურად ბრძოლის გზებზე საუბრობს.

    ჩხობაძე ვარაუდობს, რომ მომავალში მეტი ხანძარია მოსალოდნელი.

    ,,ძალიან ნაადრევად დაიწყო ხანძარი საქართველოს ტყეებში, რამდენიმე შემთხვევა ზაფხულის დასაწისშიც დაფიქსირდა. ყველაფერი ეს ძალიან დიდი ეჭვის მატარებელია. ზოგ შემთხვევაში, ისეთ ადგილებში ჩნდება ცეცხლი, სადაც მიუვალი ტყეებია. ბოლომდე არც არის დადგენილი, რა იყო მიზეზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ჩარევის გარეშე არ ხდება. ზოგადად, ტყის ხანძრები, ასეთი მასშტაბებით, არ იყო დამახასიათებელი საქართველოსთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს კლიმატური ცვლილებები და ტყის სხვადასხვა ადგილას აალება, რასაც სერიოზული მიხედვა სჭირდება", - ამბობს ჩხობაძე და დასძენს, რომ გლობალური კლიმატის ცვლილება დგება სხვადასხვა ინდიკატორით, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს ხანძარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკოსისტემა არის გამომშრალი.

    ,,ჩვენ გვქონდა გვალვა მთელი ზამთრის განმავლობაში, წვიმა არ იყო, ჩაიხუთა ჰაერი (განსაკუთრებით წიწვოვანებში) და რეალურად გამომშრალ ფენაში საკმარისია ერთი ნაპერწკალი, რომ ხანძარი გამოიწვიოს. რაოდენობრივად ძალიან ცოტა ნალექია და მცირე წვიმა არ არის საკმარისი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ხანძრები იქნება ჩვენს ზონაში და ეს ეტაპი დაწყებულია, მომავალში მეტს უნდა ველოდოთ. პრევენცია ძალიან ბევრია გასატარებელი, აუცილებელია ისეთი ქმედებების გატარება, როგორიცაა ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო მოსახლეობის მხრიდანაც", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნინო ჩხობაძემ.

    არასამთავრობო ორგანზიაცია ჩENN-ის წარმოამდგენელი საქართველოში რეზო გეთიაშვილი განმარატვს, რომ საქართველოში ტყის მასივის დიდი ნაწილი დეგრადირებულია, რაც ხანძრის რისკს ზრდის.

    ,,სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა მოემზადოს და სწორად დაიჭიროს თადარიგი როგორც ზუსტად დროში ასევე იმ ადგილების გამოყოფით, სადაც ხანძრის გაჩენის საფრთხე მაღალია. ამისთვის გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რაც პრევენციას შესაძლებელს გახდის. უნდა მოახდინონ ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება, რათა გასული წლების მოვლენები არ განმეორდეს. დეგრადირებული ტყის დიდი ფართობებია და ზაფხულში, უკვე როცა ბალახოვანი საფარი ხმება, ტყე ადვილად აალებადი ხდება. ეს მაშინ, როცა ჯანსაღი ეკოსისტემა თვითონ იცავს ტყეს ნებისმიერი ბუნებრივი პრობლემისგან, მათ შორის ხანძრისგან. ამისთვის არსებობს ტყეში საკმაოდ ძლიერი და ჯანსაღი ბიომასა და მწვანე ბალახი. რაც მეტი ნაკადულია ტყეში და რაც ჯანსაღია ტყე, ხანძრის გაჩენის რისკი მცირეა, მაგრამ ჩვენი ეკოსისტემის დიდი ნაწილი დეგრადირებულია და ხანძრის გაჩენას ადვილად ექვემდებარება", - აცხადებს გეთიაშვილი და დასძენს, რომ რისკის შესამცირებლად სახელმწიფოს მხრიდან ხანძარსაწინააღმდეგო ზომები დროულად არის მისაღები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×