სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    23.08.2019

     კონტრაბანდის მასშტაბი მატულობს. ძვირფასეულობისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის პარალელურად მსგავსი ფაქტები ლუდზეც დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რისკი დიდია, რომ ასეთი შემთხვევები გახშირდეს, რასაც დიდწილად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას, ლარის კურსის გაუფასურებასა და ფასების ზრდას უკავშირებენ.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე 540 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

    ეკონომისტი რატი აბულაძე სტატისტიკას საგანგაშოდ არ მიიჩნევს, მაგრამ საუბრობს, რომ ჩრდილოვანი და უკანონო საქმიანობისთვის ქვეყანაში ბევრი ხელსაყრელი პირობაა, რაც კონტრაბანდის მიმართ ინტერესს ზრდის.

    ,,კონტრაბანდის ფაქტორი ყოველთვის იყო და მომავალშიც იარსებებს. მისდამი ბრძოლის მექანიზმები რამდენადაც ეფექტიანია, ბაზარიც იმდენად კონკურენტუნარიანი და განვითარების პერსპექტივის მქონეა. ცალკეულ მაჩვენებლებს თუ შევაფასებთ, ბუნებრივია განგაშის საფუძველი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში არის ძალიან ცუდი ვითარება - ფასების ზრდა, ვალუტის კურსის მერყეობა, არაპროგნოზირებადობა, რაც შავი ბაზრისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ჩვენ ასევე თუ განვიხილავთ, რომ პრობლემის გადაჭრის გზები არ არის ეფექტური, არ იზიდავს ინვესტიციას, არ ამცირებს ფასს, ვერ იჭერს ინფლაციას და ა.შ., კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის მცდელობა ყოველთვის ექნებათ. მძიმე ვითარების ფონზე ჩნდება სხვადასხვა შავი სფერო ჩრდილოვანი და უკანონო საქმიანობისთვის. თუმცა, რადგან ფაქტების აღმოჩენა და აღკვეთა ხდება, ცხადია ეს სისტემის კარგი მუშაობის შედეგია და ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს", - ამბობს აბულაძე და დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, ლუდის ბაზარზე კონტრაბანდის რისკი გაიზარდოს.

    ,,სტატისტიკა არსებობს და ეს არაა სასიამოვნო, მაგრამ მისდამი დაუნდობელი ბრძოლაც მიმდინარეობს, რასაც ვერ უარვყოფთ. ჩვენ გვჭირდება საქმის კეთების ამბიციები, გამოსავალი მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებში, სარგებლიან საქმიანობასა და აქტიურ მუშაობაშია, რომ ბიზნესი არ დაიჩაგროს. კონტრაბანდა ცუდ სიგნალს იძლევა, რომ ბაზარზე რაღაც არ ხდება კარგი. ჩვენ გვაქვს ღია ბაზარი, რასაც ძლიერი მმართველობა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, კონტრაბანდის რისკი ყოველთვის იქნება", - ამბობს რატი აბულაძე.

    სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ კონტრაბანდის შემოდინების საფრთხე ყველაზე მეტად ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ემუქრება.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კონტრაბანდის ფაქტების ზრდა (თუკი ეს ფაქტი მომავალშიც დაფიქსირდება) ლუდის ბიზნესს დააზარალებს.

    ,,დღესდღეობით ლუდის ბაზარი საკმაოდ მიმზიდველი და წარმატებულია საქართველოში. წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება, ერთ ადგილზე არ არის გაჩერებული და მით უმეტეს, არ შემცირებულა. შესაბამისად, შესაძლოა, კონტრაბანდის ინტერესი გაჩნდა და ცუდია, თუ მსგავსი ფაქტი მოხდა საქართველოში. აქამდე არ მახსენდება, რომ შემოსავლების სამსახურს ლუდის კონტრაბანდის ფაქტები აღმოეჩინა. სავარაუდოდ, გარკვეული ინტერესები გამოიკვეთა. პირდაპირ რთულია თქმა, რამდენად შესაძლებელია მომავალში მსგავსი ფაქტები მოხდეს, მაგრამ შესაძლოა განმეორდეს, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა მუშაობა ამ მიმართულებითაც უნდა გააძლიეროს. სამწუხაროდ, კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინების მასშტაბები დიდია და არ უნდა დავუშვათ, რომ საფრთხე ლუდის ბაზარზეც გაჩნდეს. პირველ რიგში ბიზნესს დააზარალებს.

    რთულია საუბარი, საიდან არსებობობს კონტრაბანდის შემოდინების საფრთხე საქართველოში. უმეტეს შემთხვევაში კონტრაბანდული ნაწარმი ოკუპირებული ტერიტორიებიდან აღწევს და არც მომავალშია გამორიცხული. რთულია ვარაუდი, რომ მსგავსი პრეცენდენტები გახშირდება, მაგრამ არ ვართ დაზღვეული, რომ ისევ არ დაფიქსირდეს. სერიოზული მუშაობაა გასაწევი, რადგან საქართველოში ლუდის ბიზნესი საკმაოდ კონკურენტულია, ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი და მაქსიმალურად უნდა იყოს ბაზარი დაცული", - ამბობს კაპანაძე.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×