სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს ნამდვილად არ არის კარგი და უარყოფითი ეფექტი მოჰყვება"
    მარი ჩიტაია
    15.08.2019

     ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკის სახელისუფლო მხარდაჭერას კარგავს. ასე შეიძლება გავიგოთ კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია ,,კონტი ჯგუფის" გასვლა. `თიბისი ჰოლდინგთან~ ერთად, `კონტი~ კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებასაც მოეხდინა.

    სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ,,კონტი ჯგუფის" პროექტიდან წასვლა პროექტის სამომავლო საქმიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა კონსორციუმში სიმშვიდის ინარჩუნებენ და ირწმუნებიან, რომ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რომ პროექტი და კონსორციუმი დაზარალდეს.

    ჯერჯერობით უცნობია, ,,კონტი ჯგუფს" ვინ ჩაანაცვლებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

    ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის ყველაზე სადავო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

    ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი, ერთ-ერთი მთავარი აქციონერის მიერ კონსორციუმის დატოვების ფაქტს არასასიამოვნოდ აფასებს, მაგრამ შორს არის აზრისგან, რომ პროექტი დაზარალდება. გარდა ამისა, იგი სპეციალისტების პოზიციას ემიჯნება და აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიის წასვლა პროექტში ამერიკულ ინტერესს არ შეანელებს.

    ,,კონტი ჯგუფს" ჰქონდა პასიური როლი ამ ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს და გუშინ არ იყო მიღებული, ამაზე ლაპარაკი გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა. ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რომ დააზრაალოს პროექტი, ყოველ შემთხვევაში კონსორციუმი.

    ,,კონტი" პასიურ როლში იყო, ისინი არიან სამშენებლო საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მათი როლი იყო შემცირებული და გადაწყვეტილება კრიტიკული არ არის. მე ამას, როგორც ამერიკული ინტერესების შენელებას არ აღვიქვამდი.

    ველოდები ძალიან კარგ განვითარებას პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით, როგორც ინვესტორების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. მთავრობასთან მოლაპარაკების მხრივაც იყო კარგი განცხადებები ბოლო ორი წლის მანძილზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს სექტემბრიდან კონსტრუქციულ საუბარში გადაიზრდება", - განუცხადა "ბიემთან" ახვლედიანმა.

    ,,თავის დროზე "კონტი ჯგუფის" მონაწილოება იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ კონსორციუმმა გაიმარჯვა ტენდერში. რა იქნება ახლა, გაურკვეველია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე ამბობს, რომ კონტრაქტი ითალისწინებს სხვადასხვა სცენარს.

    `ამ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობო კომისია, სადაც ყველა ძირითადი მინისტრია თავმოყრილი და რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. არ გვაქვს სრული სურათი, "კონტი" ვისზე ყიდის აქციებს და ყიდის თუ არა, ესეც არ ვიცით. ამ საკითხზე ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია. ამიტომ საბოლოო შეფასების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს შექმნის არასწორ მოლოდინს", - აცხადებს დავით ჯავახაძე.

    ექსპერტები ამერიკული კომპანიის წასვლას პოლიტიკური მოტივით ხსნიან და ამბობენ, რომ ამით კონსორციუმი და მთლიანად პროექტი დაზარალდება. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ზიანი, პირველ რიგში, ამერიკის სამთავრობო მხარდაჭერის შესუსტებაში გამოიხატება.

    ,,ამერიკული მხარის მონაწილეობა ნიშნავს და გულისხმობს აშშ-ის სამთავრობო-სახელისუფლო მხარდაჭერას. ,,კონტის" გასვლით ეს მხარდაჭერა შესუსტდა. ძნელი სათქმელია რას შეიძლება მისი გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს. ერთი საკითხია კომერციული ინტერესი პროექტის მიმართ, მაგრამ იმავდროულად პოლიტიკურიც, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად იკვეთება.

    როგორც ჩანს, კომპანიამ ვერ დაინახა მომავალში თავისი დაგეგმილი მოგების პერსპექტივა და ამიტომაც პროექტში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ანაკლიის პორტის სამომავლო გეგმებზე ეს გავლენას უსათუოდ მოახდენს, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რათა ამ კონსორციუმს უფრო მეტად ბიზნესზე აეღო ორიენტაცია და კარგად გაეთვალა რა ტვირთების მოზიდვა და გატარება შეუძლია პორტს და ინვესტორებთან მუშაობისას ამაზე გაეკეთებინა აქცენტი", - ამბობს "რეზონანსთან" სიმონიშვილი და დასძენს, რომ თავის დროზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლამ პროექტში ნეგატიური კვალი დატოვა და ,,კონტის" გადაწყვეტილებებზეც აისახა. პერსონალური საკითხები პროექტზე არ უნდა მოქმედებდეს, მაგრამ რადგან ჯაფარიძე და ხაზარაძე პროექტის წამომწყები და ინიციატორები არიან, მათი წასვლა უკვალოდ არ ჩაივლიდა და ასეც მოხდა.

    ეკონომიკური ტრანსპორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი

    მთავრობას მოუწოდებს, რომ გაიზარდოს მეგაპროექტებში ქართული საზოგადოების ჩართვა, რაც სტაბილურობისთვის მეტი გარანტიაა.

    ,,ნებისმიერი ტიპის ქმედებას, მათ შორის მონაწილე პარტნიორის გასვლას, შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ეს არის ნეგატიური ფაქტი, რაც კონსორციუმის ფუნქციებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. მას დასჭირდება აქცენტების სწორად დასმა, რომ სამომავლოდ ეს საკითხი დააბალანსოს. ანაკლიის პორტის თემა ბოლო პერიოდში გახდა საკმაოდ პოლიტიზირებული, ამიტომ ასეთ ვითარებაში კონსორციუმის დატოვება ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ, ნამდვილად არ არის კარგი და უარყოფითი ეფექტი ექნება.

    არც ის არის გამორიცხული ,,კონტის" გასვლამ სხვა პარტნიორები დააინტერესოს, განსაკუთრებით ამერიკელი ინვესტორები. კონსორციუმის შემადგენლობას შეუძლია სწორი მიდგომით ეს ყველაფერი დააბალანსოს, რომ შემდგომ საქმიანოაბზე არ აისახოს უარყოფითად. ჩემი აზრით, ერთ-ერთი სწორი გზა არის საქართველოს მოქალაქეებს გადაეცეთ აქციები, რაც იქნება გარანტი, რომ პორტი აუცილებლად აშენდება და გაამართლებს.

    მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების მონაწილეობა იქნება საფუძველი, რომ პოლიტიკური გავლენები ხელისუფლების მიერ დაზღვეული და დაბალანსებული იყოს. სხვანაირად, რასაკვირველია, გაჭირდება პარტნიორებთან ურთიერთობა იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ", - ამბობს "რეზონანსთან" გერლიანი.   

    "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის აქციონერთა საბჭოს დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. მანამდე ჯგუფმა კონსორციუმის მენეჯმენტი 2018 წლის 6 დეკემბერს დატოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×