სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საწვავის სტანდარტს აზრი არ ექნება, თუ საქართველო ავტოპარკის განახლებას არ შეეცდება"
    რეზონანსი
    14.08.2019

     ,,ევრო 5"-ის ტიპის დიზელის საწვავის შემოსვლა საქართველოში რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას გაზრდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორები და სპეციალისტები  ასამოქმედებელი ნორმის 1 წლით გადავადებას ითხოვენ. ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ 2020 წლიდან ,,ევრო 5"-ის ტიპის დიზელზე გადასვლა მხოლოდ გაძვირებას გამოიწვევს და არ ექნება არავითარი შედეგი გარემოს გაჯანსაღების მხრივ. 

    ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება, რის გამოც ვალდებულება უნდა გადავადდეს, საავტომობილო პარკთან დაკავშირებული მდგომარეობაა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს ავტოპარკის განახლებაც, რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. 

    ამ ეტაპზე კი საუბარი მიდის, რომ 2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტი დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილის გაფართოების რისკს ხედავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია კოტრიკაძე, რომლის შეფასებითაც ახალი რეგულაციის შემოღება ქართული ეკონომიკისთვის დიდი ნეგატივის მომტანია. გარდა ამისა, კოტრიკაძე ყურადღებას საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობაზეც ამახვილებს.

    ,,ავტოპარკი მოძველებულია და გადახალისება სჭირდება. ამიტომ მომხმარებელი, ძირითადად, აზერბაიჯანულ საწვავზეა ორიენტირებული და არჩევანს ამ ქვეყანაში წარმოებული საწვავის სასარგებლოდ აკეთებს. ამ დროს უნდა გაანაწყენო მეზობელი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს? დიდი დაფიქრებაა საჭირო. მთავარი სტრატეგული პარტნიორი, აზერბაიჯანი რჩება თამაშგარედ და ავტომატურად ამ წილს რუსეთი ჩაანაცვლებს. ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს მთავარ სტრატეგიას - ბაზრის დივერსფიცირებას და დამოუკიდებლობას", - ამბობს "რეზონანსთან" კოტრიკაძე. 

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის შეფასებით, რუსეთიდან საწვავის იმპორტის მყისიერად გაიზრდება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ნამდვილი რისკია. შესაბამისად, აფბა ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვს სტანდარტის ამოქმედების გადავადებას. 

    „დღესდღეობით რუსული საწვავის წილი იმპორტში მაღალია, რაც მის ფასსა და ხარისხზეა დამოკიდებული. ცხადია, ეს არის ბუნებრივი პროცესი, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ხელოვნურ ჩარევასთან გვაქვს საქმე. სხვა საკითხია ის, რომ თანდათან რუსეთის ბაზარზე ვხდებით დამოკიდებული, რაც ეკონომიკას სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს. 

    ხელოვნურად ვერ შევქმნით ბარიერს, მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. 

    ჩვენი ქვეყნისთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, რომელიც ამავე დროს არის ენერგორესურსებისა და მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრადიციული მომწოდებელი. ამან განაპირობა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, საწვავის დეფიციტი არ შეგვქმნია ქვეყანაში. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ", - ამბობს ბაირახტარი.

    რუსეთის ფაქტორის გარდა, რისკი სხვა მიმართულებითაც მოსალოდნელია. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, დიზელის საწვავზე `ევრო 5~-ის სტანდარტის შემოღება ამ პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, რის კვალდაკვალ მომსახურება და ფასიც გაიზრდება.

    ,,სახელმწიფოს სანამ არ ექნება მყარად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რეალური ვითარება ამით არ შეიცვლება. მთავარი პირობაა, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ავტოპარკის განახლების პროგრამა, ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და ადამიანებს შესაბამისი დახმარება გაუწიეს, რომ ძველი ავტომობილები ახლით ჩაენაცვლებინათ. აქ არ იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ შეიცვალა განბაჟების პრინციპი და სხვადასხვა წამახალისებელი აქციები ჩატარდა. 

    საქართველოს შემთხვევაშიც, ჯერ ავტომობილის სტანდარტი უნდა დაწესდეს და საწვავის ხარისხზე მერე ვიზრუნოთ. აზრი არაფერს არ ექნება, თუ საქართველო ავტოპარკის განახლებას არ შეეცდება და ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. ცალკე პრობლემაა ფასიც, რადგან ახალი სტანდარტის შემოღებით დიზელის  საწვავი მომხმარებელს დაახლოებით 20-25 თეთრით გაუძვირდება. საბოლოოდ, ეს გააძვირებს საწვავის ფასზე მიბმულ პროდუქტებს, დისტრიბუციას, გადაზიდვებს და ა.შ. ამდენად რისკი საკმაოდ დიდია", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შეწყდება შედარებით იაფი აზერბაიჯანული საწვავის შემოტანა.

    ,,დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის ამოქმედებით აზერბაიჯანის რესპუბლიკა იქნება ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანი არის საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უახლოესი ისტორიის ყველა ძნელბედობის ჟამს გვერდით ედგა. 

    აზერბაიჯანული მხარე ითხოვს ერთწლიან პერიოდს და ის მზად არის, 2021 წლიდან გამოუშვას "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავი. აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ახლოსაა უფრო "ევრო 5"-თან თავისი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, ვიდრე "ევრო "-თან.

    აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს  საქართველოში დიზელზე მოძრავი სატრანსპორტო პარკი, ძირითადად, არის 20 წელს მეტი წლოვანების, რომელთათვისაც ფაქტიურად ერთი და იგივე იქნება ორივე კატეგორიის დიზელის საწვავის მოხმარება ეკოლოგიური ეფექტის მიღების თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტექდათვალიერების ცენტრების ინსპექტირების შედეგები, რომლის თანახმადაც ეს სატრანსპორტო საშუალებები მინიმალურ ეკოლოგიურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

    მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს არანაირი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მოცემული ავტოპარკის პირობებში რა ეკოლოგიურ შედეგს მივიღებთ მხოლოდ საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებით. 

    ამდენად, ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტი და თუ ეს მოხდება 1 წლის შემდეგ, ამით ეკოლოგიას არანაირი ზიანი არ მიადგება და ქვეყანაც შესაძლო სოციალურ ეკონომიურ და სხვა სახის პრობლემებს თავიდან აიცილებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×