სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყველაფერზე პასუხისმგებელია მთლიანად ეკონომიკური გუნდი და არა ცალკე ეროვნული ბანკი ან ცალკე რომელიღაც პიროვნება"
    მარი ჩიტაია
    14.08.2019

     მთავრობაში ლარის კურსის გამყარების პერსპექტივაზე საუბარი დაიწყო. დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ კურსი ზედმეტად გაუფასურებული იყო და გამყარების შესაძლებლობა არ აეჭვებთ. შესაძლოა, ამის რესურსი ნამდვილად არის, მაგრამ რა მაჩვენებელზე დასტაბილურდება კურსი და რეალური გამყარება მიიღწევა თუ არა, ამაზე დაბეჯითებით არავინ საუბრობს. ერთი რამ ცხადია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ნამდვილად აქვთ ინფორმაცია, რომ ლართან დაკავშირებით პრობლემა იყო. 

    ამ ეტაპზე, როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, რამაც ლარის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.

    ,,ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება”,- აღნიშნა პრემიერმა.

    ლარის შესაძლო გამყარების შესაძლებლობას ხედავს ფინანსთა მინისტრიც. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობაა და ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის. არის რესურსი, რომ ლარი ცოტა კიდევ გამყარდეს და ეს რესურსი არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, არამედ მზარდი ექსპორტია.

    ლარის დასტაბილურებისთვის საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვს ეკონომიკის მინისტრსაც, რომელიც ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურდა. 

    ,,ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ კურსი კიდევ უფრო გამყარდება, ამის შესაძლებლობას ეკონომიკური განვითარება გვაძლევს. ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, რაიმე დიდი პრობლემა არ გვემუქრება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

    თუმცა მთავრობის ოპტიმიზმი ნაკლებად დამაჯერებელია ფინანსისტებისთვის, რომელთა განცხადებითაც, ლარის გაუფასურება ეკონომიკაში მიმდინარე სტაგნაციით არის განპირობებული.

    საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ კურსის დასტაბილურება გაუჭირდებათ, თუკი ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით ნაბიჯები არ გადაიდგმევა. 

    ,,მთავრობის შეფასებები აშკარად გადაჭარბებული მეჩვენება. კურსი ეკონომიკაში არსებული წინაპირობების შედეგად და მისგან მომდინარე მოვლენების შედეგად ყალიბდება. საუბარი, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული იყო, ყველა საფუძველს მოკლებულია. მინისტრების პოზიციიდან გამომდინარე, შეიძლება დავუშვათ, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვთ მიმდინარე ხარჯებსა და ამ ხარჯების კურსზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლება. რეფორმები არ მიმდინარეობს, რაიმე პოზიტიური ძვრები არ გვაქვს, ამიტომ არავითარი პერსპექტივა, მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, ლართან მიმართებაში არ არის. 

    ლარის კორექცია შეიძლება მოხდეს, ეს კურსის ვექტორის ბუნებრივი სვლაა, მაგრამ რეალურად ის ტენდენცია, რაც გაუფასურების მიმართულებითაა, მუდმივი მოვლენაა. კურსი მერყეობს არა გარკვეულ დიაპაზონში, არამედ წლების განმავლობაში მუდმივად გაუფასურების ტენდენციაა. ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, კურსი დასტაბილურება გაუჭირდებათ", - აცხადებს `რეზონანსთან~ ხომიზურაშვილი. 

    რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ხომიზურაშვილის შეფასებით, არც ეს არის გამოსავალი. 

    ,,როცა სებ-ი ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ხელს უწყობს ლარის მასის შემცირებას და სხვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო ისევ და ისევ აგრძელებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისთვის. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ეკონომიკიდან იღებენ ფულს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს, რომ რეფინანსირების სესხები ნაკლები იქნება და მოსალოდნელია ბიზნესის დაფინანსების შეკვეცა, რაც ეკონომიკის სტაგნაციისკენ იქნება მიმართული. საბოლოო ჯამში, თეორიულ პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ უფრო გამყარებული ლარი, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკა, შემცირებული მოხმარება და რეალურად ეკონომიკური კოლაფსის მდგომარეობაში ყოფნა. 

    მთლად სებ-ს ვერ დავაბრალებთ ყველაფერს, მაგრამ მათაც ჰქონდათ სერიოზული შეცდომები. მთავარი როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკის სამინისტრომ, შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც უნდა იზრუნოს, რათა საბიუჯეტო ხარჯი იყოს პროდუქტიული, არ იფლანგებოდეს. პასუხისმგებელია მთლიანად ეკონომიკური გუნდი და არა ცალკე ეროვნული ბანკი ან ცალკე რომელიღაც პიროვნება", - ამბობს ხომიზურაშვილი. 

    ლარის გამყარების პერსპექტივა აეჭვებს საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას, რომელიც კურსის დასტაბილურების შესაძლებლობას ეროვნული ბანკის ხელში ხედავს და ამბობს, რომ სებ-ს შეუძლია ლარის კურსის ვარდნის შეჩერება, როგორც ახლა, დიდი დაგვიანებით გააკეთა. 

    ,,მთავრობის წარმომადგენლები კურსთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებენ მხოლოდ ეროვნული ბანკისგან. თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერც ექნებათ. ამიტომ მინისტრების ზეპირსიტყვიერი განცხადებები არის სებ-ის მანუგეშებელი ინფორმაცია, რასაც იგი მთავრობას აწვდის. თვითონ ეროვნულ ბანკში არანაირი კომენტარი არ კეთდება, რაც აზარალებს თავად ამ უწყების იმიჯს საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით, ბიზნესმენების თვალში. 

    რა შეიძლება ლარს სამომავლოდ დაემართოს, მთლიანად ეროვნული ბანკის საქმეა, მასზეა დამოკიდებული კურსი დასუსტდება თუ გამყარდება. სებ-ს შეუძლია ლარის კურსის ვარდნის შეჩერება, როგორც ახლა გააკეთა დიდი დაგვიანებით და ასევე - არაფრის გაკეთებაც. თუკი გვენეტაძის უწყება არ განახორციელებს ქმედით ნაბიჯს, გვექნება სისტემატური ვარდნა პერიოდული მცირედი გამყარებებით. ეს კი ძველ ნიშნულზე დაბრუნებას შეუძლებელს გახდის. ამიტომ, ვისაც რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეროვნული ბანკის მიმართ უნდა გამოხატოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ელიავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×