სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართველი ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტა ასეთ შემთხვევაში ცოტათი ამოისუნთქებს
    მარი ჩიტაია
    11.07.2019

     მოსალონელია დოლარის დევალვაცია, რომელიც შეიძლება ლარის დროებითი გამყარების პერსპექტივა გახდეს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ტრამპის თანაშემწეებს დოლარის კურსის შემცირების გზების მოფიქრება დაევალათ. ამით აშშ ეკონომიკური საფრთხეების განეიტრალებას ცდილობს. ქართველ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დოლარის დევალვაციით ლარს ნაწილობრივ ეშველება. 

    აშშ-ს პრეზიდენტს აწუხებს ის, რომ დოლარის გაძლიერება საფრთხეს უქმნის მის ეკონომიკურ გეგმებს. ეს თემა განიხილებოდა ტრამპის  ფედერალური სარეზერვო სისტემის ორ ახალ მაღალჩინოსანთან შეხვედრის დროს - ჯუდი შელტონთან და კრისტოფერ უოლერთან. პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ძლიერი დოლარი აფერხებს ეკონომიკურ ბუმს, რომელიც, მისი გათვლებით, უნდა დაეხმაროს მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

    თუმცა, საკითხი ჯერ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი, რადგან პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ლარი კადლოუ და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი არ ემხრობიან რაიმე ხელოვნურ ჩარევას დოლარის კურსში.

    არავისთვის არაა საიდუმლო და არც თავად პრეზიდენტი მალავს, რომ იგი მიიჩნევს აუცილებლად დოლარის კურსის შემცირებას. თუმცა, ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა კვლავ განაგრძობს ზრდას და ამის წინააღმდეგ ტრამპი ვერაფერს აკეთებს.

    როგორც "კომერსანტი" უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, ტრამპი დაიწყებს პრაქტიკულ მოქმედებებს დოლარის კურსის შემცირების მიზნით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სუსტი ვალუტები ახალისებენ სხვა ქვეყნების ექსპორტიორებს, ხოლო ძლიერი დოლარი ხელს უწყობს შტატებში იმპორტის ზრდას.

    ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, არასტაბილური დოლარი გამოიწვევს გაურკვევლობას, შიშს და უნდობლობას აშშ-ს მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. რაც შეეხება ამ პროცესის ლარზე გავლენას, ბაზრის მკვლევარის ნიკა შენგელიას აზრით, ქართული ვალუტისთვის გამყარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდება.  

    "დოლარის დევალვაცია თუ მოხდება, ეს სხვა ქვეყნების ვალუტებს, მათ შორის, ლარს გაამყარებს. ამით აშშ მნიშვნელოვნად წაახალისებს ექსპორტს, ქვეყანაში ჩინეთიდან დიდი რაოდენობის იმპორტი შედიოდა, რომელსაც გარკვეული სანქციები დაუწესეს. ამ შემთხვევაში დევალვაცია გამოსავალი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის ვალუტა ამით შვებას იგრძნობს. სავარაუდოდ, აშშ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მცდელობა, ჰქონდეს სუსტი ვალუტა და გაზარდოს ექსპორტი, რათა მსოფლიოში, ძირითადად, ამერიკული საქონელი იყიდებოდეს. მაგალითად, იაპონია საკმაოდ წარმატებით ახერხებს, რომ მსოფლიო ბაზრებზე გაყიდოს თავისი ავტომობილები, მით უმეტეს, ევროპაში და აზიის ქვეყნებში, სადაც ამერიკული მანქანები, კარგა ხანია, აღარ შედის. 

    დოლარის დევალვაციით აშშ უმიზნებს, რომ ამერიკული ტექნიკა, ავტომობილები და სხვა პროდუქცია გაყიდოს უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ამას აქამდე იაპონია, ჩინეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ახერხებდა. ამდენად, ტრამპის გადაწყვეტილების მოტივია, რომ ქვეყანამ საექსპორტო ნიშა არ დაკარგოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს", - აცხადებს "რეზონანსთან" შენგელია. 

    რაც შეეხება ლარის კურსს, ანალიტიკოსის შეფასებით, მან დაკარგა სტაბილურობის იმიჯი, რითაც საბოლოოდ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ზარალდება.

    "ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა სუსტი. ეროვნული ბანკი ნაკლებად ექვემდებარება მთავრობას, ის ძირითადად ექვემდებარება აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისცენ ნებართვა, მოახდინოს რეზერვების ხარჯვა ლარის სტაბილიზაციისთვის. ამ დროს, თუკი ლარის დევალვაცია კიდევ მოხდება, სოციალური ფონი იქნება ძალიან მძიმე, რასაც შეიძლება საქართველოს მთავრობა გადაჰყვეს კიდეც. ლარის კურსზე არ არის საუბარი, ის დღემდე წარმოადგენს ქართული ეკონომიკის საზომს, ამიტომ უნდა დაელაგებინათ სიტუაცია ისე, რომ ეკონომიკა ამ მდგომარეობამდე არ მისულიყო", - ამბობს შენგელია. 

    სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ დოლარის სტაბილურობის მიმართულებით აღებულ კურსს არ შეიცვლის და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილებას დანარჩენი ამერიკა მხარს არ დაუჭერს. თუმცა, ტრამპის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, როგორც ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, ლარი შეიძლება გამყარდეს.

    "დონალდ ტრამპმა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო დოლარის გამყარება და ამით შეეცადა დანარჩენი მსოფლიოსთვის თავისი სიძლიერე ეჩვენებინა. შემდგომ, განსაკუთრებით ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობისას, მან პოლიტიკა შეარბილა. ფიქრობს, რომ დოლარის დევალვაციის შემთხვევაში მისი სავაჭრო უპირატესობა მსოფლიოს ბაზრებზე უკეთ გამოჩნდება. ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ არასტაბილური დოლარი და თამაშის ახალი წესების შემოღება ვალუტის მიმართ იწვევს გაურკვევლობას, შიშს და უნდობლობას აშშ-ს მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. 

    მეეჭვება, ფედერალური სარეზერვო სისტემა ტრამპის პოზიციას ასე მარტივად დაეთანხმოს. ტრამპის ასეთი განცხადებები თუ არ იქნა გამაგრებული შესაბამისი ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლების მიერ, ჩვენ შესაძლებელია მივიღოთ მხოლოდ პრეზიდენტის ცალმხრივი პოზიცია, რომელსაც დანარჩენი ამერიკა ვერ გაიზიარებს. 

    რაც შეეხება ქართულ ვალუტას, დოლარის ყველა ცვლილება გავლენას ახდენს ლარზე და ძალიან მყისიერად. თუმცა როდესაც ლარი უფასურდება, ამ პროცესს დოლარის დევალვაცია ნაწილობრივ შეზღუდავს. ცხადია, არც ერთი პროცესია კარგი და არც - მეორე", - ამბობს ფინანსისტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved