სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "კომპანიები ყოველდიურად მოგვმართავენ და ამბობენ, რომ მძიმე დღეში აღმოჩნდნენ"
    მარი ჩიტაია
    17.06.2019

     "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმება ადგილობრივ ბაზარზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მთავრობა პოზიციას არ თმობს, ხოლო ბიზნესს ახალ რეალობასთან შეგუება წარმოუდგენლად მიაჩნია. იმპორტიორების განცხადებით, მასობრივად მოუწევთ სესხების აღება, რაც საბოლოოდ ფასებს დააწვება. გარდა იმისა, რომ ცვლილება შეეხება ყველა დასახელების ადგილობრივ პროდუქციას, რომელიც უცხოური ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. თუკი ლარის კურსსაც გავითვალსიწინებთ, ცხადია პროდუქტების გაძვირებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. 

    მარტო ლოჯისტიკის ნაწილში, მოსალოდნელია, რომ ხარჯი 5-15%-მდე გაიზარდოს, რაც პროდუქციის თვითღირებულებასაც დაახლოებით ამავე მაჩვენებლით გააძვირებს.   იმპორტიორებისა და მწარმოებლების ინფორმაციით, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, მაგრამ ითხოვენ საშეღავათო პერიოდს, რომ ცვლილება ბიზნესზე ნეგატიურად არ აისახოს.  

    მიუხედავად ამისა, მთავრობა დათმობაზე არ მიდის. ფინანსთა მინისტრის პათოსს, რომ გადაწყვეტილება უცვლელია, პრემიერ-მინისტრიც იზიარებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ოქროს სიასთან“დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო წამოჭრილი, მათ შორის საერთშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.

    „ჩვენ არაერთხელ გვქონია განხილვა, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. მგონი, კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. ეს საკითხი უნდა გაკეთებულიყო. მთავარია, აღსრულდეს ისე, რომ ბიზნესისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. შესაბამისად, ამოცანა ასე დგას, გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, მაგრამ ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად, რათა ჩვენს ბიზნესზე ნეგატიურად არ აისახოს“, – განაცხადა ბახტაძემ.

    იმპორტიორების შეფასებით, ე.წ „ოქროს სიაში“ იყვნენ ის კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი ბრუნვა და ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. შეღავათის გაუქმების შემდეგ კი, ისინი ძალიან დაზარალდებიან, რადგან უკვე გაწერილი აქვთ 2019 წლის გეგმა, გარკვეული ვალდებულებები აღებულია და ბევრი აწყობილი ბიზნესის სქემა ჩამოიშლება.

    საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიზნესს მოსამზადებელი პერიოდი უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოქროს სიის" შეღავათის გაუქმება ფასებზე აისახება და საბოლოოდ მომხმარებელს დააზარალებს. 

    "ბიზნესი დღეს წარმოუდგენლად დიდი პრობლემის წინაშეა. "ოქროს წესით" დაახლოებით 220 კომპანია სარგებლობდა, რომლებსაც 25 დღის შემდეგ უწევდათ გადასახადი. მესმის, რომ ადრე თუ გვიან, ეს შეღავათი მოიხსნებოდა. თუმცა, წინასწარ ინფორმირებული უნდა ვყოფილვიყავით. ამის შესახებ მინიმუმ 6 თვით ადრე მაინც უნდა გვცოდნოდა. 

    ათობით მილიონ ლარზეა საუბარი, რომლის მობილიზებაც ბიზნესს მოუწევს. თუნდაც 1 თვეში ეს შეუძლებელია. 

    ნაღდი თანხის დიდი დეფიციტი გაუჩნდება ბიზნესს, შესაბამისად მიმართავენ ბანკებს კრედიტისათვის. მსხვილი კომპანიებისთვის ეს ნაკლებად პრობლემური იქნება, რადგან ბანკების მხრიდან ნდობის ფაქტორი მაღალია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს შეიძლება დაბრკოლება შეექმნას. ამასთანავე საბანკო პროდუქტი დამატებითი გადასახადია, რაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება. 

    იმ ფონზე, როცა ლარიც უფასურდება, საწვავზე ფასი არ იკლებს, ფასის გადახედვა მოუწევთ, ეს გარდაუვალია. გარდა ამისა, გაძვირდება ლოჯისტიკა მინიმუმ 5-15%-მდე. ლოგიკურად მივალთ იქამდე, რომ მოიმატებს პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო კალათაზე აისახება. 

    როცა ფინანსთა მინისტრი საუბრობს, რომ თანაბარ პოზიციაში უნდა ჩააყენოს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის 98%-იც სარგებლობდა 15-დღიანი საშეღავათო პერიოდით წინასწარი იმპორტით დეკლარირების შემთხვევაში. ახლა მათ 5-დღიან პერიოდზე უწევთ გადაწყობა, რაც ძალიან გაუჭირდებათ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ივა ჭყონიამ.

    გარდა იმისა, რომ ბინზესი ზარალდება, სწრაფი გადაწყვეტილებები ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვის, რადგან ეს ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს ქვეყანაში. ბიზნესს ინფორმაცია წლის დასაწყისში რომ ჰქონოდა, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა. 

    "გვესმის, რომ გადაწყვეტილების მიმღებთათვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება და ჩვენც გაგებით ვეკიდებით, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი გვჭირდება. ელემენტარულად გვექნებოდა მცდელობა, რომ მთავრობისთვის კონსულტაცია გაგვეწია, რაღაც კონსესუსისთვის მიგვეღწია, ფინანსურადაც მოვემზადებოდით, რის შესაძლებლობაც ახლა აღარ არის. 

    დღესაც მოგვმართეს კომპანიებმა, რომ მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ვისურვებ, რომ სიტუაცია საღი გონებით შეაფასონ, რათა იმპორტიორებს და მწარმოებლებს გარკვეული დრო, საშეღავათო პერიოდი მიეცეთ. ცხადია, რომ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვისაც, ეს ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს ქვეყანაში", - აცხადებს ჭყონია.

    ფასების მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობენ მწარმოებელთა ფედერაციაშიც, სადაც "bიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ მოსამზადებელი დრო სჭირდებათ, რათა ბიზნესმა ადაპტირება, ახალ რეალობაზე გადაწყობა შეძლოს. ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან დაგეგმილი ბიზნესის გადახარისხება მოუწევთ, რაც მათ სტაბილურობას შეარყევს.

    "არავინ დავობს, რომ "ოქროს სია" რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა გაუქმებულიყო, ეს გასაგებია, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ მწარმოებლები ინფორმირებული არ იყვნენ. ბიზნესს უყვარს სტაბილურობა და გრძევადიანი დაგეგმვა. შესაბამისად, დაგეგმილია კონკრეტული ოპერაციების წარმოება, არის შესაბამისი თანხა გამოყოფილი, რაც მათ შორის იმპორტული პროდუქტის შემოტანას უნდა მოხმარდეს. ადგილობრივი წარმოებისთვის ეს არის ნედლეული, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის არ არის პრობლემა. გადაწყვეტილება გასაგებია, მაგრამ პრობლემა დროის და კომუნიკაციის დეფიციტია. გაზრდილი ხარჯი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს და საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება", - ამბობს ლევან სილაგავა. 

    ცნობილია, რომ "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიხედვით იხელმძღვანელა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved