სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პრობლემა შეექმნება არა მარტო მსხვილ კომპანიებს, არამედ წვრილ და საშუალო ბიზნესსაც"
    თეო გუდავაძე
    11.06.2019

     "ოქროს სიის: გაუქმების გადაწყვეტილება არ გადავადდება. ასეთია ფინანსთა მინისტრის მტკიცე პოზიცია. ბიზნესი 6 თვეს ითხოვს მოსამზადებლად, რადგან მათ სახელმწიფოს მხრიდან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. კერძო სექტორი ახლა ბიზნესომბუდსმენის პრემიერთან მოლაპარაკების იმედადაა. 

    ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი ბრძანება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მინისტრთან კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. 

    მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

    ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განაცხადებით, "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიხედვით იხელმძღვანელა. 

    "შეთანხმება მიღწეული არ არის. ამიტომ დღესვე ვაპირებთ მივმართოთ მთავრობას, რომ მოთხოვნები, რაც ჩვენს ოფისში იქნა დაყენებული, გაითვალისწინოს – მინიმუმ გადავადება ან არსებულის შენარჩუნება", – განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ მაჭავარიანი ძალიან პრინციპული იყო.  

    შეიცვალა თუ არა რამე, 10 ივნისის შედეგ "რეზონანსმა" კითხვით ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს მიმართა.

    "ჩვენ სიტვიერად უკვე მივმართეთ მთავრობას, ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა სარეკომენდაციო წერილზე. ამას თავისი პროცედურები აქვს და გადაეგზავნება აღმასრულებელ უწყებას, რათა გადავადდეს "ოქროს სიის" გაუქმება. სხვა მხრივ, არავითარი არსებითი ცვლილება არ არის. ვიცით, რომ ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს", -განმარტეს ლექვინაძის უწყებაში.

    იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ივა ჭყონიაც ადასტურებს, რომ მინისტრმა შეხვედრაზე მტკიცე უარი განაცხადა ბიზნესის მოთხოვნაზე 6 თვით გადავადდეს გადაწყვეტილება. მაჭავარიანმა აღიარა, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია არ ყოფილა, მაგრამ არც ამის ვალდებულება არსებობდა. 

    "შეხვედრაზე, მინისტრმა ცალსახად დააფიქსირა, რომ არ აპირებდა ელემენტარულ დათმობაზე წასვლასაც კი. ამას იმიტომ ვითხოვდით, რომ ინფორმირებულები არ ვიყავით. ჯერჯერობით არ დაგვიკარგავს იმედი, მაგრამ ცალსახაა, მივიღეთ მტკიცე უარი. შეხვედრის შემდეგ, ბიზნესომბუდსმენი დაგვპირდა, რომ ექნება კომუნიკაცია პრემიერთან და ახლა, სწორედ ეს აჩენს იმედს. 

    ჩვენ ვითხოვთ 6 თვით გადავადებას, რათა გადაწყობა მოხდეს და მოვემზადოთ. აქ ხასგასასმელია რომ აქ მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე არ არის საუბარი, პრობლემა შეექმნა წვრილ და საშუალო ბიზნესს 15-დღიანი ვადის გაუქმებით.

    ეს არის არასწორი, არაჯენტლმენური საქციელი მთავრობისაგან. აბურდია, რომ ჩვენ რამე ვიცოდით, რასაც სამინისტრო პირველ ეტაპზე აცხადებდა. გუშინ მაჭავარიანმა პირდაპირ გვითხრა, რომ მას, არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა გავეფრთხილებინეთ. თურმე, ეს ინიციატივა 2017 წელს განხილულა პარლამენტში და იქეთ გაიშვირა ხელი, მათ უნდა ეთქვათო და ლამის დაგვამადლეს აქედან ორი წელი რომ ვსარგებლობდით ამ ნორმით. ნამდვილად არ მივდივართ სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ, უბრალოდ, კომუნიკაციის ფორმაზეა საუბარი. მილიონობით ლარს ეხება საქმე", - განუცხადა ჭყონიამ "რეზონანსს".  

    ახლა, იმპორტიორები, ბიზნესომბუდსმენის პრემიერთან კომუნიკაციის იმედად არიან. ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მძიმედ სწორედ ამ სექტორს დააწვება ცვლილება და იმედი აქვს, რომ მოსამზადებლ დროს მისცემს სახელმწიფო. 

    `სიის გაუქმება ყველაზე მძიმედ ნავთობპროდუქტების სექტორზე აისახება, რადგან ჩვენი ბიზნესი ყველაზე მსხვილი გადამხდელია. ბოლო 2 წლის განამვლობაში აქციზური გადასახადი გაორმაგდა და ეს ტვირთიც შემოტანისას ბიზნესს დააწვა. ამით მის თქმა მინდა, რომ ისედაც ორჯერ მეტი გადასახადის პირობებში, 30-დღიანი ვადა იყო უმნიშვნელოვანესი შეღავათი. ახლა კი ძულებულნი გავხდებით, გამოვიყენოთ საბანკო რესურსი, რადგან ბიზნესი არ იყო მზად. 

    შეხვედრაზე ბიზესის და ბიზნესომბუდსმენის პოზიცია იყო ერთგვაროვანი და ამისათვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ლექვინაძეს, თუმცა ფინანსთა მინისტრმა მშრალი უარი თქმა გადავადებაზეც", - აღნიშნა "რეზონანსთან" მთვრალაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×