სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მხოლოდ პირველ კვარტალში 47%-ით მეტია დახარჯული, ვიდრე შარშან
    მარი ჩიტაია
    11.06.2019

     პრემია-დანამატებს საჯარო სექტორი ვერაფრით შეელია. ათასი მანიპულაციებითა და ხერხით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე პრემიებში მილიონობით ლარი იხარჯება. იმ ფონზე, როცა ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და ქვეყანა სიღარიბის პრობლემას ვერ ერევა, საჯარო სექტორი ადმინისტრაციულ ხარჯს აორმაგებს. 

    როგორც აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის 2019 წლის 3 თვის მონიტორის მონაცემების გაირკვა, პრემიებზე 1.2 მლნ ლარია დახარჯული, რაც 47%-ით მეტია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ჯამურ შრომის ანაზღაურებას, იგი 335,2 მლნ ლარიდან 365,8 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

    მოინიტორინგის თანახმად, თანამდებობრივი სარგოს ხარჯი - 256.6 მილიონი ლარია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 228,8 მლნ ლარი იყო.

    იმავდროულად 44,4 მლნ ლარიდან 49,3 მლნ ლარამდეა გაზრდილი შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი. საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა დანამატების სახით ბიუჯეტიდან წელს 48.5 მლნ ლარი მიიღეს, 2018 წლის 3 თვეში 44,3 მლნ ლარი იყო.

    ბიუჯეტს უფრო მეტი უჯდება სახელმწიფო ჩინოვნიკების მივლინებებიც, თუკი ეს მაჩვენებელი 2018 წლის 3 თვეში 16,7 მლნ ლარი იყო, მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 18,3 მლნ ლარია.

    პრემია-დანამატების ზრდის ტენდენციას დამახინჯებული სისტემის ნაწილს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. იგი მანკიერ ადმინისტრაციულ პრაქტიკას საარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ხარჯზე მთავრობა იქმნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომფორტს, რათა მმართველობის სათავეებთან დარჩენა გარანტირებული ჰქონდეს. 

    "საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ასეთი მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ამ პირობებში უმსხვილესი დამსაქმებელი გახდა მთავრობა, მაგრამ ის ხელფასს მოსახლეობის ხარჯზე იხდის. ამისთვის ჩვენ მკაცრი პასუხი ვერც ერთ მთავრობას ვერ მოვთხოვეთ. 

    ცხადია, რომ მმართველი პარტია კომფორტის ზონიდან ვერ გამოდის და არ ქმნის პირობებს, რამაც დასაქმების სურათი შეიძლება გააუმჯობესოს. პოლიტიკური პროცესის დროს ადვილია გაჭირვებული ადამიანების და საჯარო სექტორში დასაქმებულების გულის მოგება. როცა ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საჯარო ადმინისტრაცია და თითოეულ მოქალაქეს აქვს შიში, რომ შეიძლება აღმოჩნდეს იქ, სადაც შიმშილი მძვინვარებს, მისი პოზიცია ყოველთვის იქნება ლოიალური. 

    ნიშანდობლივია, რომ პრემია-შეღავათების და სახელფასო ფონდის, გნებავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულების რიცხოვნობის ზრდა და მათი სახელფასო-საპრემიო ფონდის ზრდა ყოველთვის ხდება არჩევნების პერიოდში. ეს ადასტურებს, რომ ჩვენს ხარჯზე მთავრობა იქმნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომფორტს, რათა მმართველობის სათავეებთან დარჩენა გარანტირებული ჰქონდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ალაფიშვილი.

    იურისტის ინფორმაციით, დაახლოებით, 320 000 ადამიანი მხოლოდ საჯარო სექტორშია დასაქმებული და საბიუჯეტო რესურსი კატასტროფულად იფლანგება.

    "საჯარო სექტორში დასაქმებული უწყებები, მუნიციპალიტეტები, სამეწარმეო და არასამეწარმეო პირები, ყველა ერთად აღებული, 320 ათასია. წარმოიდგინეთ ეს რამდენი ხმაა და რისი გარანტია აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას?! მათი ოჯახის წევრებიც რომ არ ჩავთვალოთ, საარჩევნო ბარიერის გადასალახად, ეს ხალხიც საკმარისია. ეს ხდება რეალურად, ჩვენი, გადასახდელების გადამხდელი მოქალაქეების ხარჯზე. საკუთარ ჯიბეს და ყოფასაც მსუყედ უზრუნველყოფენ "ხალხის არჩეულები" და მანკიერი სისტემით ახდენენ თავიანთი მმართველობის გაძლიერებას და გაგრძელებას. ეს უნდა დასრულდეს! ამისთვის, როგორც ჩანს, არასამათავრობო ორგანიზაციების, აუდიტის სამსახურის დასკვნებიც აღარ არის საკმარისი. 

    ასეთ შემთხვევაში, პარლამენტმა, როგორც მინიმუმ, უნდა დაიბაროს პრემიერ-მინისტრი ან სხვა პასუხისმგებელი პირი და ახსნა-განმარტება მოსთხოვოს. დააწესოს კანონი და მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს. ხელისუფლება ხალხის სადარაჯოზე რომ დადგეს, ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ასე არ იქცევა. ამიტომ გადაწყვეტილება ამომრჩევლებმა უნდა მივიღოთ, რადგან პრემიების განუხრელი ზრდა არის სენი, რომელიც ყველა ხელისუფლებას თან სდევს. ბიუროკრატიის ზრდით ჩვენ დავასრულებთ სახელმწიფოს განვითარებას", - აცხადებს ალაფიშვილი. 

    სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა გადავიდეს საჯარო სექტორის რეგულირებაზე, პირველ რიგში, სწორედ პრემია-დანამატების კუთხით. ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ პრემიები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.

    "ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია, მაღალია უმუშევრობა, ამ დროს კი საჯარო მოხელეების მიერ აღებული პრემია-დანამატები აქტუალური და მძიმე პრობლემაა. რაც დროს გადის, ეს სულ უფრო მახინჯ ფორმას იძენს. ამიტომ აუცილებელია მონიტორინგი. სახელმწიფო სხვადასხვა ეკონომიკურ რეგულაციას ატარებს ქვეყნის ეკონომიკაში და ერევა კერძო სექტორის საქმიანობაში. მან უნდა შეწყვიტოს კერძო კომპანიების რეგულირება, მისცეს მათ თავისუფალ ბაზარზე საქმიანობის შესაძლებლობა და სამაგიეროდ, გააქტიურდეს სახელმწიფო სექტორში. თუ ვინმეს სჭირდება კონტროლი და რეგულაცია, ეს საჯარო სექტორია. 

    პრემიები უნდა გაიცეს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ხელმძღვანელი პირები ხელქვეითებთან შედარებით არ უნდა იღებდნენ კოლოსალურ დანამატებს. აუცილებელია, კანონის დონეზე გაიწეროს, თუ რა სახელფასო დანამატს უნდა ელოდოს თანამშრომელი გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მონიტორინგი გაუწიოს ყველა ხარჯს და მოითხოვოს რეგულაციები, რაც აკრძალავს სახელფასო დანამატების არამიზნობრივად გაცემას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაკალათიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×