სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამას ჰქვია სავალუტო ბაზარზე წაამოებული "კოჭლი პოლიტიკა"
    მარი ჩიტაია
    06.06.2019

     ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ცალმხრივი ინტერვენციებით ლარს გამყარების შანსს უსპობს. სულ ცოტა ხნის წინ სებ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ იყო და აღარ გააგრძელებდა ბაზრიდან დოლარების ამოღებას, მაგრამ რამდენიმე დღეში საპირისპიროდ მოიქცა. 6 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 

    როგორც სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, სავალუტო ბაზარზე ხებ-ის პოლიტიკას ლარი გაუფასურებისკენ მიჰყავს და პრობლემას ქმნის.

    იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი 2,70-ზეა გათვლილი, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ გაცვლითი კურსიამ ნიშნულზე მაღლა შეინარჩუნოს. სებ-ის ინტერვენცია ლარზე ცუდად იმოქმედებს, რაც "რეზონანსს" ფინანსისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა დაუდასტურა.

    მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი უხეშად ერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის. ეს მაშინ, როცა დევალვაციის დროს საერთოდ არაფერს აკეთებს. 

    "ჩემთვის აბოლუტურად გაუგებარია სებ-ის პოზიცია სავალუტო ბაზარზე. ცალსახაა, რომ მან უნდა აწარმოოს ორმხრივი ინტერვენციები ანუ როგორც დოლარის შეძენის თვალსაზრისით, ისე დოლარის გაყიდვის მხრივაც, რათა რყევის გარკვეული დიაპაზონი შეარბილოს და არ მოხდეს სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილება. ქვეყნის მთავარი ბანკი რატომღაც ცალმხრივად იქცევა, ამას ჰქვია სავალუტო ბაზარზე "კოჭლი პოლიტიკა", რითაც მხოლოდ დოლარის შესყიდვა ხდება. ეს არ არის სწორი. 

    არავინ ამბობს, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვა მიზანშეწონილია,  მაგრამ მისი დოზირებულად გამოყენება, რათა შეინარჩუნოს კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობა, ეს უკვე აუცილებელია. მაგალითად, დაახლოებით 2005 წლამდე ეროვნული ბანკი ახორცილებედა ორმხრივ ინტერვენციას - როდესაც დოლარს ყიდულობდა, ის ავსებდა რეზერვებს, შემდგომში თუ სჭირდებოდა, დოზირებულად ყიდდა მას. ეს პოზიტიურად აისახებოდა ლარის კურსის მერყეობაზე. დღესდღეობით აბსოლუტურად გაუგებრად იქცევა იგი. მესმის, რომ საერთოდ არ იღებდეს მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე და გაერიდოს. ეს რაღაც პოზიცია იქნებოდა, მაგრამ ასე ცალმხრივი მიდგომა არანორმალურია", - აცხადებს "რეზონანსთან" ხომიზურაშვილი. 

    მისი შეფასებით, ვალუტის კურსის ფორმირების პრინციპი და სებ-ის პოზიცია ცალსახად უნდა იყოს გამოკვეთილი, მაგრამ ვითარება სინამდვილეში საპირისპიროა. 

    "აუცილებელია ცოდნა, რომ საქართველოს ტიპის განვითარებად ქვეყნებში, სადაც არის პატარა ეკონომიკი, სავალუტო ნაკადები მწირია და ბაზრის მონაწილეები ცოტაა. "ბლუმბერგის" სისტემაში სავალუტო კურსი თავისუფლად არ უნდა იყოს მიშვებული. ასეთი პრინციპი შეიძლება მუშაობდეს ევროპაში, აშშ-ში, სადაც უზარმაზარი სავალუტო ნაკადია და კურსზე ზემოქმედება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. 

    შესყიდვის თვალსაზრისით, 10 მლნ დოლარი არაფერს ნიშნავს, მიზერული თანხაა, რაც გავლენას ვერ მოახდენს კურსზე, მაგრამ სებ-ის მიდგომაა დამაფიქრებელი. ის უნდა ახორციელებდეს როგორც დოლარის შეძენას კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით, ასევე გაყიდვასაც, თუკი მოთხოვნა იზრდება რომელიღაც ვალუტაზე. ამ შემთხვევაში უნდა იქცეოდეს როგორც "პრაიმდილერი" და მისი ამოცანა კურსის მერყეობის დიაპაზონის შენარჩუნება უნდა გახდეს. ეს იყო სავალუტო ფონდის ადრინდელი რეკომენდაცია, არ ვიცი ახლა რა რჩევებს იძლევა იგი, მაგრამ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციებია. 

    ვალუტის კურსის ფორმირების პრინციპი და სებ-ის პოზიცია ცალსახად უნდა იყოს გამოკვეთილი და ახორციელებდეს ორმხრივ ინტერვენციებს, რაც დაუწერელი წესია. თუმცა სებ-ი ასე არ იქცევა, არ ვიცი რა მოტივი ამოძრავებს მას. სავალუტო რეზრვების შევსება არ არის მისი მიზანი, როცა კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდეს", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

    განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს სპეციალისტ, პროფესორ გოჩა თუთბერიძეს, რომელიც  ფიქრობს, რომ კურსი ეკონომიკის რეალურ ვითარებას ასახავს და არსებულ სიტუაციაში დოლარის შესყიდვა ლარის მკვეთრ გაუფასურებას ვერ გამოიწვევს. 

    "10 მლნ დოლარის ყიდვა არ არის ის ინტერვენცია, რაც დიდ გავლენას მოახდენს კურსზე. გავლენას უფრო მაკროეკონომიკური პროცესები ახდენენ. ექსპორტი მატულობს, ტურისტების რაოდენობა იზრდება და ფუნდამენტური ფაქტორები ამ მხრივ წესრიგშია. ცხადია, ხწრაფი გამყარებაც არ არის სასურველი, არასწორ მოლოდინს შექმნის. 

    ვფიქრობ, ბოლოდროინდელი რყევა არჩევნებს უკავშირდება და გამოწვეული იყო შავი და თეთრი ფინანსური რესურსის ხარჯვით, ასევე გარე ფაქტორებითაც. არჩევნების გავლენა მოიხსნა და კურსი მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას უბრუნდება. 

    სებ-ს აქვს თავისი პოლიტიკა, მან უნდა შეავსოს რეზერვი. ნორმატივს ჩამორჩება, ამიტომ მოუწევს უცხოური ვალუტის შესყიდვა, რომ რეზერვი იყოს როგორც ამას ახალი ზღვარი ითხოვს. სავალუტო რყევის მიუხედავად, მცირე რაოდენობით დოლარის შესყიდვებს გააგრძელებენ, რითაც ეროვნული ბანკი რეზერვს ნელ-ნელა ავსებს და ის თავის პოზიციას არ შეცვლის. 

    ჩემი აზრით, საჭიროა სტრუქტურული რეფორმების განხორცილება, სხვა შემთხვევაში, ეს პრობლემები გვექნება. საჭირო იყო სიღრმისეული ეკონომიკური რეფორმების განხორცილება ბოლო წლების განმავლობაში, რაც ვერ გააკეთეს", - ამბობს "რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved