სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბოლო 5 დღეში ნედლი ნავთობი ერთბაშად 20 პროცენტით გაიაფდა და როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება
    მარი ჩიტაია
    03.06.2019

     ბოლო 4-5 დღეში საწვავი 19%-ით გაიაფდა. ზრდისკენ აღებული კურსი, რომელიც ფასს ახასიათებდა, ბოლო დღეების განმავლობაში მოულოდნელად შეიცვალა და საწვავის ღირებულება 75 დოლარიდან 61 დოლარამდე ერთბაშად შემცირდა. ანალიტიკოსები საწვავის გაიაფების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა დაეცა, იმავდროულად კი, წარმოება გაიზარდა. გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის თავბრუდამხვევი ვარდნაა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. 

    ამ ეტაპზე გვაქვს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ლარის გაუფასურება ვერ იქნება ისეთი გავლენის მომხდენი, რომ მან ნავთობის ამხელა ვარდნა გადაფაროს. საწვავის გაიაფების მიზეზად ანალიტიკოსები ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვას და კრიზისს მიიჩნევენ. 

    საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ფასზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია სავაჭრო ომი მსხვილ მწარმოებელბს შორის, რის გამოც ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 

    "ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისია. ირანის გარშემო კვლავინდებურად დაძაბული სიტუაციაა და დაწესებული სანქციები თავიდან ბოლომდეა ამოქმედებული, რის ფონზეც ნავთობზე ფასები ცვლილებას განიცდის. ბოლო 4 დღეა, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა და შეიძლება ითქვას, ჩამოიშალა ფასი, რის უმთავრესი ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომია. 

    ამ ეტაპზე საკმაოდ აქტიურად განიხილება აშშ-ს პოზიცია ირანთან მიმართებით, რომელიც პერმანენტულად მძიმდება და ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაშია გადასული. მეორე მხრივ, ფასზე მოქმედებს ბოლო პერიოდში აშშ-სა და მექსიკას შორის დაწყებული სავაჭრო ომიც, ამ პროცესებმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა, რომ ფასები კლებისკენ წამოვიდა. ეს გახდა ასევე წინაპირობა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობზე გლობალური მოთხოვნა შემცირდება. აქვე იგულისხმება ეკონომიკის ზრდის ის დონე და ტემპი, რომელსაც პროგნოზირებდნენ, მაგრამ მიღწეული არ იქნება. 

    ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ფასზე. საკმაოდ რთული მოცემულობა შეიქმნა. ფასი წამოვიდა კლებისკენ, მაგრამ მარაგები გაზრდილია, წარმოება (მათ შორის ფიქალური ნავთობისა), მნიშვნელოვნად არის მომატებული. მთლიანოაბში, ბევრი წინააღმდეგობრივი მომენტია. ერთი მხრივ, ძალაშია ის პროცესი, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება და მეორე მხრივ, ყველა მოცემულობა - ახლო აღმსოავლეთში შექმნილი ვითარება, სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებს, მექსიკასა და ჩინეთს შორის, ფასის შემცირებაზე მოქმედებს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" მთვრალაშვილი და დასძენს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გამოძახილი მოჰყვება საერთაშორისო პროცესებს საქართველოში და როგორ შეიცვლება ფასები მომდევნო პერიოდის განმავლობაში, როცა ლარი საკმაოდ არის გაუფასურებული.

    "საერთაშორისო ფასი საქართველოშიც მოახდენს გავლენას, მაგრამ ჯერ პროგნოზი ნაადრევია. გაიაფების პროცესი რამდენიმე დღის დაწყებულია, ტენდენცია შენარჩუნდება თუ შეიცვლება, ამაზეა დამოკიდებული ადგილობრივი ბაზარიც. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის ტენდენციას ვაკვირდებით და ასე მოკლე პერიოდში პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მთავარია, ის მოცემულობა შენარჩუნდეს, რაც საწვავის გაიაფებას უზრუნველყოფს. აქ მნიშვნელოვანია ლარის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან არის გაუფასურებული", - ამბობს მთვრალაშვილი. 

    მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების დამფუძნებელი ბექა კემულარია ფიქრობს, რომ საწვავის გაიაფება დაახლოებით 2 კვირაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე მიიღებენ თუ არა იმპოირტიორები ასეთ ზომებს, ანალიტიკოსი პროგნოზს ვერ აკეთებს.

    "ჩვენთან ფასმა ბოლოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 31 მაისს მოიმატა. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ საწვავის ღირებულება კომპანიებმა ერთბაშად შეამცირონ, როგორც მსხვილ, ასევე წვრილ არაბრენდირებულ კომპანიებში. 

    იმის გამო, რომ ბაზარზე მონოპოლიაა და ფასი შეთანხმებულად დგინდება, გაუგებარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმპორტიორების ქმედებები ეკონომიკურ კანონზომიერებას ხშირად სცდება. არ გამოვრიცხავ, ახლაც იგივე მოხდეს. ამიტომ ფასთან დაკავშირებით წინასწარ მიჭირს საუბარი, თუმცა ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საწვავი გაიაფდეს. 

    ჩემი აზრით, საერთაშორისო ტენდენცია გარკვეულ პერიოდში შენარჩუნდება, ფასი კლებას აქაც დაიწყებს, სავარაუდოდ, 2 კვირის შემდეგ აისახება საცალო ქსელში. ყველაფერთან ერთად ლარიც უნდა გამყარდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კურსის საბაბით კომპანიებმა საწვავის გაიაფებისგან თავი შეიკავონ, ასეც ხშირად ხდება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კემულარია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved