სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბოლო 4 წელია სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ადამინების კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ვერ მალავს
    მარი ჩიტაია
    31.05.2019

     დასაქმების დონე ბოლო 4 წლის განმავლობაში მუდმივად მცირდება.  ოფიციალური სტატისტიკითაც კი დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსახლეობის გადინების გამო დასაქმების დონემ იკლო და ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაშიც, თუ სახელმწიფო შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2015 წელს ქვეყანაში 1 733.8 დასაქმებული იყო, მომდევნო 2016 წელს მათი რაოდენობა 1 717.3-მდე შემცირდა, 2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 706.6 შეადგინა, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1 694.2-მდე არის შემცირებული. 

    სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მიგრაციის გამო ქვეყანამ შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი დაკარგა. მათივე შეფასებით, სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია, სანამ დასაქმების სტრუქტურა არ გაუმჯობესდება. პრობლემის მიზეზად ექსპერტების ნაწილი შრომის კოდექსის ხარვეზს მიიჩნევს, რითაც დასაქმებულის უფლებები აშკარად შეზღუდულია.

    სტატისტიკოსი გივი მომცელიძე შექმნილ სიტუაციაში მთავრობას რეგულაციების შერბილებისკენ მოუწოდებს.

    "საქართველოდან სამუშაო ძალა გადის. შესაბამისად, როდესაც დასაქმებულთა აღრიცხვა ხდება, ეს ხალხი დასაქმებულთა ნუსხაში უკვე აღარ არის. რეალურად უმუშევრობა არ არის შემცირებული და შრომისუნარიან მოქალაქეებსაც ვკარგავთ. ამას სამომავლოდ ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ეკონომიკაში საჭიროა ლიბერალური მიდგომა, სწრაფი ზრდა უნდა მოხდეს, რაც იქნება გარანტია, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. შესაბამისად, ადამიანები ქვეყნიდან არ გაიქცევიან. 

    მართალია, მშპ-ს ზრდა 5,1%-ს შეადგენს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი, რადგან ხელს ვერ უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ამ მხრივ პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. მუდმივად ერთ ადგილს ვტკეპნით. არა მგონია, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ დასაქმებას უწყობდეს ხელს, რეგულაციების გამკაცრებაზე გადავიდა, ამას იმით "აპრავებს", რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს და ამის გამო სამუშაო ადგილების პოტენციური შექმნის ტემპს ვანელებთ. 

    ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა პერიოდში, როცა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ხელისუფლებას წამმართველი როლი ეკისრებოდა. პირიქით, ამ მასშტაბით არ უნდა იყვნენ ჩარეული ეკონომიკურ პროცესებში, მისი როლი ამ მხრივ შესამცირებელია. სანამ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგმება მოქალაქეების დასაქმების კუთხით და რეალური სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - ამბობს "რეზონანსთან" მომცელიძე. 

    ეკონომისტ სანდრო თვალჭრელიძის შეფასებით კი, შრომის კოდექსი დასახვეწია და შესაქმნელია ისეთი დოკმენტი, რაც დასაქმებულების უფლებებს დაიცავს.

    "ჩვენი ხელისუფლება სიამაყით ამბობს, რომ უმუშევრობის დონე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია და ამით თავს იწონებენ კიდეც. თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა, დაახლოებით 800 ათასმა, დატოვა საქართველო. ეს არის აქტიური მუშახელი, რომელიც დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, სტატისტიკის ახსნა საკამოდ მარტივია. უნდა შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, რომელიც ემიგრანტებს უკან დააბრუნებს. 

    საქართველოს შრომის კოდექსი არის ძირფესვიანად შესაცვლელი, რადგან მასში დასაქმებული უფლებები არის აბსოლუტურად შეზღუდული. არაფრისგან არ ვართ დაცული, რჩება ერთადერთი გზა გაფიცვა, რაც მოხდა ჭიათურის შემთხვევაში. ამიტომ შრომის კოდექსი დასახვეწია. 10 წელია, ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება", - ამბობს "რეზონანსთან" თვალჭრელიძე. 

    დასაქმების მხრივ შექმნილი სიტუაცია გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებშიც კრიტიკას იწვევს. ორგანზიაციის ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე ამბობს, რომ ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა სწორად უნდა განისაზღვროს, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

    "საქართველოდან ადამიანები გარბიან, როგორც კეთროვანი ქვეყნიდან, რადგან არ აქვთ სამუშაო ან დაბალი შემოსავლებით ოჯახებს ვერ არჩენენ და ამ სიტუაციაში გაქცევაში ხედავენ გამოსავალს. ხელისუფლებამ ვითარების გაუმჯობვესებაზე უნდა იზრუნოს, დღესდღეობით დასაქმების პოლიტიკაზე სულ 4 მლნ ლარამდე იხარჯება, რაც არასაკმარისია. ქვეყანას 255 ათასი უმუშევარი ჰყავს და მოქმედი პროფესიული გადამზადების პროგრამებით რეალურად მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანი შეიძლება გადამზადდეს. ხალხს არ აქვს რეალური შანსი, რომ იმუშაონ. უჭირთ ახალგაზრდებსაც, ამიტომ სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა სწორედ მათი დასაქმებისკენ უნდა მიმართოს", - ამბობს ჭანტურიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×