სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლარის გაუფასურებამ, პირველ რიგში, სწორედ მედიკამენტები გააძვირა
    მარი ჩიტაია
    30.05.2019

     მედიკამენტების ფასმა ბოლო 1 თვეში, საშუალოდ, 10-11%-ის ფარგლებში მოიმატა. ცხადია, გაძვირება ლარის კურსს უკავშირდება, თუმცა სპეციალსიტების მოსაზრებას თუ გავითვალსიწინებთ, ფარმაცევტული კომპანიები იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რომ ფასის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი რესურსი აქვთ, რასაც რეალურად არავინ აკეთებს. დევალვაციის ფონზე მიზანმიმართულად სწორედ ის წამლები ძვირდება, რაც ყველაზე მოთხოვნადია. 

    გრძელვადიან სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, წამლები საქართველოში 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, ოფიციალურად 80%-ით არის გაძვირებული.

    როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ეს გასაშუალებული მაჩვენებელია და რიგი კატეგორიის წამლები (ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო და სხვა) ბოლო 6 წლის განმავლობაში 200%-ით და მეტადაც არის გაძვირებული.

    "ბოლო კვლევების მიხედვით, რაშიც მრავალი სპეციალისტი მონაწილეობდა, წამლების არნახული გაძვირება დასტურდება. 6 წლის განმავლობაში მედიკამენტები, საშუალოდ, 80%-ით არის გაძვირებული, როცა საკვებ პროდუქტებზე გვაქვს 25%-იანი ზრდა, ხოლო დასვენება-მომსახურების საფასური 22%-ით არის გაზრდილი. ცხადია, ეს 80% გასაშუალებული მაჩვენებელია, სინამდვილეში გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. ზოგი მეტად გაძვირდა, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ფასების კატასტროფული ზრდა შეეხო, ძირითადად, იმ წამლებს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. 

    ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ერთადერთი, რაც ბოლო წლებში მედიკამენტების გაძვირების ტემპს უსწრებს, თამბაქოა. ამდენად, წამლების გაძვირების ტენდენცია იყო და გრძელდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უკვე ნახტომისებურ ფაზაში გადავიდა. ბოლო 3-4-კვირიან პერიოდში, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო პრეპარატებსა და სხვა კატეგორიის წამლებზე ფასის ზრდა 10-11%-ის ფარგლებშია", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ და დასძინა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე საფასო ფასებთან დაკავშირებით ვითარება იქნება ყოველთვის უმართავი, სანამ სახელმწიფო ამ სექტორის რეაგულირებას არ მოახდენს და კონკურენტული გარემო არ ჩამოყალიბდება.

    "ჩვენი კვლევების მიხედვით, რაშიც სპეციალისტების ფართო სპექტრი მონაწილეობდა, აბსოლუტურად ყველა აღნიშნავდა, რომ ფასების ზრდის პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია არასწორი და გაუაზრებელია. ლარის კურსის ვარდნის გარეშეც ასე მოხდებოდა, მაგრამ კურსმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი და ვითარება დაამძიმა. თუკი ადრე ყოველწლიურად 9-10%-ით ძვირდებოდა წამლები, ახლა უკვე დადგა ფაქტი, რომ ეს პროცესი ტემპს კატასტროფული სისწრაფით კრეფს. 

    სხვა ნორმალური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში  ფარმაცევტული ბაზარი დერეგულირებულია, ხანდახან მოგვყავს ევროპის მაგალითი, სადაც ევრორეგულაციები მოქმედებს. გააზრებული პოლიტიკის მიხედვით აქაც შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის კონკურენტული გარემო გვჭირდება, კონკურენციის სააგენტოს არაერთხელ მივმართეთ ბაზრის შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ ამ პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ", - ამბობს ჩიხლაძე. 

    წამლების გაძვირებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელი მარინა ბერაძეც, რომელიც ფარმაცეფტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს.

    "ყველა ჩივის, რომ წამლები გაძვირდა. თუ აქციის საშუალებით თუ სხვა მექანიზმით ერთი დასახელების წამლის ფასი შემცირდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მედიკამენტის ღირებულებამ ორჯერ არ მოიმატა. წამლების ფასი მოსახლეობის გადაუჭრელი პრობლემაა. ხოლო წამლების რეკლამირება ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედონ. ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება ადამიანებზე ზემოქმედება და ეს უნდა გამოსწორდეს. ისე მივეჩვიეთ მედიკამენტების გაძვირებას, რომ უკვე არც გვიკვირს, როცა ამის შესახებ ინფორმაციას ვისმენთ, მოსახლეობაც შეეჩვია. 

    არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფთიაქებში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებების ფასების მხრივ, არანორმალური სიტუაციაა. როგორ შეიძლება 18 ლარი ღირდეს კბილის ჯაგრისი ან რა ფული უნდა ეყოს კბილის ძაფებს, პირის ღრუს სავლებებს და სხვა, რომელიც ძალიან გაძვირებულია. უცხოეთში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურ ფასად იყიდება და ყველა ადამინისთვის ხელმისაწვდომია, აქ კი აქსესუარების რანგში აჰყავთ, ეს არის არანორმალური მოვლენა~, - ამბობს ბერაძე.

    ფასებთან დაკავშირებით მსხვილ სააფთიაქო ქსელებში კომენტარს არ აკეთებენ. ამ თემაზე საუბარს გაურბიან არაბრენდირებული კომპანიების წარმომადგენლებიც, თუმცა ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქის მენეჯერი ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით, კომენტარზე დაგვთანხმდდა. როგორც მან `რეზონანსს~ განუცხადა, მაისის დასაწყისიდან თითქმის ყველა დასახელების უცხოური მედიკამენტი 2-3%-ით გაძვირდა, ხოლო არის წამლები, სადაც სხვაობა 7-8%-ს აღწევს.

    "მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოგვდის. იმპორტი სავალუტო კურსზეა მიბმული. იმის გამო, რომ ხშირი რყევაა და კურსმა სტაბილურობა დაკარგა, ფასის გადახედვა ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს. მაისში ფასმა საშუალოდ 2-3%-ით მოიმატა. ზოგიერთი მედიკამენტის შემთხვევაში, ცვლილება 7-8%-ის ფარგლებშია. როგორც კი საშულება მოგვეცემა, შევამცირებთ, მაგრამ ლარის მიმართ პროგნოზი ისეთია, რომ არ არის გამორიცხული, წამლები კიდევ გაძვირდეს. ამ ეტაპზეც მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რაც კომპანიის შემოსავალზეც აისახება", - აღნიშნა აფთიაქის მენეჯერმა.

    როგორც სპეციალისტები აცხადებენ, წამლის ფასი საქართველოში მონოპოლიური ფაქტორითაც არის განპირობებული და ამ პროცესს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს. ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ ფარმაცეფტული ბაზრით დაინტერესდნენ და კვლევა ამ მიმართულებითაც განახორციელონ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved