სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვინ გადაიხდის აპარატურისა და მონტაჟის თანხას, ეს ჯერ კიდევ გარკვეული არ არის
    რეზონანსი
    29.05.2019

     წლის ბოლომდე ყველა ოჯახისათვის სავალდებულო გახდება გაზის დეტექტორების მონტაჟი, როგორც ახალ აშენებულ, ისევე ძველ კორპუსებში. რადგანაც მოსახელოებისათვის ეს მძიმე ფინანსური ტვირთი იქნება, მონტაჟი, შესაძლოა, გაზის კომპანიამ უზრუნველყოს და შედეგ გადაანაწილოს გადასახადი. ჯერჯერობით უცნობია, მზად არის თუ არა კომპანია, მსგავსი ხარჯების საკუთარ თავზე ასაღებად და ცვლილება მხოლოდ დედაქალაქს შეეხება თუ რეგიონებსაც. 

    ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველა ოჯახისთვის, როგორც ძველ, ასევე ახალ კორპუსებში. სპეციალური აპარატურის დამონტაჟება ამავე წელს გახდება სავალდებულო.

    "კომპანიები უკვე აღარ იბარებენ კორპუსების შიდა ქსელებს დეტექტორების გარეშე, რაც მომხარებლების უვნებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძველ კორპუსებშიც ასევე დაევალებათ აპარატურის დამონტაჟება. რაც შეეხება ამის კონტროლს, შეიქმნება დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ბინაში გაზის დეტექტორის არსებობას. ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროში და მას განხილვა სამთავრობო დონეზე სჭირდება", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

    მანვე დეტექტორების შეღავათიანად შეძენის სისტემის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მომავალში დაინერგება: ვფიქრობთ დეტექტორების შეღავათიანი შეძენის სისტემაზეც. იგი, შესაძლოა, მძიმე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს, ამიტომაც პირველ ეტაპზე მოხვდეს კომპანიის მონტაჟის ფარგლებში და შემდგომ გადაანაწილოს მისი გადახდის გრაფიკი.

    ენერგოომბუდსმენის თქმით, დეტექტორების შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზიაში, თუმცა ეს უნდა იყოს იმ დონისაპარატურა, რომ მან არა მხოლოდ შეგვატყობინოს და სიგნალი მოგვცეს საფრთხის შესახებ, არამედ საჭიროების შემთხვევაში მრიცხველთან იქონიოს კავშირი და ავტომატურად გათიშოს გაზის მიწოდება.

    "რეზონანსი" დამატებითი პასუხებისათვის დაუკავშირდა სალომე ვარდიაშვილს, რომელმას აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული ვინ და რა ფორმით მიიღებს შეღავათიან სისტემაში მონაწილეობას. 

    "მთავარი თემა, რომელსაც ახლა ენერგომბუდსმენის აპარატი ემსახურება არის უსაფრთოება, დევიზით - "გაუფრთხილდი სიცოცხლეს!". სამუშაო ჯგუფში, რომლიც მუშაობს ვცლილებათა პაკეტზე მეც ვარ ჩართული, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ მიიღებს შეღავათიანი ტარიფის დადგენაში მონაწილეობას, მაგრამ ვიცით, რომ ეს აუცილებელია. ასევე, ვიცით, რომ ცვლილებები წლის ბოლომდე შევა ძალაში და გავრცელდება, ყველა აბონენტზე", - აცხადებს ვარდიაშვილი. 

    დეტექტორები აუცილებელია, თუმცა ეს არ არის პირველადი საჭიროება. აკადემიკოს სიმონ ბარამიძის აზრით, მთავარი ბუნებრივ აირში ოდორანტის დამატებაა. ამასთან, აკადემიკოსი დეტექტორების დამონტაჟებისას მკაცრი ტექნიკური რეგლამენტის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს, რათა ცვლილება ფორმალური ხასიათის არ იყოს. 

    "მხოლოდ დეტექტორი ვერ იქნება გამოსავალი. ეს არის საჭირო, მაგრამ არა პირველი რიგის ამოცანა. აუცილებელია გაზს დაემატოს ოდორანტი. ამის გარეშე უსაფრთხოება წარმოუდგენელია. მით უფრო, რომ ჩვენ ტარიფში ოდორანტის წილსაც ვიხდით. არც ერთი, მოწყობილობა, მათ შორის არც დეტექტორი, არ არის 100 პროცენტით სანდო და ვერავინ გამორიცხავს ხარვეზს ან მის მწყობრიდან გამოსვლას. ამიტომ არ ვეშვები ოდორანტის თემას. 

    ასევე, საინტერესოა ვინ დააყენებს აპარატურას, როგორ იმუშავებს ის, გაზის ჭარბი ოდენობის შემთხვევაში რა მოქმედებას აკეთებს - ხმას გამოსცემს ფერს იცვლის თუ კეტავს გაზს? დეტექტორმა ჩემ მაგიერ თუ არ შეასრულა მოქმედება კრიტიკულ სიტუაციაში, ისე აზრს ვერ ვხედავ. ბავშვი რომ იყოს მარტო სახლში, არც ხმის გამოცემა და მით უფრო ფერის შეცვალა არ იქნება ეფექტური. ძალიან მკაცრად უნდა გაიწეროს რეგლამენტი, სად დამონტაჟდება, რამდენ კვადრატულ მეტრზე იმუშავებს და გაზის რა ოდენობას ჩათვლის მოჭარბებულად", - აღნიშნა "რეზონანსთან"საუბრისას სიმონ ბარამიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ევა   (30.05.2019)
    ანუ გაზის დეტექტორებუს ფასი წლის ბოლომდე გეომეტრიული პრიგრესიით გაიზრდება.და ამ შემთხვევაშიც ვიღაც იხეირებს მოსახლეობის ხარჯზე,როგორც ყოველთვის ხდება საქართველოში


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved