სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რად გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც ეროვნულ ვალუტას ვერაფრისგან ვერ დაიცავს?"
    მარი ჩიტაია
    29.05.2019

     ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს. კურსი კატასტროფულად უფასურდება და ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან ვერ გამოდის. არანაირი ფუნდამენტური მიზეზი, რაც შეიძლება კურსზე მოქმედებდეს, არ გვაქვს და არც გამოსავალი ჩანს. იმის მაგივრად, რომ ლარს უშველონ, მთავრობა ხალხის მოტყუებას განაგრძობს და ათასნაირი ხრიკით ცდილობს სავალუტო კრიზისი გარეშე ფაქტორს გადააბრალოს. იტყუება ქვეყნის პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომლებიც მუდმივად გვეუბნებიან, რომ კურსი მოკლევადიან რყევებს განიცდის და მალე დასტაბილურდება. რეალურად კი ყველაფერი პირიქით ხდება.

    დიდი მცდელობის მიუხედავად, ლარის კურსის თაობაზე მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირება "რეზონანსმა" ვერ  შეძლო. ისინი სატელეფონო ზარებს ან არ პასუხობენ, ან კითხვის დასმისთანავე თიშავენ ტელეფონს იმ საბაბით, რომ გადაუდებელი საქმე აქვთ.

    ამიტომ შევეცადეთ, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ბოლოდროინდელი შეფასებებისთვის კიდევ ერთხელ გადაგვეხედა და გვეჩვენებინა, მთავრობა როგორ აყრის თვალში ნაცარს ხალხს, როცა ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება ლართან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1 კვირის წინ გააკეთა, როცა კურსი 2,76 იყო და ვალუტის გამყარებას დაგვპირდა. 

    „ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე, ამიტომ ეს პროცესი არის მოკლევადიანი. ეს ყველაფერი ბუნებრივად დაუბრუნდება თავის ნიშნულს“, - განაცხადა მან.

    ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი ლარის გაუფასურება გარე შოკით ახსნა, რაც არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება. 

    ,,აქ არის გარე შოკი, ძირითადად, ლირის ზემოქმედება, რადგან თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი, მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება, ეკონომიკური პოლიტიკა იმდენად დაბალანსებულია, რომ ეს შოკი არ არის მნიშვნელოვანი. თუ შევადარებთ, როგორი რყევა ახასიათებს სხვა მეზობელ ქვეყნებს თავის ვალუტებში, ნახავთ, რომ საქართველო ამ მხრივ ყველაზე უფრო დაცულია“, – განაცხადა თურნავამ.

    მის შეფასებას ერთი ერთში იმეორებს ფინანსთა მინისტრიც, რომლის განცხადებიტაც ლარის გაუფასურების ,,ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია თურქეთი".

    მეზობელ ქვეყანაზე ლარის დევალვაციის პროცესის გადაბრალება, უბრალოდ, არასერიოზულია. ჯერ ერთი, იქ ბოლო პერიოდში კატასტროფული გაუფასურება არ მომხდარა და თანაც ლირამ კარგა ხანია გამყარებისკენ აიღო გეზი. 3 კვირაა თურქული ვალუტა მყარდება და ტენდენცია არ უცვლელია. კერძოდ, 8 მაისს 1 დოლარი 6,20 ლირა ღირდა, ხოლო 29 მაისის მდგომარეობით, 6,01-ია.

    თამამად შეიძლება თქმა, რომ ჯერჯერობით რაიმე სახის კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ გაკეთებულა. ამ დროს კი ახლო პერიოდში მოსალოდნელია ფასების მკვეთრი ზრდა და ინფლაცია.

    რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პოზიციას არც კობა გვენეტაძე იცვლის.

    "გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათზე ინფორმაცია  რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც არის ზუსტად, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები, მოკლე რყევებზე კომენტარს ვერ აკეთებენ", - აცხადებს იგი.

    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მედიას ემალებიან, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურებას სპეკულაციური ფაქტორების გავლენით ხსნის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. იგი ადასტურებს, რომ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები კურსთან დაკავშირებით სიცრუეა.

    "საქართველოში ეკონომიკა, როგორც დარგი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ლარის კურსი პირობითი მცნებაა და მთავრობას არც არავინ ეკითხება კურსს და ვერც ვერაფერს აკეთებს. რასაც გაიძახიან, წმინდა წყლის სიცრუეა, რეალურად ჩვენ არც ეკონომიკა გაგვაჩნია და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც პასუხი არ აქვთ. ასეთ პირობებში თავისუფალ ცურვაშია როგორც კურსი, ასევე ქვეყნის ეკონომიკაც. კერძო ინტერესები წინა პლანზეა წამოწეული და ეკონომიკის სამინისტროც ამ ინტერესებს ემსახურება. 

    თუკი გარე ფაქტორია მიზეზი, მაშინ რად გვინდა მთავრობა, რომელიც ეროვნულ ვალუტას ვერ დაიცავს?! ცხადია, რომ კურსი ბანკების სპეკულაციების გამო უფასურდება. არავინ მათ არ აკონტროლებს და სავალუტო სპეკულაციებით უზარმაზარ ფულს შოულობენ. ზაფხულში, როცა ტურისტული სეზონი აქტიურია და დოლარის შემოდინებაა, კურსს ვერ ვაკონტროლებთ, რაც მაფიქრებს, რომ აბსოლუტურად სპეკულაციური მომენტებია", - აცხადებს "რეზონანსთან" დეპუტატი.

    საბანკო სფეროს სპეციალისტების განცხადებით, ლარი მთავრობის დაუბალანსებელი ხარჯების გამო უფასურდება. შექმნილ სიტუაცუაში ფინანსისტი დავით წიქარიძე ერთადერთ გამოსავლად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მიიჩნევს.  

    "არავითარი წინაპირობა, რომ ლარი გაუფასურდეს, არ არის - ტურიზმი ვითარდება, ვალუტა შემოდის. ის, რომ ლარი თურქული ვალუტის გავლენას განიცდის, მტკნარი სიცრუე და თვალებში ნაცრის შეყრაა! ამის მთქმელს უნდა შერცხვეს. რეალურად ეს არის მცდელობა, რომ რაღაცას დააბრალონ. სინამდვილეში ლაპარაკია იმაზე, რომ ხარჯი აქვთ დიდი და არ იციან, როგორ დააბალანსონ. როგორც ჩანს, არჩევნები ძვირად დაუჯდათ და ამ თანხის ამოღება უნდათ. 

    ხარჯები და შემოსავლები არ არის დაბალანსებული, რის გამოც კურსი გარბის. ამბობენ, რომ ბიუჯეტია გადასახედი და საფუძველს არ არის მოკლებული, რაღაც უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში ადმინისტრაციული ხარჯი, მინიმუმ 3-ჯერ შემცირდეს. როგორ შეიძლება თბილისის მერიაში მუშაობდეს 1200 კაცი და ნიუ იორკის მერიაში - 300, ეს წარმოუდგენელია. 

    ხან თურქეთს აბრალებენ, ხან ყირგიზეთს და სინამდვილეში მთავრობის გაუმაძღრობის ბრალია, რაც გვჭირს! ვიღაცეები ყოველთვის გამოჩნდებიან, რომლებიც ხელს გაითბობენ, 3-4 კაცის გადაწყვეტილებით უფასურდება ლარი და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ეროვნული ბანკი ხელისუფლების ყურმოჭრილი მონაა, რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ და იმეორებენ", - აცხადებს დავით წიქარიძე. 

    მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი აკაკი ცომაიაც, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში ინვესტრიციების დიდი კლებაა და ლარი, შესაძლოა, ამ მიზეზითაც უფასურდებოდეს.

    "სტატისტიკით დასტურდება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. ეს უკვე არის ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც ლარი უნდა გააუფასუროს და სწორეს ეს პროცესი მიდის საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გადაფარვა ხდება შემოდინებული უცხოური ვალუტის მეშვეობით. ლარის გაუფასურება დამატებით იწვევს აჟიოტაჟს და კურსზე ეს ფაქტორიც მოქმედებს, ანუ უფასურდება იმაზე მეტად, ვიდრე ამის საფუძველი არსებობს. 

    როგორც კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაუმჯობესდება, ლარზე ზეწოლის წნეხი შემცირდება, აჟიოტაჟი ნელ-ნელა იკლებს და მივიღებთ ლარის ახალ ნიშნულს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დიდი ხანია, უნდა დამდგარიყო. როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, მთავრობის ბრალია, ესე იგი ინვესტორები გარბიან ქვეყნიდან და კაპიტალი აღარ შემოდის, ამაზე მეტი ვერაფერი დაგვემართება", - აღნიშნა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (30.05.2019)
    რა გარე ფაქტორები, ლარის დიდი მასა გაუშვეს ბრუნვაში და იმიტომ ახტა კურსი, რათ უნდა ამას ბევრი მარჩიელობა? პირველად ხომ არ შვებიან ასე?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×