სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შავი ბაზრის კონტროლი არათუ მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია"
    მარი ჩიტაია
    28.05.2019

     სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები არნახული სისწრაფით მატულობს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფსა" და „წითელი ხიდში“, ასევე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ბოლო ერთ კვირაში ათი ათასობით ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კონტრაბანდის ფაქტები კიდევ მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტების გამოვლენა ხერხდება, მოსახლეობა ბოლომდე რისკავს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდული თამბაქო შემოიტანოს.

    აქციზის ზრდა და, შესაბამისად, სიგარეტზე ფასების მატებამ მომხმარებელი მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. იმის გამო, რომ ხალხს გაუძვირდა სიგარეტი, კონტრაბანდულ ნაწარმს ყიდულობს ან თვითონ შემოაქვს. არალეგალურმა ვაჭრობამ განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც მოსახლეობა თითქმის მასობრივად კონტრაბანდული სიგარეტის მომხმარებელია. 

    სავაჭრო ობიექტებში იყიდება ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი არა მხოლოდ თამბაქო, არამედ სხვა პროდუქციაც. არც მოვაჭრეები მალავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან მომხმარებელი ე.წ. აფხაზურ სიგარეტს უფრო მეტად ყიდულობს.

    რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, 21-24 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4 820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 1000-1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ. 

    17-23 მაისის შუალედში კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ჯამში 27 040 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. 

    სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თამბაქოს კონტრაბანდის შეჩერება შეუძლებელია და მსგავსი ფაქტები მომავალშიც მოიმატებს. 

    კონტრაბანდის მასშტაბის ზრდის მიზეზად ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აქციზის გაძვირებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსალოდნელი რისკი თავიდანვე სწორად ვერ გათვალა.

    "აქციზს როდესაც რაიმე მიმართულებით ვზრდით, შესაბამისად, გვეზრდება შავი ბაზრის და კონტრაბანდის რისკიც. რაიმე პროდუქტზე თუ რამდენიმეჯერ გავზრდით აქციზს და ფასი რამდენიმეჯერ გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება, რის გაუთვალისწინებლობაც არაფრით არ შეიძლება. უკანასკნელ შემთხვევაში, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრებამ კონტარბანდის მასშტაბური ზრდა გამოიწვია და ამ პროცესს ველოდებით კიდეც. სიაგრეტის გაძვირება ყველაზე მტკივნეულად მომხმარებელმა იგრძნო, რადგან ხელმისაწვდომობა შეეზღუდა. 

    ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის დარჩება შავი ბაზარი, რითაც მოსახლეობა სარგებლობას შეეცდება. შავი ბაზრის კონტროლი არათუ მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, მომხმარებელიც ზარალდება და ბიუჯეტიც დანაკარგს განიცდის", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved