სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მომხმარებელი თითქმის დაუველია, ნებისმიერი პატარა შეცდომის გამო შეიძლება ანგარიში თანხა მთლიანად გააქრონ
    მარი ჩიტაია
    28.05.2019

     საბანკო ანგარიშების გატეხვისა და თანხის დატაცების ფაქტები გახშირდა. მხოლოდ 2019 წლის 3 თვის მონაცემით, კიბერდანაშაულის შემთხვევები 211%-ით არის გაზრდილი, რაც მოწმობს, რომ ბანკების მომხმარებლები სერიოზულ საფრთხეში არიან. განსაკუთრებით მათ აქვთ პრობლემა, ვინც ინტერნეტ ბანკით და "მობაილბანკით" სარგებლობს, თუმცა საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ვინც სხვადასხვა ტიპის საბანკო ბარათს ფლობს. დაცვის ერთ-ერთი საშუალება ანგარიშის დაზღვევაა, თუმცა მომხმარებლებს განსაკუთრებით მოუწევთ ზრუნვა პერსპონალური ინფორმაციის დაცვაზეც.

    კიბერდანაშაულები გლობალური პრობლემაა და ფაქტების გახშირების მიუხედავად, დაცვის მექანიზმიც თანდათან მკაცრდება, მაგრამ დანაშაულის სტატისტიკას ვერ ამცირებს. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ მომხმარებელი 100%-ით ვერსად იქნება დაცული, თუმცა უნდა ხდებოდეს დანაკარგის ანაზღაურება ბანკების მხრიდან. ერთ-ერთ ყველაზე საიმედო გზას ამისთვის, თუთბერიძის თქმით, ანგარიშის დაზღვევა წარმოადგენს.

    "ბანკები კლიენტებს სთავაზობენ ანგარიშების დაზღვევას და ამით უნდა ისარგებლონ. მით უმეტეს, დაზღვევა მიზერულ თანხად არის შესაძლებელი. სხვისი თანხის მისათვისებლად ჰაკერები უამრავ საშუალებას იყენებენ, ვიღაცამ შეიძლება მოიპაროს კოდი ან სხვა მხრივ შეაღწიოს და ამისგან არავინ არის დაცული. ჰაკერული შეტევები ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, 100%-ით ამისგან დაცვა აბსოლუტურად შეუძლებელია. თუმცა კომერციულმა ბანკებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი სამსახურები და უნდა ეცადონ არ მოხდეს ანგარიშების გატეხვა, სხვას მეტს ვერაფერს ვიზამთ. 

    ტექნოლოგიები ვითარდება და შემთხვევის შესაძლებლობაც მეტი ჩნდება. ბანკის სისტემა თუ გატეხეს, შეიძლება იქიდან გაიტაცონ ფული და ეს პრობლემა შეიძლება ნებისმეირ მომხმარებელს შეექმნას, ამ შემთხვევაში, დანაკარგს ბანკი ანაზღაურებს დაზღვევის გარეშეც. ხდება ხოლმე, როცა ადამიანი ბევრ შემოთავაზებას იღებს ინტერნეტით, რითაც თაღლითები სარგებლობენ, ისინი ითხოვენ პირად ინფორმაციას, საბანკო ბარათის შესახებ და სხვა. დღეს ეს საფრთხე მასშტაბურია და მომხმარებელი განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს და თავის მხრივ, ბანკებმაც შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ", - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე. 

    ონლაინ თაღლითობასთან დაკავშირებით, საფინანსო ინსტიტუტებში აქტიურად საუბრობენ. მათ კიბერდანაშაულის შესახებ განცხადებებიც გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ სიფრთხილე გამოეჩინათ.

    ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა მეთოდზე, რის საშუალებითაც თაღლითები ადვილად იტაცებენ მოქალაქეების თანხებს და არასანქცირებულ ტრანზაქციებს ახორციელებენ.

    "პრობლემა გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტგადარიცხვები და "მობაილბანკი" დაინერგა. თაღლითობის ფაქტები, ე.წ. ფიშინგის შემთხვევები გახშირებულია. ეს არის მცდელობა, რომ ჰაკერმა მსხვერპლის მოტყუებით მოიპოვოს ინფორმაცია და შემდეგ გამოიყენოს. ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩვენი ბარათის კოდი და ასევე ე.წ. "სივისი" კოდი, რომელსაც ხშირად დაუფიქრებლად გადავცემთ სხვა ადამიანს. ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ამის მსხვერპლი გახდეს. 

    მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ინფორმაცია, რომელსაც გავცემთ თუნდაც სოციალური ქსელის საშუალებით ან მეილზე ყველა შეტყობინება სათანადოდ შევამოწმოთ და ზუსტად დავადგინოთ, საიდან არის გამოგზავნილი და არ გავხსნათ, თუკი საეჭვოდ მოგვეჩვენება. გარდა ამისა, არ გადავიდეთ სხვა ბმულებზე, თუ რამე საშიშროება არსებობს. 

    დაზღვევა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ბანკმა ზარალი აგვინაზღაუროს. თუმცა, როგორც წესი, ასეთი გადარიცხვები ხდება უმეტესად ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშებზე და ამაზე ჩართული არ არის დამატებითი უსაფრთხოება", - ამბობს კეპულაძე და დასძენს, რომ ბანკებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები, მაგრამ მომხმარებლებმა უნდა გაითვალსიწინონ ის რჩევები, რასაც ბანკები და სხვადასხვა ფინანსური ორგანზიაციები გასცემენ.

    "თუკი მაინც გახდით მსხვერპლი, პირველ რიგში, უნდა შეატყობინოთ კომერციულ ბანკს, რომელშიც გვაქვთ ანგარიში და იმავდროულად პოლიციას დაუკავშირდეთ. არის ფაქტები, როცა ბანკები არადაზღვეულ მომხმარებლებსაც კი ანგარიშებიდან არასანქცირებულ ტრანზაქციას  უნაზღაურებენ. თუ უტყუარად დადგინდება, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, მაშინ ბანკი ცდილობს, არ დატოვოს მომხმარებელი უკმაყოფილო და დაუბრუნოს დაკარგული თანხა. 

    ცხადია, ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ ფინანსური სტრუქტურები, ეროვნული ბანკი და უფრო მეტი რესურსი ჩადონ ფინანსურ განათლებაში, რომ მომხმარებლები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი და სხვა ტიპის შემთხვევებისგან", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ. 

    კიბერდანაშაულის შემთხვევების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში კომპიუტერული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 211%-ით არის გაზრდილი. პირველ 3 თვეში ამ დანაშაულის სულ 476 შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 11 საქმეა გახსნილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×