სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხულიაშვილი
    28.05.2019

     საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება.  ახალი რეგულაცია რიგ ცვლილებებს მოითხოვს - კადრების გადამზადებას, ტექნიკურ სამუშაოებს. იქნება თუ არა ეს წარმატებული ცვლილება, ამას დროც გამოაჩენს და ის მოგებაც, რომელიც მათ  უნდა მიიღონ შიდა განვადებების ხარჯზე. 

    ტექნიკის მაღაზიების ნაწილი შიდა განვადებაზე გადავიდნენ. ამის მიზეზი არის ის რეგულაციები, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა სამომხმარებლო  სესხების და განვადებების გაცემა.  ამან მძიმე დარტყმა მიაყენა საბანკო სექტორს,  ტექნიკის მაღაზიებს და იმ ბიზნესებს, რომლებიც სწორედ ამ სესხების საშუალებით ყიდდნენ თავიანთ პროდუქციას. თუ არ გაკეთდება შიდა განვადებები, გაყიდვები გაიყინება. ეს კი ზიანს მოუტანს ბიზნესს.    რამდენად ააწყობენ ამ სისტემას ტექნიკის მაღაზიები ეს  ცალკე თემაა. სესხის გაცემა ძალიან ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული იქნება ეს ტექნიკური მხარე თუ სესხის ამოღების მექანიზმი.  

    „მომხმარებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ საბანკო სესხით სარგებლობას, შეძლებენ შიდა განვადებით ბევრად მარტივად შეიძინონ სასურველი ნივთი. მე მოვისმინე ეროვნული ბანკის შეფასება, თუ გაიცემა 20-ზე მეტი განვადება, ტექნიკის მაღაზია აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ეროვნულ ბანკში და დაემორჩილოს გარკვეულ რეგულაციებს. შესაბამისად, წესები თუ იგივე დარჩება, შედეგსაც იგივეს მივიღებთ. ვისურვებდი, რომ ეს იყოს წარმატებული რეგულაცია, მომხმარებელმა და ბიზნესმა ნახოს სარგებელი. 

    საცალო გაყიდვებში შეიმჩნევა კლება და სასურველია ამ მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. სესხის გაცემის დროს მნიშვნელოვანია მისი უკან დაბრუნების საკითხი. როდესაც ვინმე ვერ ახერხებს თანხის უკან დაბრუნებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები მომზადებულები არიან ამისთვის. ჰყავთ შესაბამისი კადრები, დეპარტამენტები, არსებობენ პრობლემური აქტივების კომპანიები. მათ ეს სისტემა საკმაოდ გამართული აქვთ. 

    რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიებს მათ მოუწევთ შესაბამისი კადრების მოძებნა, თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ გამართონ სისტემა, რასაც შიდა განვადება ჰქვია. ბევრი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე.  ეს ინვესტიცია მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს" -  განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ. 

    შიდა განვადებების თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე  საუბრობენ ტექნიკის მაღაზიები, რომელთა ნაწილმაც უკვე დანერგა ახალი სისტემა. 

    "ეროვნული ბანკის რეგულაციები შიდა განვადებებსაც არეგულირებს და ყველა დეტალის განხორციელება მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. შიდა განვადებები დამატებითი პროდუქტია, რომლის განხორციელებას ჩვენ ისედაც ვგეგმავდით. ჩვენ ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ ვიქნებით“, - განაცხადა „ელიტ  ელექტრონიქსის" წარმომადგენელმა სალომე დავითაშვილმა. 

    „ტექნო ბუმში“ შიდა განვადებაზე გადასვლის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.დაგეგმილია რიგი მოქმედებები და საჭირო მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით. 

    „შიდა განვადებას ალბათ ივნისის დასაწყისიდან დავიწყებთ, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. განვადება იქნება მობილურ ტელეფონებზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. რამდენად წარმატებული იქნება ეს სისტემა, ამის განსაზღვრა წინასწარ საკმაოდ ძნელია, რადგან ჩვენ ამის არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. რევოლუციურ ცვლილებას ვერ მოვახდეთ ბაზარზე, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი ბრენდით ვიწყებთ, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. 

    რაც შეეხება პირობებს, მომხმარებელი წინასწარ გადაიხდის თანხის 30%-ს, დანარჩენი კი განაწილდება 12 თვეზე, პროცენტი არ დაემატება და დაფარავს მხოლოდ ნივთის ღირებულებას. გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც გაწერილია კონტრაქტში ჯარიმების სახით. ყველაზე მთავარი სესხის გაცემის დროს არის ის, თუ რამდენად კარგი ისტორია აქვს მომხმარებელს. ცუდი რეპუტაციის შემთხვევაში მას განვადება არ დაუმტკიცდება", - განაცხადა "რეზონანსთან" "ტექნობუმის" მფლობელმა  ანზორ ქოქოლაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×