სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გაყინული ხორცის ფასი ძალიან მალე მოიმატებს და საბოლოოდ ახალი ხორცის ფასს გაუტოლდება
    რეზონანსი
    27.05.2019

     გაყინული ხორცი ძვირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, უცხორ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ტონა ხორცი 1000 დოლარით გაძვირდა, რის გამოც ფასის ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც მოუწევთ. მათი ვარაუდით, გაყინული საქონლისა და ღორის ხორცი უახლოეს პერიოდიდან გაძვირდება და საბოლოოდ 10-12 ლარს მიაღწევს. 

    ამ ეტაპზე 1 კგ ხორცი დახლებზე 8 ლარი ღირს. გაძვირების შემთხვევაში, ფასი ნედლი ხორცის ფასს გაუტოლდება, რაც რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს. იმპორტიორები ერთადერთ გამოსავალს გადასახადების ლიბერალიზაციაში ხედავენ და მთავრობას ტარიფების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

    კომპანია "დუს" დამფუძნებელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გაყინული ხორცი კატასტროფულად ძვირდება და ფასის შენარჩუნება ვერც ქართულ ბაზარზე ხერხდება, სადაც დამატებით პრობლემას ლარის კურსი წარმოადგენს.

    "რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მუდმივად ძვირდება ხორცი, ყოველ შესყიდვებზე სხვადასხვა ფასს ვიხდით. ტენდენცია მუდმივად მზარდია და უკვე 2600 დოლარს მიაღწია ტონაზე, როცა რამდენიმე ხნის წინ მისი ყიდვა 1600 დოლარად შეგვეძლო. ჩვენ საქართველოში ლარის გაუფასურების გამო ისედაც გვიჭირს მუშაობა და ახლა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. 

    ველოდებით, რომ ქართველ მომხმარებელს ხორცი დაახლოებით 3-4 ლარით გაუძვირდება. ამ ეტაპზე 8 ლარი ღირს, მაგრამ ეს ფასი ვერანაირად შენარჩუნდება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მთავრობამ კარგად იცის ჩვენი პრობლემის შესახებ, როგორმე უნდა მიიღოს ზომები და გადასახადები დასწიოს, რადგან ბიზნესი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გოგიჩაიშვილი. 

    კომპანია "უნივერსალი 2012"-ში "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ მცირე მაჩვენებლით ფასები თითქმის ყოველდღიურად მატულობს.

    "პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება. სერიოზულ პრობლემას გვიქმნის ლარის კურსიც, რის გამო ფასებს ვერ ვაჩერებთ. ცხადია, ეს ხორცის რეალიზაციაზეც აისახება. მიუხედავად იმისია, რომ ფასმა მოიმატა, გაყინული ხორცი ბაზარზე მაინც არ არის ძვირი, ნედლ ხორცთან შედარებით და მომხმარებელი ამის გამო აქტიურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს, თუმცა ფასი ნედლი ხორცის ღირებულებას თუ მიუახლოვდა, მომხმარებლის დიდ ნაწილს დავკარგავთ და კრიზისულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით", - აცხადებენ კომპანიაში.

    ქართველი მომხმარებელი გაყინულ პროდუქტს მასობრივად მოიხმარს. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. დახლებზე ასეთი პროდუქტის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და მოთხოვნაც მაღალია. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენს მიერ გამოკითხულმა კომპანიების და რესტორნების წარმომადგენლებმა მასიურად უარყვეს, რომ გაყინული ხორცის მომხმარებლები არიან. შესაბამისად, განაცხადეს, რომ გაყინული ხორცის გაძვირება მათი მომსახურების ღირებულებაზე ვერ აისახება. ცხადია, ამის მიზეზი გაყინული პროდუქტების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა, რის მიუხედავადაც მოსახლეობა ასეთ პროდუქტს მასიურად მოიხმარს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტს ფასს. 

    საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს. აქედან, ნახევარზე მეტი იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქტია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევა. მასზე მოთხოვნა ტრადიციულად მატულობს ზამთარში, რადგან ამ დროს ნატურალური ხორცი ბაზარზე ნაკლები რაოდენობითაა.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების თუ ნახევარფაბრიკატების მწარმოებლები, ძირითადად, გაყინულ ხორცს იყენებენ. მიზეზი ერთადერთია - დაბალი ფასი. ადგილობრივ ხორცს მხოლოდ მოსახლეობა, ისიც მცირე ნაწილი, საოჯახო კერძების მოსამზადებლად ყიდულობს.

    სურსათის სფეროს სპეციალისტს, პროფესორ ლია კვარაცხელიას უჭირს იმის თქმა, თუ რა წილი უჭირავს ადგილობრივ წარმოებაში გაყინულ პროდუქტებს. ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და თანაც, ეს მონაცემები კონფიდენციალურია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ლია კვარაცხელია ფიქრობს, რომ გაყინული ხორცის გაძვირება ბიზნესს დიდად ვერ დააზარალებს, რადგან რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მათი მოხმარება არ შემცირდება.

    "გაყინული ნახევარფაბრიკატებით ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ ისინი წარმოებაში გაყინულ ხორცს იყენებენ თუ ახალს, ეს უცნობია. ამაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია. ასევე ასაიდუმლოებენ ინფორმაციას სწრაფი კვების ობიექტებიც. ჩემი აზრით, ფასი ამ შემთხვევაში რეალიზაციაზე საგრძნობლად ვერ იმოქმედებს, თუმცა შესაძლოა, მოსახლეობაში შემცირდეს მოხმარება, რადგან გაძირდება საბოლოო პროდუექტი. მაგალითად, ადამიანი თუ აქამდე 1 კგ-ს ყიდულობდა, 0,5 კგ-ს იყიდის. 

    რესტორნები, სადაც ისედაც მაღალ მოგებაზე მუშაობენ, ცხადია, გაყინული ხორცის მოხმარებას არ შეამცირებენ. ამ სეგმენტში ყოველთვის ცდილობენ დამალონ, რომ გაყინულ ხორცს იყენებენ, მაგრამ კერძებს მასიურად ასეთი პროდუქტისგან ამზადებენ. საქონლის ღვიძლიც კი, რომელიც 4 ლარამდე ღირს, იმასაც კი გაყინულს იყენებენ. რაც შეეხება მზა შეფუთულ კერძებს, ყველამ იცის, რომ ნახევარფაბრიკატებში მასიურად ასეთ ნედლეულია გამოყენებული", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×