სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რომელ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ენერგეტიკოსები?
    მარიკა გოგოხია
    24.05.2019

     ელექტროგადაცემებისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევებამ, შესაძლოა, ტარიფების ზრდა გამოიწვიოს. ენერგეტიკსოები ფიქრობენ, რომ ცვლილება შეეხება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციული სეგმენტის მომხმარებელს. შესაბამისად, ისინი მთავრობის პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება სერიოზულ პრობლემას შექმნის და ასეთი ცვლილებისთვის საზოგადოება ჯერჯერობით მზად არ არის.

    მთავრობის მიერი ინიცირებული კანონპროექტი არ მოსწონს "ქართული ოცნების" დეპუტატს, ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს, რომელიც აცხადებს, რომ იგი დენისა და გაზის გადასახადს გააძვირებს და პარლამენტმა ასეთ ინიციატივას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

    "ელექტროგადაცემისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევება ხდება. იქმნება ახალი სტრუქტურები. მათ, რა თქმა უნდა, დაფინანსება დასჭირდებათ. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსება იქნება საჭირო როგორ ელექტროენერგეტიკაში, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში. ეს აუცილებლად გამოწვევს ტარიფების გაზრდას, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენით მოიმატებს, რადგან ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ეს ყველა მომხმარებელს შეეხება - როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ მომხმარებლებს", - განაცხადა არველაძემ. 

    მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც მთავრობა ელექტროგადაცემებისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და აპირებს ისეთი ნორმის შემორებას ქვეყანაში, რომელიც ტარიფებზე უარყოფითად აისახება.

    "საკმაოდ დიდი ხანია, ცდილობენ, რომ გამიჯნონ ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი კომპანიები, ამაზე ჯერ კდიევ ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობდა, ხოლო მისი გაუქმების შემდეგ საქმე ეკონომიკის სამინისტრომ ბოლომდე მიიყვანა. ამ დროს ვერ ვხედავ ამ ნორმების შემოღების აუცილებლობას დღეისთვის, რადგან ცვლილება გულისხმობს მთლიანად გახსნილ ბაზარს, როცა ნებისმიერმა მომხმარებელმა თვითონ უნდა მოძებნოს ელექტროენერგიის მომწოდებელი. მართალია, შემოყვანილია საჯარო, ოფიციალური მომწოდებელი და სხვა, მაგრამ სწორედაც ეს იმოქმედებს ტარიფების გაზრდაზე. 

    დღეს, როცა დეფიციტური ენერგეტიკული სისტემაა, ბაზრის სრული გახსნა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მოხმარებელთა გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით, მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიის მომხმარებელს. ამასთან, გამანაწილებელი კომპანიის განცალკევება, განსაკუთრებით, როდესაც მათ არ ექნებათ ელექტროენერგიის რეალიზაციის უფლება და ცალკე გამყიდველი სტრუქტურები შემოვლენ, ეს ტარიფზე ცვლილებას აუცილებლად გამოიწვევს", - ამბობს "რეზონანსთან" არველაძე.

    დეპუტატის აზრით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტს კორექტირება სჭირდება. შესაბამისად, მისი ამოქმედების ვადამაც 2021 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა გადაიწიოს.

    "კომპანიებს 2 წელი მაინც უნდა მივცეთ, რათა კანონის მოთხოვნები შეასრულონ. თან ეს განცალკევება, რაზეც მე ვსაუბრობ, არავითარი ობიექტური აუცილებლობით გამოწვეული არ არის. ლაპარაკი იმაზე, რომ ასე უნდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, ჩემთვის იმის მიზეზი არ არის, რომ გადაუდებელი ცვლილებები განხორციელდეს“, - განაცხადა არველაძემ.

    ტარიფების ზრდას პროგნოზირებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძეც. როგორც აღნიშნა, ელექტროგადაცემებისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევება გადასახადებს გააძვირებს და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. კომუნალური გადასახადი ზრდა კი სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

    "აბსოლუტურად ვიზიარებ რეზო არველაძის მოსაზრებას, რადგან ახალი საკანონმდებლო ნორმის შემოღება ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და ეს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის იქნება მტკივნეული. დღესდღეობით საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელსაც აქვს მინიმალური შემოსავალი, დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებს და მედიკამენტებს ახმარს. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მატულობს (ამ შემთხვევაში, კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც შეიძლება გაუჭირდეს", - ამბობს "რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

    როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადდა, ხოლო ქართული თარგმანი გადამუშავდა ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 1997 წლის კანონი  ძალადაკარგულად ჩაითვლება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved