მარი ჩიტაია, ზვიად მახარაძე
18.04.2019

 მსხვილი ჰესების წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. თითქმის ყველა პროექტი, პრაქტიკულად, ჩავარდა. ერთადერთი გამონაკლისია "ნამახვანჰესი", რომელზეც ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ პროექტი დაიძრა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით შესრულდება. მთავრობა და ინვესტორი საბოლოოდ შეთანხმდნენ, თუმცა რა პირობა დაიდო და რის საფუძველზე გაგრძელდება ჰესის მშენებლობა, უცნობია.

ენერგეტიკოსებისა და გარემოს დამცველების ნაწილი ჰესების მშენებლობის მიმართ მკვეთრად უარყოფით პოზიციას გამოხატავს და აცხადებს, რომ ტერიტორიების დატბორვის საფრთხე კვლავ არსებობს. გარდა ამისა, პროექტი ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს ელექტროენერგიის მაღალ ფასს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ცხადია, ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის გარემოს და შეიძლება მეწყერსაშიში პროცესები გამოიწვიოს.

საფრთხე რეალური აღმოჩნდა აჭარისთვის, სადაც 2017 წელს წყლის გადამცემი გვირაბი ჩამოინგრა. პროექტს ახორციელებს "აჭარისწყალი ჯორჯია", რომელიც ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯი ინვესტისა" და ინდური "ტატა ფაუერის" ერთობლივი საწარმოა.

კომპანიაში "რეზონანსს" უთხრეს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ ჩაატარა დეტალური კვლევები, რის საფუძველზეც შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, შემდგომ გაიცა ეკოლოგიური ექსპერტიზა და, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა. 2013 წელს, იმ დროისთვის, როცა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღო, საქართველოს "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი" ჯერ არ იყო დამტკიცებული.

რაც შეეხება გვირაბის ჩამონგრევის მიზეზს, "ქლინ ენერჯი ინვესტის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანია დეტალურად იკვლევს გვირაბის დაზიანების მიზეზს. ქანის სინჯები აღებულია როგორც დაზიანებული, ისე დაუზიანებელი უბნებიდან. სინჯები იგზავნება საერთაშორისო ლაბორატორიებში ნორვეგიასა და ავსტრიაში.

"ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და დიდ დროს მოითხოვს. შესაძლოა, ლაბორატორიულ კვლევას 6-8 თვე დასჭირდეს, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს, რა ტიპის გამაგრებაა საჭირო. თუ რამ გამოიწვია გვირაბის დაზიანება, ამის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. საპროექტო არეალის გეოლოგია ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და ზოგ ნაწილში გვხვდებოდა "არადამახასიათებელი ქანები". თუმცა ამ ეტაპზე ყველა ამგვარი უბანი გამოვლენილია და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები," - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება გარემოსდაცვით მოთხოვნებს, არსებული ინფორმაციით, გზშ-ს ანგარის შემუშავება მოხდა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კონვენციებისა და საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად.

თუმცა, გარემოს დამცველების შეფასებით, არსებული დოკუმენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ პასუხობს და გზშ-ს ჩატარება თავიდან დასჭირდებათ, რადგან ტექნიკური პარამეტრები შეიცვალა და გარკვეული პროცედურების გავლა უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევთ.

ორგანიზაციის - "მწვანე ალტერნატივა" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ადგილზე უაღრესად მძიმე მდგომარეობაა, მეწყერსაშიში პროცესებია და ამ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა სერიოზულ რისკს ქმნის.

"მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია, რომ "ნამახვანჰესი" აშენდეს. მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი დეტალური გეოლოგიური კვლევების ჩატარების გარეშე. თვითონ ობიექტი რთულია და წარმოდგენაც არ გვაქვს, რა პრობლემას მოიტანდა კვლევების გარეშე, მით უმეტეს, ზემო აჭარაში, სადაც უაღრესად მძიმე მდგომარეობაა, მეწყერსაშიში პროცესებია და ამ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა სერიოზულ რისკს ქმნის. არასწორად მოახდინეს რეაბილიტაცია, ცნობილია, რომ სატესტო რეჟიმში გაშვების შემდეგ დაინგრა მთავარი გვირაბი. ტექნიკური პრობლემაა არა ერთ, არამედ ორ სხვა გვირაბზეც, რომელიც საკმაოდ დიდი მონაკვეთია, დაახლოებით 16 კმ სიგრძის. კომპანიის მხრიდან არანაირი განმარტება არ ჩანს, პროექტს რა ზიანი მიადგა. შუახევის შემთხვევაში 16 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ამ სესხის დიდი ნაწილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზეა, რაც დამატებით ეჭვს ბადებს.

ნაცვლად იმისა, რომ კომპანია სესხს იხდიდეს, ისიც გაუგებარია, ზიანის შემთხვევაში სესხის გადახდას საკუთარ თავზე ვინ აიღებს. ძალიან რთული სიტუაციაა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით მუდმივად, ფაქტობრივად, ახდა. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მითითებული ჰქონდათ, რომ დამატებით კვლევები უნდა ჩატარებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, მაგრამ ვის უნდა ჩაეტარებინა, არ ვიცით. ასე ჰესი ვერ აშენდება," - აცხადებს ჭიპაშვილი და დასძენს, რომ "ნენსკრა", "ხუდონი", "ნამახვანი" და სხვა ანალოგიური პროექტები ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც კი არ არის გამართლებული, რაც მსოფლიო ბანკის კვლევითაც დადასტურდა.

"ნამახვანის" მშენებლობის ნებართვა 2015 წლის დეკემბერშია გაცემული. ეს არის კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა, როცა ეკონომიკის სამინისტრო უფრო ნოტარიუსის ფუნქციას ატარებდა, ვიდრე კვლევებს, ამიტომ არის გზშ ასეთი არასრულყოფილი. გარემოზე ზემოქმედების პროცესი შეიცვალა მთლიანად, მაგრამ "ნამახვანს" ამ ანგარიშის ჩატარება თავიდან დასჭირდება, რადგან არ ვიცით, რა ხდება რეალურად. ტექნიკურ პარამეტრებს თუ შეცვლიან, მათ გარკვეული პროცედურების გავლა უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევთ," - განუცხადა ჭიპაშვილმა "რეზონანსს".

ჰესის მშენებლობის პროცესს კატეგორიულად უპირისპირდება მოსახლეობაც. დღესაც არ კარგავს აქტუალობას ფონდი "რიონის გადარჩენისთვის", რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გააერთიანა და დამოკიდებულებას არ ცვლის.

"დღესაც გრძელდება მოსახლეობის მოსყიდვა. ცდილობენ, რომ ხალხი სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსებით ჩაითრიონ, მაგრამ კონკრეტულად რაიმე ნაბიჯი არ გადადგმულა. ფაქტობრივად, რესურსი იხარჯება მოქალაქეების მოსყიდვასა და გადაბირებაში, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირონ. ცხადია, ჩვენ არ გვინდა ასეთი გიგანტური ჰესის მშენებლობა რეგიონში. ვიცით, ეს რითაც მთავრდება, ჩვენ არ გვინახავს მათ მიერ მომზადებული გზშ, ელემენტარულად, სეისმური დასკვნა არ გააჩნიათ. ამ დროს აქ არის მღვიმეები, რომლებიც გამოსაკვლევია, აბსოლუტურად არაფერი შესწავლილა. პასუხი ყოველთვის ცინიკური და უპასუხისმგებლოა. მათ აქვთ ერთადერთი გადაღებული ესკიზი, ანიმაციური, როგორ მიჩუხჩუხებს წყალი ჰესებში და როგორ მიიღებენ დენს, სხვა დასკვნა ჯერჯერობით არ გვინახავს. 10 მლნ-ზე მეტია დახარჯული და მშენებლობა არ დაწყებულა, რაში იხარჯება ფული, ჩემთვის გაუგებარია," - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი ვალერი ასათიანი.

ჰესის მშენებლობის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული "ლაჯანურჰესის" მაგალითითაც დასტურდება. ლეჩხუმელი ლევან ხმელიძე ამბობს, რომ ამან ადგილობრივი ჯიშის ყურძნის გადაშენება გამოიწვია და კლიმატზეც უარყოფითად იმოქმედა, რადგან ახლომდებარე სოფლებში ტენიანობამ მკვეთრად მოიმატა.

"დღეს 100%-იანი გარანტია არ გვაქვს, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს. ჩვენ მეცნიერების, კომპეტენტური პირების დასკვნებს ვეყრდნობით. ამიტომ "ნამახვანჰესის" მშენებლობას არ ემხრობა მოსახლეობის 90%, რადგან აცნობიერებენ, რომ მას გარემოზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. აქ ტვიშის თემია, უნიკალური სახეობის ყურძენი და თუ კლიმატი დაზიანდება, ის შეიძლება საერთოდ გადაშენდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ გარემოზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, რადგან არის ფაქტები, მაგალითად, "ლაჯანურჰესი", რომელიც კომუნისტების დროს აშენდა, მაგრამ ხალხი მომსწრეა, რა პირობები იყო მანამდე და რა ცვლილება მოახდინა ჰესმა გარემოზე. სოფლებში გაიზარდა ტენიანობა, შეიცვალა კლიმატი, მეწყერსაშიში უბნები გახშირდა, შემცირდა ყურძნის მოსავალი და სხვა. რიონის ხეობა მეწყრულად საშიშ ზონად ითვლება, დიდია საფრთხე, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობამ კატასტროფამდე მიგვიყვანოს," - ამბობს ლევან ხმელიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობის გულის მოგებას სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებით ცდილობენ. თუმცა მთავარი პირობა, რომელიც თავიდანვე დაიდო, რომ ჰესი ადგილობრივ სოფლებს უფასო ელექტროენერგიით მოამარაგებდა, საბოლოოდ უგლებელჰყვეს. იოსებ შავაძის თქმით, თავიდანვე დაიწყო საუბარი, რომ თითო ოჯახს თვეში 130 კვტ/სთ დენით მოამარაგებდნენ, მაგრამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალ ინვესტორთან მსგავსი ტიპის გარიგება ვერ შედგა.

ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას აუცილებელია დიალოგი მთავრობას, გარემოს დამცველებსა და მოსახლეობას შორის.

"ჩვენ ვხედავთ კორუფციის ნიშნებს. როგორც ჩანს, ინვესტორები დაკავშირებულნი არიან ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც დიდი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბი აშენებიდან ერთი თვის შემდეგ ჩამოინგრა და იმავე კომპანიამ მიიღო სხვა უფრო დიდი ჰესის მშენებლობის უფლება. ასევე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, ხედავს რა ამხელა კორუფციას, უნდა, იქედან თავისი წილი სარგებელი მიიღოს," - ამბობს ენერგეტიკოსი.

ნატო არღვლიანი "ინოვაციურ საწარმოთა განვითარების ცენტრიდან" ამბობს, რომ "გარემო არ არის გამოკვლეული, არაა წარმოდგენილი მასზე ზემოქმედების შეფასება და უნდათ მშენებლობის დაწყება. 2015 წლის დოკუმენტით ხელმძღვანელობენ. როგორ შეიძლება, ჰესი იქ ააშენო, სადაც იცი, რომ მეწყერი ჩამოწვება და ყველაფერს წაიღებს. იღებ საშვილიშვილო ვალს და ბოლოს არც ჰესი გექნება, არც წყალი და ხალხიც გადასახლებული და გაუბედურებული."

"უკვე გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, საქართველოში 120 ჰესი უნდა აშენდეს და კიდევ იგეგმება დამატებით 50-ის აშენება. ამ პატარა საქართველოში 170 ჰესი რომ აშენდება, რა დარჩება ბოლოს? მნიშვნელოვნად შეიცვლება ჰავა, ციმბირულ სიცივეს დაიჭერს, ყურძენი აღარ იქნება და საერთოდ რისთვის გვინდა ეს ყველაფერი?" - ლოგიკურ კითხვას სვამს არღვლიანი.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელ მარიკა ფიროსმანაშვილის აზრით, საქართველოში 285 დღე არის მზიანი, ამიტომ მიზანშეწონილია, აშენდეს მზის ელექტროსადგურები, მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიო გადადის ალტერნატიულ ენერგეტიკაზე, სულ უფრო იყენებს მზის, ქარისა და თერმულ ენერგიას. აუცილებელია, ჰიდროენერგეტიკა ჩანაცვლდეს განახლებადი რესურსებით, რადგან დღეს წყალი აღარ არის განახლებადი რესურსი.

"ადრე საქართველოში გვჯეროდა, რომ წყალი გვაქვს ბევრი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. კლიმატის ცვლილებასთან ერთად დნება ყინულის საფარი. მოკლევადიან პერსპექტივაში წყლის დონე აიწევს, მაგრამ მომავალში გვექნება უწყლოდ დარჩენილი აშენებული ჰესები. გამოდის, რომ ფულს ვხარჯავთ ჰესების აშენებაში, მაგრამ ელექტროენერგია მაინც არ იქნება," - ამბობს ფიროსმანაშვილი.

"ნამახვანი ჰესების კასკადი" იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია "ემ კა" და ნორვეგიული ჯგუფი "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია" ახორციელებენ. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×