სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამ ქვეყნის კომპანიებმა საქართველოში ყველაფერი გაყიდეს და უკანმოუხედავად მიდიან
    თამუნა მუკბანიანი
    12.10.2018

     ყაზახი ინვესტორები საქართველოს ტოვებენ. "ბორჯომი რიქსოსისა" და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" შემდეგ, ახლა კიდევ ერთი ყაზახური კომპანია - ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მფლობელი გეგმავს ქვეყნიდან წასვლას.

    მალე ქვეყანაში ყაზახური ინვესტიცია საერთოდ აღარ იქნება, არადა, ერთ დროს მასზე უდიდეს იმედს ამყარებდნენ. ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი, სასტუმრო "რიქსოსი" ბორჯომში, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" - მცირე ჩამონათვალია იმ მსხვილი პროექტებისა საქართველოში, სადაც ყაზახური ინვესტიციებია განხორციელებული. ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად კიდევ ბევრი შესაძლებლობაა გამოსაყენებელი" - წერდა ქართული "ფორბსი" 2016 წელს. დღეს ამ ჩამონათვალიდან ორმა, "რიქსოსმა" და "ყაზტრანსგაზმა", უკვე დატოვეს ქვეყანა. წასვლას გეგმავს ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მფლობელი კომპანიაც.

    "ყაზტრანსგაზ-თბილისის" 100%-იანი წილი უკვე კომპანია "ვოლთბეის" საკუთრებაა. გარიგების ღირებულება კონფიდენციალურია. მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "სიბიეს ჯგუფის" წევრია. მედია კიდევ ერთი ყაზახური აქტივის მფლობელის შესაძლო ცვლილებაზეც წერს. უკვე არსებობს ბათუმის ნავთობტერმინალის პოტენციური მყიდველი, რომელიც აქტივის შეფასებაზე მუშაობს. ნავთობტერმინალი მართავს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს. მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ ტერმინალისა და პორტის ახალი მფლობელი, შესაძლოა, "რომპეტროლი" გახდეს.

    სასტუმრო "ბორჯომის რიქსოსი" კი 2017 წლის დეკემბრიდან "ბორჯომი-ლიკანის" სახელს ატარებს და საპარტნიორო ფონდი მისი 100%-იანი წილის მფლობელია. მთავრობა კი დუმს, თუ რატომ ტოვებს ყაზახური ინვესტიციები ქვეყანას მიყოლებით მაშინ, როცა ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ ყაზახური მძლავრი კაპიტალი ქართული ბაზრის შესაძლებლობების ძიებაში იყო.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევებში უცხოელი ინვესტორების მიმართ მართლმსაჯულება იყო უსამართლო, რამაც ქვეყნის იმიჯი დააზიანა.

    "ინვესტორებს ნამდვილად ექმნებათ საქართველოში პრობლემა, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ისინი რთული პირობების გამო ქვეყნიდან გარბიან, ნამდვილად გადაჭარბებულია. არის დეტალები, რომელსაც მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს მთავრობა და რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება.

    მახსენდება რამდენიმე ამბავი, როცა ამერიკული კომპანიები სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დაიჩაგრნენ, მაგალითად, "ბრითიშ ამერიკან თობაქო". კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ბაზარზე ყველაფერი რიგზეა, კანონმდებლობა არ დარღვეულა, აქედან ორ კვირაში კი კომპანია იმავე ბრალდებით 10 მლნ-ით დაჯარიმდა. რა თქმა უნდა, მსგავსი ამბები არ მოქმედებს დადებითად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" ბაირახტარმა.

    აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი იმ დეტალებზეც საუბრობს, რასაც უცხოელი ინვესტორები ყურადღებას აქცევენ, როცა ქვეყნით ინტერესდებიან.

    "მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის თანახმად, კორუფციის ინდექსით ჩვენ გავიუმჯობესეთ პოზიცია და მოვხვდით 20 ქვეყანას შორის, რაც ნამდვილად პოზიტიური ამბავია. ამ მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ახლა გვაქვს, მაგრამ, ამავე კვლევის მიხედვით, სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით პოზიცია გაგვიუარესდა. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, რასაკვირველია, მოქმედებს ბიზნესსა და მომავალ ინვესტორებზე, რომლებიც გეგმავენ ფულის ჩადებას ქვეყანაში", - აცხადებს ბაირახტარი.

    აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ივესტიციები 10%-ით შემცირდა. ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემო ეკონომიკურ თავისუფლებაზეა მიბმული და ამ კუთხით ბოლო დროს ჩვენ ცოტას მოვიკოჭლებთ.

    "არსებობს რეგულაციები, რომლებიც აუცილებელია და არის რეგულაციები, რომლებიც ბიუროკრატიას ზრდის. ამ ყველაფერს ირიბი ან პირდაპირი ეფექტი აქვს საინვესტიციო გარემოზე. ესტონელი ინვესტორის შემთხვევაში მთავარი მესიჯი და შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ის, რომ მას მთავრობასთან ჰქონდა მოლაპარაკება, რაც ნიშნავს არათავისუფალ გარემოს.

    რატომ ჰქონდა მას მაინცდამაინც მთავრობასთან მოლაპარაკება? ესე იგი ყველა ტიპის აქტივი ჯერ კიდევ სამთავრობო დონეზე წყდება. ჯერ კიდევ მთავრობისგან ითხოვს ბიზნესი გარანტიას. ეს ნორმალურია? პრობლემაა, რომ თუნდაც თავისი ინიციატივით ჩამოვიდნენ და მსხვილი კაპიტალი დააბანდონ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გარეშე.

    ეს ხდება იმიტომ, რომ მთავრობის ხელშია ეკონომიკური ბერკეტები, რაც კერძო ბიზნესს უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ ვიცით, ვინ და რატომ შეზღუდა. მთავრობა ფართო ცნებაა, რეალურად, კონკრეტულ პირებამდე ვერ დავდივართ - ვისთანაც მოაგვარა ან ვერ მოაგვარა ურთიერთობა. ყველა შემთხვევაში ის, რომ მთავრობასთან საქმეს იჭერს უცხოელი ბიზნესმენი, დიდი პრობლემაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" გერლიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved