სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "2013 წლის შემდეგ საერთოდ არანაირი ძვრა არ შეინიშნება"
    მარი ჩიტაია
    11.09.2018

     ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი ძვრა არ არის. ენერგეტიკოსები და გარემოს დამცველები ერთხმად ამბობენ, რომ საქმე წინ ვერ მიდის, თუმცა მათ ხუდონის და, ზოგადად, ჰესების მშენებლობის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ.

    ეკოლოგების ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით პრობლემაა ხელშეკრულების ხარვეზის გამო და ამ პროცესთან მოსახლეობის პროტესტს არანაირი კავშირი არ აქვს. ენერგეტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობის მხრივ ყველაფერი გაიყინა.

    მთავრობას ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით გააქტიურებისკენ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ მოუწოდა. ის წუხს იმის გამო, რომ ხუდონის საკითხი მივიწყებულია. ზოგადად კი, ჰიდრორესურსების ათვისებას საზოგადოებრივი განწყობა უშლის ხელს.

    "ელექტროენერგეტიკულ ნაწილთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ საქმე ვერ არის მაინცდამაინც კარგად, რადგან ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი აქვს. ყველაფრის გაპროტესტება არ შეიძლება. სადღაც 1-მეგავატიანი სადგური რომ უნდა ამუშავდეს, იქაც უზარმაზარი საპროტესტო გამოსვლებია.

    ასე რომ, მთავრობას ცოტა სერიოზული მუშაობა მოუწევს მოსახლეობასთან, რომ ახსნა-განმარტებები, ინფორმაცია მიაწოდოს, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და მას ვერ მიჰყვება გენერაციის სიმძლავრეების ზრდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება ელექტროენერგიით მომარაგების საკითხში", - განუცხადა "ბიზნეს მედიას" არაბიძემ.

    მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ 2 მლრდ-მდე კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა, რაც ძალიან დამაფიქრებელი ციფრია.

    "შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობა იზრდება. ძალიან მივივიწყეთ ხუდონჰესის საკითხი. ეს ჰესი აუცილებელია. სერიოზულად არის სამუშაო ენგურთან ჰიდრომააკუმულირებელ სადგურთან დაკავშირებით. თავის დროზე, კომუნისტების დროს, 700-მეგავატიანი პროექტი იყო იქ გამზადებული. ამ მიმართულებით მუშაობა გასააქტიურებელია", - აღნიშნა არაბიძემ.

    ენერგეტიკოსის პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორისთვის. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი მუდმივად არღვევს ხელშეკრულების პირობას, რის გამოც პროექტი არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ შესაჩერებელია. მისი განცხადებით, ხუდონჰესის მშენებელმა კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ" ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

    "წარმოდგენა არ მაქვს, რა პროცესი მიდის, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ აქტიურია და საკუთრების უფლებას კვლავ "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" ფლობს. გარდა იმისა, რომ ამ კომპანიას არც კი დაუწყია მშენებლობა, მუდმივად ირღვევა ხელშეკრულების პირობები მიმდინარე პერიოდშიც კი.

    ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ წყდება ხელშეკრულება, რის გაგრძელებაზეა საუბარი მთავრობის მხრიდან, როცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობას მაქსიმალურად უწყობდა ხელს, მაგრამ ინვესტორმა ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. ამ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტი არაფერ შუაშია, კომპანიამ საჭირო დოკუმენტაციას თავი ვერც კი მოუყარა. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც ვერ ან არ გაითვალისწინეს. ფაქტია, რომ ამ შენიშვნების საპასუხოდ დოკუმენტი, რომელიც ექსპერტების რეკომენდაციებს პასუხს გასცემდა, არ დადებულა.

    2013 წლის შემდეგ პროექტი, პრაქტიკულად, შეწყვეტილია. ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელია ენერგეტიკოსების მოწოდება. ცოტა გაუგებარია ისიც, რას გულისხმობენ ხელისუფლების გააქტიურებაში", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭიპაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×