სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საშინელი კრიზისისა და ინფლაციის გამო ბევრი ქართველი ემიგრანტი იძულებულია, თურქეთიდან ევროპაში გაიქცეს"
    მარი ჩიტაია
    13.07.2018

     თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ახალი თავშესაფრის ძებნა უწევთ. ბოლო 4-5 თვეა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახების დახმარებას ძველებურად ვერ ახერხებენ. ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ევროპის ქვეყნებში ცდილობს გადასვლას, ზოგი კი ადგილზე რჩება მდგომარეობის გამოსწორების იმედით. უკიდურეს შემთხვევაში ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს.

    ემიგრანტების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო თურქეთმა აპრილიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა. ამის გამოც იქ სამუშაოდ დარჩენა ემიგრანტების უმრავლესობისთვის აზრს კარგავს.

    ბოლო თვეებში ლირის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა. თუკი წლის დასაწყისში 1 დოლარის ფასი 3,74 ლირა იყო, ამ ეტაპზე თითქმის 5 ლირამდეა ასულიული. 10 ივლისის მდგომარეობით, გაცვლითი კურსი 4,90-ია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

    ქვეყანაში მძვინვარებს ინფლაციაც, რომელიც 2003 წლის მერე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ივნისში ფასების ზრდის ინდექსმა 15,4% შეადგინა. ფინანსური ვითარება თანდათან უკონტროლო ხდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ინფლაცია 18-20%-ს მიაღწევს.

    ემიგრანტები ამბობენ, რომ ინფლაციური პროცესების გამო ხელფასებიც შეუმცირდათ და ოჯახების რჩენას უკვე დიდი გაჭირვებით ახერხებენ. "რეზონანსი" მათ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

    თურქეთში მცხოვრები მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული ქართველები ევროპაში წასვლას გეგმავენ. ახალგაზრდა ემიგრანტს თავადაც თურქეთიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ სამწლიან ემიგრანტულ ცხოვრებას აგვისტოში დაასრულებს.

    "ძალიან ცუდი ვითარებაა. ბევრი ემიგრანტი იძულებულია, ევროპაში წავიდეს. სამ კვირაში ვასრულებ ემიგრანტულ ცხოვრებას და საქართველოში დავბრუნდები. ბევრი კი იძულებულია, რომ აქ დარჩეს და მძიმე პირობებში გააგრძელოს მუშაობა. სამშობლოში ვბრუნდები, მაგრამ ბევრს ვდარდობ აქ დარჩენილებზეც.

    აპრილიდან თურქეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა, ჩვენს ხალხს ამანაც პრობლემა შეუქმნა. ისე გამოდის, რომ ფულს რიცხავ, უარი მოგდის, მაგრამ გადახდილ თანხას არავინ გიბრუნებს. ფაქტობრივად, არალეგალად რჩები. ამიტომაც ბევრი იძულებული, დაბრუნდეს საქართველოში. ზოგიერთი იტალიაში აპირებს გადაბარგებას, უმრავლესობას გეზი საბერძნეთისკენ აქვს აღებული, სადაც ვითარება ცოტათი გამოსწორდა", - უთხრა "რეზონანსს" გამეზარდაშვილმა.

    მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ემიგრანტებს თურქულ ვალუტაში შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

    "ორი წლის წინ ხელფასი თუკი 800 დოლარი ჰქონდათ, რაც ეკვივალენტით ლირაში 2400 იყო, ახლა უკვე დამსაქმებლები დოლარს ვეღარ უხდიან, პირდაპირ ძველი კურსით 2400 ლირას აძლევენ. დოლარზე გადახურდავებისას კი ძალიან ზარალდებიან. ფაქტობრივად, 500 დოლარსაც ვერ იღებენ, ესეც უკეთეს პირობებში.

    ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა თურქეთში იაფი მუშახელია და ზოგი 350 დოლარზეც მუშაობს. 600-დოლარიანი სამსახურის შოვნა რთულია. ამ ფასად ზოგს სამსართულიანი სახლების დალაგება უწევს. მერწმუნეთ, აქ ცხოვრება არის უკიდურესი გაჭირვების ტოლფასი. ერთი ქალი ვიცი, რომელიც 500 დოლარს იღებს და კაპიკს ვერ ხარჯავს საკუთარი თავისთვის, მხოლოდ დასვენებაზე მიცემული 30 ლირით შეიძლება რამე იყიდოს. მთელ აღებულ ფულს უკლებლივ საქართველოში აგზავნის", - აღნიშნა მირზა გამეზარდაშვილმა.

    ემიგრანტების ნაწილი იმაზეც ჩივის, რომ ხელფასს დაგვიანებით იღებს. თურქეთში დასაქმებული თბილისელი ნატო კლდეისელი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იტალიაში გამგზავრებას გეგმავს.

    "ყველაფერი თავდაყირაა, მიზერულ შემოსავალს ვიღებთ და იმასაც გვიგვიანებენ. ზოგს იმდენად შეუმცირდა შემოსავალი, რომ დახმარება იქეთ სჭირდება. ვისაც რა საშუალება გვაქვს, ერთმანეთს ვეხმარებით. თურქეთში არასდროს გვქონია ისეთი ხელფასი, რომ საკუთარი თავისთვის მიგვეხედა, სამშობლოში გაგვეგზავნა და ამის პარალელურად, დანაზოგზეც გვეზრუნა. ჩვენი შემოსავალი ზოგჯერ 3-4 ნაწილად იყოფა.

    აქ გაჩერება აზრს კარგავს. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, იტალიაში გავემგზავრო, თვის ბოლომდე დავრჩები და უკვე აგვისტოდან შევუდგები თადარიგს, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდე", - უთხრა "რეზონანსს" ნატო კლდეისელმა.

    ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე მათი ოჯახის წევრებიც საუბრობენ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკრიბაში მცხოვრები ქეთო მასხორაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი საშოვარზეა წასული და უამრავ ოჯახს ამ ადამიანების იმედი აქვს.

    "ხალხი გადაიკარგა, ზოგი თურქეთშია, ზოგი - საბერძნეთში, ზოგი - იტალიაში ან ამერიკაში. აქაურობა წლების წინ დატოვეს და აქეთ არც იხედებიან. ვინც თურქეთშია, მათ ოჯახებს იქაური კრიზისი აშკარად დაეტყო, ფულს ვეღარ აგზავნიან. ჩემი შვილიც თურქეთშია. საბედნიეროდ, სამსახური და ხელფასიც შეინარჩუნა, მაგრამ გზავნილი გაანახევრა. თუკი თვეში 200 დოლარს აგზავნიდა, ახლა 100 დოლარს ძლივს გზავნის.

    ჯერჯერობით ცოტა დანაზოგი მაქვს, რითაც თავის გატანა მომდევნო 2-3 თვე არ გაგვიჭირდება. იმედია, მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება", - ამბობს ტყიბულელი დიასახლისი.

    ქართველების მიგრაცია თურქეთში ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა საქართველოში ე.წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. არაოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ამჟამად 150 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved