სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    14.06.2018

     საქონლით საგარეო ვაჭრობა 24.5 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ექსპორტი მატულობს, ვერ ხერხდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება, რისი მიზეზიცაა იმპორტის სწრაფი ზრდა. ქვეყანაში ექსპორტით შემოდინებული ვალუტა იმპორტირებული საქონლის შეძენას ხმარდება და კვლავ უცხოეთში გადის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების გააქტიურება, რაც იმპორტის მაჩვენებელს შეამცირებს და ექსპორტიდან შემოსულ თანხას უფრო თვალსაჩინოს გახდის.

    2018 წლის იანვარ-მაისში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. "საქსტატის" 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდის ანალიზით ირკვევა, რომ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 284.7 მლნ აშშ დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.1 მლნ აშშ დოლარი (23.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 325.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

    ექსპორტის პარალელურად იმპორტის ზრდას ფინანსისტი აკაკი ცომაია იმით ხსნის, რომ მოსახლეობას შემოსავალი გაეზარდა და იმპორტირებულ საქონელში ხარჯავენ, თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თუკი გვინდა, ექსპორტი უფრო მაღალ მაჩვენებელზე იყოს და იმპორტი შემცირდეს, საჭიროა ადგილობრივი წარმოების გააქტიურება. თანაც ეს პროცესი ხელოვნური არ უნდა იყოს.

    "გარკვეული წინსვლა რომ შეინიშნება, ფაქტია. მოხმარება გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს გაუჩნდათ უფრო მეტი შემოსავალი. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მათ შორის ექსპორტი და ამავე დროს იმპორტიც. საჭიროა თვისობრივად რაღაც ახალი ეკონომიკური გარღვევები, ნოვაცია. უნდა დავიწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რაც შეძლებს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას.

    საჭიროა, რეალურად დაიგეგმოს და განხორციელდეს ინვესტიციები, იყოს სწორი მენეჯმენტი და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი პროდუქცია უნდა შეიქმნას. ის პირობა რომ შესრულდეს, რაც გულისხმობს ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, ორნიშნა და არა 5%.

    ისიც გამოჩნდა, რომ ადამიანებს უფრო მეტი შემოსავალი გაუჩნდათ და ამ მიმართულებითაც მეტს ხარჯავენ, რადგან იმპორტირებული საქონლის წილი გაიზარდა. იმისათვის, რომ იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა შემცირდეს, აუცილებელია, ადგილობრივით ჩანაცვლდეს. ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვს და საჭიროა როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მწარმოებლების მუშაობა კონკურენციის გზით", - განუცხადა "რეზონანსს" ცომაიამ.

    ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულებას "ჩაძირვის პოლიტიკა" იწვევს - ასე ფიქრობს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე. მისი თქმით, ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინება, იმპორტის ზრდა საზოგადოების დაბალი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის ბრალია.

    "სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ ისეთ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, როცა ექსპორტი გადააჭარბებს იმპორტს. ეს მიიღწევა ისეთი მიდგომით, როგორიცაა: საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაციის ზრდა და ქართული ეკონომიკის გაცოცხლება; ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკის დამგეგმავების პროდუქტიული რესურსი; სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამები და მათი ეფექტიანობის ზრდა; ეკონომიკური დიპლომატიის როლის ზრდა; მეცნიერულ-ტექნიკური რესურსი და აკადემიური რესურსის როლის ზრდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი, ინოვაციური პროდუქტით ავითვისოთ უცხოური ბაზრები, ასევე, მივაღწიოთ კონკურენტულ უპირატესობას.

    ქვეყანაში პრობლემების მიზეზია ტრადიციად ქცეული "ჩაძირვის პოლიტიკა" და მისი გამტარებლები (მმართველობით დონეზე), რაც ძველი ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოძრაობაში მოყვანის ტექნოლოგიაა. სწორედ ჩაძირვის ტექნოლოგია ქმნის პირობებს, რომ უმუშევარი დარჩეს უმუშევარი და შეიქმნას აზრი, რომ ქვეყანაში გვაქვს კადრების დეფიციტი. არ გამოჩნდეს ახალი რესურსი და ახალი კადრი (განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრი).

    ჯამში, "ჩაძირვის პოლიტიკა" ძალიან უკან ხევს ქვეყანას. იგი უარყოფით გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაზე, საინვესტიციო პოტენციალის ათვისებასა და უცხოელი ინვესტორების აქტივობაზე. სწორედ ჩაძირვისა და ვადაგასული პოლიტიკის მიზეზია ქვეყნიდან ადამიანური რესურსის (სხვა რესურსისაც) გადინება, იმპორტის ზრდა, საზოგადოების დაბალი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა", - განუცხადა "რეზონანსს" აბულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ia   (14.06.2018)
    მაგას რა ექსპერტი უნდა, მარტო ექსპორტისგან მიღებული ფული კი არა,რაც ემიგრანტებიდან შემოდის იმასაც გარეთ უშვებთ ბედოვლათებო.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved