სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მარტო ერთი კაცის გადადგომით საქმეს არ ეშველება
    მარი ჩიტაია
    14.06.2018

     მთავრობის უუნარობას საპარლამენტო უმრავლესობაშიც აღიარებენ. იმის გამო, რომ მინისტრებმა ვერ გაართვეს თავი ეკონომიკურ პრობლემებს, ვერ შეამცირეს ჭარბვალიანობა და დაიკარგა ნდობა, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გადამწყვეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას - მთავრობის შეცვლას მოითხოვს. მართალია, გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, თუმცა დეპუტატსა და ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა შეიცვალოს.

    "ქართული ოცნების" ექვსწლიანი მმართველობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავრობა საკუთარ გუნდში მწვავედ გააკრიტიკეს. დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკური გამოწვევები "ოცნების" გუნდისთვის არის დაუძლეველი და მთავრობის შემადგენლობის გადაყენება სამართლიანია. დეპუტატის პოზიციას მხარს უჭერენ ეკონომისტები, რომელთა განცხადებითაც, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს.

    კერძოდ, პრემიერ-მინისტრის შემდეგ უნდა გადადგნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი, რომელთაც პრობლემის დასაძლევად არაფერი გაუკეთებიათ.

    აყველაზე მწვავე პრობლემა, რომლის გამო დავით ჭიჭინაძე მთავრობას დაუპირისპირდა, ჭარბვალიანობაა. ცხადია, ეს ეხება როგორც საგარეო ვალის ზრდას, ასევე, მოსახლეობის მიერ აღებულ სესხებს, რამაც ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა. ვალების სიმძიმეს კი საქართველოს ეკონომიკა უკვე ვეღარ უძლებს.

    31 მაისის მონაცემებით, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 12,777 მილიარდ ლარს (5,169 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ერთ წელიწადში ვალი 1,257 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საგარეო ვალი 11,519 მილიარდ ლარზე (4,745 მლრდ დოლარზე) მეტს შეადგენდა.

    რაც შეეხება მოსახლეობის საკრედიტო ვალდებულებებს, საგულისხმოა, რომ ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ, 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 19,7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც, შარშანდელთან შედარებით - 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 6,4 მილიარდითაა გაზრდილი.

    როგორც დავით ჭიჭინაძემ "რეზონანსს" განუცხადა, ვალებთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის გზები არ ჩანს, საიდანაც იწყება კრიზისი, რომელსაც გამოსავალი ძნელად მოეძებნება.

    "ჩემთვის მიუღებელია ღონისძიებები, რასაც ატარებს ხელისუფლება ბანკების, ლომბარდებისა და, ზოგადად, სესხების წინააღმდეგ. ცხადია, ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხში ჭარბვალიანობა შემცირდეს და ბანკების თავგასულობა აილაგმოს. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ყველა პრობლემისა და სირთულის თავი და თავი საბანკო სექტორის განუკითხაობაა. ისინი მუდმივად არღვევენ კანონს და სცოდავს ხელისუფლებაც, რომელიც ამ დარღვევებზე თვალს ხუჭავს.

    შექმნილ სიტუაციაში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს პროგრამა ნდობისთვის, თავიდან შემოვიდეს პარლამენტში და ამ პრობლემების მოგვარებაზე დასვას აქცენტი. შესაბამისად, მის მიერ წარდგენილ პროგრამას თუ ექნება პარლამენტში ნდობა, ვფიქრობ, გაამართლებს. როცა ცხოვრება ამდენ უსამართლობასა და სიდუხჭირეს ერთად უყრის თავს და ამის გადაწყვეტის გზები არ ჩანს, მერე იწყება კრიზისი, საიდანაც გამოსვლა ყოველთვის ძნელია. მარტო ერთი ადამიანის გადადგომა ვერ უშველის ქვეყანას, მთავრობის შემადგენლობა უნდა გადადგეს", - განუცხადა "რეზონანსს" დავით ჭიჭინაძემ.

    მინისტრების გადადგომის იდეას ეკონომისტებიც მხარს უჭერენ. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ.

    "პარლამენტარების საქმეა, რომ მთავრობა აკონტროლონ. როგორც იქნა, ერთი პარლამენტარი მაინც გამოვიდა კრიტიკული შეფასებით მთავრობის მიმართ. ვხედავთ, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და არც გამოსწორების მიმართულებით შეცვლილა ვითარება ბოლო 6 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით დიდი ვარდნა 2015-2016 წლებში იყო.

    ვიღაცამ უნდა აიღოს ამ ჩავარდნაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ უნდა გადადგნენ სხვა თანამდებობის პირებიც, პირველ რიგში, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა. ფინანსთა მინისტრი ახალი მოსულია და ამ პასუხისმგებლობას მას ვერ დავაკისრებთ.

    ქვეყანა ჩაფლულია ვალებში და ბანკებს ამის უფლება ამ ხელისუფლების პირობებშიც რომ მიეცა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში კიდევაც უნდა წავიდნენ.

    სიღარიბე რომ გაიზარდა ბოლო 2 წელიწადში, ამაზეც მართებთ პასუხისმგებლობა და მთავრობის მიმართ პარლამენტარები განსაკუთრებით კრიტიკულები უნდა იყვნენ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობის მქონე პირია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, რომელმაც ბოლო 2 წელი კატასტროფულად "ჩაატარა". მისი მთავარი "დამსახურებაა" საბანკო სფეროში შექმნილი ვითარება და ლარის კურსის მნიშვნელოვანი დევალვაცია, რამაც მოსახლეობისთვის ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვია. სწორედ მისი "დამსახურებაა", რომ მხოლოდ ბანკების მოგება იზრდება ქვეყანაში.

    აქედან გამომდინარე, დავით ჭიჭინაძის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, განსაკუთრებით ბანკების საკითხში. კვლევებს თუ გავითვალისწინებთ, ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის ხარჯის 69% მოდის მედიკამენტებზე, რაც, ასევე, კატასტროფაა და მიანიშნებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ცუდი მდგომარეობაა. ოლიგოპოლია მყარია და კონკურენციის სააგენტო არაფერს აკეთებს. სწორედ ასეთი ორგანიზაციებისა და პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

    რაც შეეხება ვალებსა და, ზოგადად, საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რამაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

    ჭარბვალიანობაზე მეტად ექსპერტების ნაწილის ყურადღება კრიტიკულად განწყობილი დეპუტატის პოზიციამ მიიქცია. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის პირასაა გამოუძიებელი საქმის გამო და ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას პასიურ პოზიციაში ყოფნა კარგ შედეგს ვერ მოუტანს.

    "ხელისუფლებისთვის ახლა ის ეტაპია, როცა თავის გადარჩენას არაერთი გონიერი დეპუტატი შეიძლება ფიქრობდეს. დღეს ამისთვის ბევრი მოტივია. პასიურობა იმ საქმეში, როცა მთელი პრობლემა წარმოქმნილია ხელისუფლების არასწორი ქმედების გამო, სამომავლოდ სიტუაციას უარესობისკენ შეცვლის, რაც დეპუტატებს გაცნობიერებული აქვთ.

    დავით ჭიჭინაძის განცხადებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ერთი მხრივ, ყურადღების მიქცევა, მეორე მხრივ კი, ის, რომ ხელისუფლება ძალიან პასიურია, დრო გადის და არანაირ ღონისძიებებს არ ატარებს. ის ერიდება ძალიან სერიოზულ რეორგანიზაციას პროკურატურაში, თუმცა არსებული სახით ამ უწყების შენარჩუნება შეუძლებელია", - აცხადებს ექსპერტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved