სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზაზა ხატიაშვილი: "ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და სრული სიმკაცრით დაისაჯონ!"
    ნათია ლომიძე
    17.07.2018

     მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კომპანიის მმართველ პირებს უნდა დაეკისროთ. ერთ-ერთ გვირაბში, სადაც გუშინ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. აფეთქება მოხდა სწორედ იმ უბანში, სადაც 3 თვის წინ, 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. სამართლის სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მკაცრად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, შახტში კი უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს.

    მინდელის შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა და მსხვერპლი მოჰყვა. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი 25-ვე შახტი დაილუქება.

    ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელ ზაზა ხატიაშვილის თქმით, შახტში მოხმდარ უბედურ შემთხვევებზე თანაბრად არის პასუხისმგებელი როგორც შახტების მფლობელები, ასევე სახელმწიფო. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ოჯახებს ხელფასის სახით გარკვეული თანხა უნდა დაენიშნოთ, რადგან მიწის ქვეშ მუშაობით მიღებული ხელფასი მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო.

    "1 წლის განმავლობაში ამ შახტში 12 ადამიანი დაიღუპა და არავინ დასჯილა. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოხდებოდა. სისხლის სამართლის დანაშაულია დალუქული შახტის გახსნა და იქ მუშაობის გაგრძელება. უსაფრთხოების ნორმების დაცვა მთავარია და დამქირავებლის მხრიდან ამის შეუსრულებლობა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმით.

    საქართველოში არის პირდაპირ სასაკლაო მოწყობილი, რომ ლუკმაპურისთვის გამოსული ადამიანები დაიხოცონ. გარდაცვლილებს არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათ ოჯახებს საპენსიო ასაკამდე უნდა დაუნიშნონ გარკვეული თანხა, რადგან მათი წევრები შიმშილით არ დაიხოცონ. ამასა და ზოგადად შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე თანაბრად არის პასუხისმგებელი როგორც შახტების მფლობელები, ასევე სახელმწიფო.

    აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და სრული სიმკაცრით დაისაჯონ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობას გარკვეული პერიოდი შეწყვეტენ (სანამ შახტში და იქნება სამუშაო უსაფრთხოება დაცული), მათ უნდა შეუნარჩუნდეთ თავიანთი ხელფასები, რადგან მეშახტეებისა და მათი ოჯახებისთვის ეს არის ერთადერთი შემოსავალი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხატიაშვილმა.

    გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ აუცილებელია გამოძიების ბოლომდე მიყვანა და პასუხისმგებელი პირების დასჯა. უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა, სხვა დროსაც განმეროდეს. სწორედ ამიტომ საჭიროა, შეისწავლონ მინდელის შახტში არსებული მდგომარეობა და თუ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, დაიხუროს.

    "დაახლოებით იმავე უბანზე და იმავე ტიპის აფეთქება მოხდა, რაც 3 თვის წინ და 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მაშინ. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა კვლავ მსხვერპლით დასრულდა ახლაც. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ჯერ უნდა იქნას გამოძიება ჩატარებული და გაირკვეს, რა და როგორ მოხდა. თუ უსაფრთხოების წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი იყო.

    წინასწარ რთულია დეტალებზე საუბარი, ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. აუცილებლად უნდა დაიხუროს შახტი, რათა შეისწავლონ აფეთქების გამომწვევი მიზეზები, მანამ კი იქ მომუშავე მეშახტეებს ხელფასი უნდა უხადონ. ეს იმიტომ, რომ ტყიბულში ამ ეტაპზე სხვა ალტერნატიული დასაქმების საშუალება არ არსებობს. შემოწმების შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ შახტი აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა ეკონომიკური სექტორის განვითარება მოახდინოს და ადამიანების დასაქმება შეძლოს.

    ფაქტია, რომ გამოძიების პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. ჩვენ ასეთივე ინიციატივა წარმოვადგინეთ აპრილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ტრაგედიამ დაგვარწმუნა, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა, სხვა დროსაც განმეორდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლიპარტელიანმა.

    იურისტ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელმძღვანელობასა და უშუალოდ შახტის მუშაობის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. მისი თქმით, თუკი შახტში არსებულ უსაფრთხოებაზე არ იზრუნეს, მსგავსი ტრაგედიები კვლავ განმეორდება.

    "მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რა თქმა უნდა, კომპანიის ხელმძღვანელობას და ამ შემთხვევაში - უშუალოდ შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. 3 თვის შემდეგ განმეორდა ანალოგიური ტრაგედია, რაც მიმდინარე წლის აპრილში მოხდა.

    პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ არის დროული. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ სანამ არ აღდგება უსაფრთხოების ნორმები და იქ მუშაობა არ გახდება მუშებისთვის უსაფრთხო, მანამდე ხელფასი აუნაზღაურდებათ მეშახტეებს. თუ უსაფრთხოებაზე არ ვიზრუნებთ, მსგავსი ტრაგედია კვლავ განმეორდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნიკოლეიშვილმა.

    ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია "საქნახშირია", რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. მის 100%-იან წილს ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ფლობს. რეესტრის მონაცემებით, "ინდუსტრიულ ჯგუფს", რომლის გენერალური დირექტორიც ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული "ჩემექსიმ ინტერნეშენალი" ფლობს. ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება რთულია, თუმცა, როგორც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ "საქნახშირის" შესახებ 2017 წელს მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიის ვებ-გვერდზე 2015 წელს განთავსებული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, მართავს და განაგებს ასევე დავით ბეჟუაშვილი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბეჟუაშვილის ძმა, გელა ბეჟუაშვილია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×