სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უკვე ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა და ამ ყველაფერს მოსახლეობა, უბრალოდ, ვერ გაუძლებს"
    ნათია ლომიძე
    28.12.2017

     როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობას წყლის ტარიფიც გაუძვირდა. თბილისის გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 კბ/მ წყალი დაახლოებით - 6 თეთრით, ხოლო სულადობრივი დაახლოებით 75 თეთრით გაიზარდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ერთობლივად გაზრდილ გადასახადებს სამომავლოდ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე ფასების მატება მოჰყვება.

    თბილისის გარდა, წყალი გაუძვირდათ მცხეთისა და რუსთავის აბონენტებსაც. რუსთავში, სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მრიცხველის არმქონე აბონენტები მომავალი წლიდან ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 თეთრით მეტს - 2,281 ლარს გადაიხდიან, არასაყოფაცხოვრებო სექტორში კი 1 კბ/მ-ზე გადასახადი 43 თეთრით - 3,644 ლარამდე გაიზრდება.

    რაც შეეხება მცხეთის გამრიცხველიანებულ აბონენტებს, მათთვის წყალი დაახლოებით 13 თეთრით გაძვირდა, უმრიცხველო აბონენტებისთვის - 1 ლარით და 49 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი 35 თეთრით გაეზარდა გადასახადი. შესაბამისად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1 კბ/მ-ზე 0.329 ლარი, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 1 სულზე - 3.888 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 კბ/მ - 3.548 ლარი.

    ტარიფების ერთობლივ ზრდას საკმაოდ უცნაურად მიიჩნევს ეკონომისტი არჩილ ქავთარაძე. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, ერთდროულად იმატებს გადასახადი ელექტროენერგიასა და წყალზეც, რაც შემთხვევითი არ არის. ასეთი ტენდენცია გააძვირებს ყველა იმ პროდუქტს და საქონელს, რომელიც წყალსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მოსახლეობა კი ასეთ ტვირთს ვერ ზიდავს, რადგან მათი შემოსავალი ხარჯს ვერ გასწვდება. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ სერიოზული კრიზისის წინაშე ვართ.

    "მთელი ეკონომიკა ჩიხშია შესული, საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთდროულად იმატებს გადასახადი რამდენიმე სექტორში. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის და ამას ყველა ხვდება.

    წყალზე ფასის ზრდა მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, გაძვირდა ელექტროენერგია, ქვეყანაში მაღალია ინფლაციაც. მარტო ეს ხომ არ არის, სამედიცინო სექტორშიც ძალიან მაღალი ფასებია, სამომხმარებლო ბაზარზეც ყველაფერი ძვირია. ამ ყველაფერს მოსახლეობა, უბრალოდ, ვერ გასწვდება. სერიოზული კრიზისის წინაშე ვართ.

    ასეთი დამოკიდებულება გააძვირებს ყველა იმ პროდუქტს და საქონელს, რომელიც წყალსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მთავრობა ამტკიცებს, უკეთესობისკენ მიდის საქმე ყველა სფეროშიო, არადა, მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ და ავიღოთ დღევანდელი და 2012 წლის ბიუჯეტები, გადავიყვანოთ დოლარში (რა კურსიც დღესაა და რა კურსიც მაშინ იყო). დავინახავთ, რომ 2 მლრდ-ით შემცირდა ბიუჯეტი. ასეთივე მდგომარეობაა პენსიებისა და ხელფასების კუთხით. ამის შემდეგ როგორ საუბრობენ, რომ ყველაფერი რიგზეა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არჩილ ქავთარაძემ.

    ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია კი მიიჩნევს, რომ წყლის ახალი ტარიფი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს. მისი თქმით, თბილისში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, კომერციულისთვის კი ცოტათი შემცირდა.

    "რა თქმა უნდა, კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე არის კომისიის მიერ წარმოდგენილი. ტარიფები დაანგარიშებული იყო მეთოდოლოგიის საფუძველზე და სემეკმა მიიღო ყველა ის გონივრული ხარჯი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს იმისთვის, რომ ამ კომპანიამ ეფექტურად გააგრძელოს მუშაობა. თქვენ ნახეთ, რომ ტარიფი კომერციულ სექტორში არ გაზრდილა. დაახლოებით 5 თეთრით გაიზარდა (დღგ-ის გარეშე) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, გაუმრიცხველიანებელთათვის კი - 70 თეთრით", - განაცხადა შონიამ.

    შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისში მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1 კბ/მ-ზე 0.329 ლარი, 1 სულზე კი - 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 კბ/მ-ზე - 4.40 ლარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved