სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სითი ინსტიტუტი - საქართველო" მოულოდნელად 140 ათასი ლარით დაჯარიმდა
    მარი ჩიტაია
    26.12.2017

     თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯარიმა დაეკისრა გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტი - საქართველოს", რომელმაც, მერიის ინფორმაციით, ხარვეზი გონივრულ ვადაში არ გამოასწორა.

    გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საგანგებო შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომლებიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია.

    თბილისის მერის მოადგილემ, ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

    "შეხვედრისას საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა "სითი ინსტიტუტი საქართველომ" უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი შენიშვნები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს მითითებას გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    დედაქალაქის მერიამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გენგეგმის ჯგუფს ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება. მუნიპილატეტში ადასტურებენ იმასაც, რომ კომპანია 140 ათასი ლარით დააჯარიმეს. მიზეზი გენგეგმაში აღმოჩენილი ხარვეზები გახდა, რომლებიც, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, კომპანიამ არ გამოასწორა.

    "თბილისის გენერალური გეგმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი თითოეული ჩვენგანისთვის, ქალაქის განვითარებისა და, რაც მთავარია, თბილისის სწორად განვითარებისთვის. დაჯარიმება მოხდა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და მათ გამოსწორებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცათ. იმუშავებენ და წარმოადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

    გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის "სითი ინსტიტუტ - საქართველოს" დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულების მე-6 ეტაპი გახდა.

    არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილის თქმით, აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მერიამ ჯგუფს შენიშვნით ორჯერ მიმართა და ვინაიდან მან ვერც ერთ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო, დედაქალაქის მთავრობამ საჯარიმო სანქცია გამოიყენა.

    "ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის დაჯარიმებას 5%-ით. მე-6 ეტაპი არის ხელშეკრულების საბოლოო ეტაპი, რომლის დროსაც უნდა მოხდეს გენგეგმის სრულად წარმოდგენა. ამის იქით მიმწოდებელს არაფერი აქვს გასაკეთებელი და ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ამიტომ ეს არის ყველაზე კრიტიკული ეტაპი. 5 ეტაპი უკვე ჩაბარებულია, ხელმოწერილია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა საბოლოო პროდუქტი ჯერ არ მიგვიღია.

    პირველ ორ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამიტომ ვალდებული ვიყავით, ჯარიმა დაგვეწესებინა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მიეცა", - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

    იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დაჯარიმებითაც ვერ მოგვარდა, შესაძლოა, კომპანიასთან ხელშეკრულება საერთოდ შეწყდეს. ამავე დროს, ბოლოთაშვილი ვარაუდობს, რომ გენგეგმის დაუმტკიცებლობით შესაძლოა, გაგრძელდეს პრობლემა, რაც დღესდღეობით ქალაქშია და რის გამოც თავის დროზე არქიტექტურის სამსახურმა ეს გენგეგმა დაუკვეთა.

    "ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული შეზღუდვების დაანონსებას. ვსაუბრობ იმ ტიპის შეზღუდვებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, გენგეგმის ტექსტში იყოს, მაგრამ მისი დაუმტკიცებლობით საქმე არ უნდა დაშავდეს. ამაზე რამდენიმე დღეში თბილისის მერი თავად ისაუბრებს", - განაცხადა ბოლოთაშვილმა და დასძინა, რომ გენგეგმის პროექტზე მუშაობა იანვრის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს.

    დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "სითი ინსტიტუტი - საქართველოს" არქიტექტორმა, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ. მან დაადასტურა, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციისთვის დაკისრებული ჯარიმა, ძირითადად, დოკუმენტის მე-6 ეტაპის ფარგლებში მუშაობას შეეხება.

    "გენერალური გეგმის ხუთი ეტაპი შენიშვნების გარეშე დავასრულეთ. მათ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არაერთხელ თქვეს, რომ დოკუმენტი მისაღები იყო, გეგმის მე-6 ეტაპზე კი ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ქალაქის ზონირებას ეხება. მათ სურთ, რომ ზონის სახეობები უფრო კონკრეტული საზღვრებით გავაკეთოთ. გენერალური გეგმა, კანონით, უფრო ზოგადი ხასიათის რუკების დამუშავებას ითხოვს. ჩვენ ამ საკითხებზე მერიის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრა", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" ბოლქვაძემ და დასძინა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის უფრო დეტალურ განმატებებს გააკეთებს გენერალური გეგმის ჯგუფი როგორც მერიის შენიშვნებსა და ჯარიმის საფუძველთან, ისე საკუთარ არგუმენტებთან დაკავშირებით.

    ამ ეტაპზე არქიტექტორი არ აზუსტებს, გენერალურ გეგმაზე მუშაობის მე-6 ეტაპი რას ეხებოდა და ეს ეტაპი კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ დაიწყო თუ არა. დავით ნარმანიას მერობის პირობებში დოკუმენტმა საჯარო განხილვები გაიარა და საკრებულოში დასამტკიცებლად მზად იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter