სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ინფლაციის გამო, პენსია 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო
    ნათია ლომიძე
    26.12.2017

     2017 წლის განმავლობაში ნახტომისებურმა ინფლაციამ პენსიონერებისა და მათი ოჯახების შემოსავლების მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დააქვეითა. წელიწად-ნახევარია, რაც პენსიის რაოდენობა არ გაზრდილა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. ამ პერიდოში სხვადასხვა მოხმარების ნივთზე, სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე მომატებული ფასები პენსიონერების მდგომარეობას ართულებს. იმისათვის, რომ ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა მცირედით მაინც გაენეიტრალებინათ, პენსიის ოდენობა 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო.

    პენსიასა და მზარდ ინფლაციას შორის სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, თუკი ინფლაციას საშუალო ტემპით დავთვლით, გამოგვდის პენსიის მსყიდველუნარიანობის, საშუალოდ, 6%-იანი შემცირება, ეს მხოლოდ ნომინალური მაჩვენებელია, სინამდვილეში კი 3 პუნქტით მეტია შემცირება. არჩვაძის აზრით, იმისათვის, რომ ინფლაციის გავლენა ცოტათი მაინც აღმოიფხვრას, პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 10 ლარით უნდა იზრდებოდეს.

    "პენსია ფიქსირებული სიდიდეა და ინფლაცია მზარდია. თუ ინფლაციას საშუალო ტემპით დავთვლით, გამოგვდის საშუალოდ 6%-იანი შემცირება. ეს მინიმალურია, რადგან პენსიონერების სამომხმარებლო ხარჯებში იმ კომპონენტს უკავია მაღალი წილი, სადაც ფასები საშუალოზე მეტად მატულობს (ზოგიერთი სახის კვების პროდუქტი, სამედიცინო მომსახურება და სხვა). ამ ფონზე 6%-იანი შემცირება არის ნომინალური, ხოლო რეალურ განზომილებაში ეს შეიძლება დაახლოებით 2-3 პუნქტით მეტიც იყოს.

    ასეთ პირობებში ეკონომიკურად გამართლებული იქნებოდა გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტის სოციალური მიზნით გამოყენება. 10 ლარით რომ გაიზარდოს პენსია ყოველწლიურად, საჭიროა არაუმეტეს 90 მლნ ლარი (ინფლაციის უარყოფითი გავლენა რომ მცირედით მაინც დაძლიოს პენსიონერმა, ყოველწლიურად 10 ლარით მაინც უნდა იზრდებოდეს პენსია), თუმცა ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯი გადადგა მემარჯვენე მიმართულებით.

    ის განცხადებებიც, რომ ბაგა-ბაღებშიც დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი, აპირებენ შემოიღონ გარკვეული სახის ქონების გადასახადიც (მაგალითად, მანქანებზე) გროვდება და საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს საზოგადოებაში. ასეთი გადაწყვეტილებით ზარალობენ პენსიონერები და არა მარტო ისინი. რთულია, ყველა მიმართულებით იზრდებოდეს ხარჯი, ძვირდებოდეს პროდუქცია და შემოსავლები იყოს ერთ ადგილზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.

    პენსიონერების დამძიმებულ ყოფაზე საუბრობს ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე. მისი თქმით, 180 ლარი უცვლელია უკვე წელიწად-ნახევარია და ასე იქნება კიდევ რამდენიმე წელი. ამასობაში, ინფლაცია თვალსა და ხელს შუა იზრდება, ეს მგომარეობა კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას აქვეითებს. ფასების მატება განსაკუთრებით ახალი წლის წინა პერიოდში შეინიშნება, როდესაც ხალხის, მათ შორის პენსიონერების ხარჯი მკვეთრად იზრდება.

    "მთელი წლის განმავლობაში ფასების საერთო ზრდა აშკარა იყო. ეს, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქტს შეეხებოდა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ პენსიონერთა მსყიდველუნარიანობაზე, რომელთა შემოსავალი არ იზრდება.

    180-ლარიანი პენსია უცვლელია წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ასე იქნება კიდევ რამდენიმე წელი. ინფლაცია კი თვალსა და ხელს შუა იზრდება. ეს მგომარეობა რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას აქვეითებს, ამას არანაირი სპეციალისტობა არ უნდა, ისედაც ადვილი შესამჩნევია, განსაკუთრებით - წინასაახალწლო პერიოდში.

    ახალი წლისთვის ზოგი ოჯახი წინასწარ ყველაფერს იმარაგებს ეტაპობრივად, თან ცდილობს, რომ დიდი დანახარჯი არ ჰქონდეს. ზოგი კი, პირიქით, სხვა დროს იკლებს ყველაფერს და საახალწლოდ სუფრა სავსე ექნება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოთხოვნა იზრდება, პროდუქციის ღირებულებასაც ზრდის. სანაცვლოდ არც პენსია და არც ოჯახის შემოსავალი არ მატულობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.

    თავად პენსიონერები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მანანა ბახტაძე საკუთარ ოჯახთან ერთად პენსიონერ დედასაც უვლის და აცხადებს, რომ მათი შემოსავალი თვიდან თვემდე ხარჯს ვერაფრით ჰყოფნის. 180 ლარი მხოლოდ წამლებში იხარჯება. ამის გარდა, თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი, საკვები და სხვა დანახარჯებია, რომელთაც პენსიონერი ვერ აუვა.

    "წელს პენსიის ზრდას ველოდებოდი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ თუ არ გაზრდიდნენ პენსიებს, არც სხვა პროგრამებს აამუშავებდნენ, რაც მოხუცთა ყოფას შეამსუბუქებდა. ფაქტია, ეს მოლოდინიც არ გამართლდა.

    საყოველთაო გაძვირება საკმაოდ უარყოფითად აისახა ჩვენს ოჯახზე. სახლში პენსიონერი გვყავს და რომ არა დამატებითი შემოსავლები, ის საკუთარ შემოსავალს ვერანაირად იმყოფინებდა თვიდან თვემდე. ფასები თითქმის ყველაფერზე გაზრდილია, იქნება ეს პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები თუ სამედიცინო მომსახურება. 180 ლარი მხოლოდ წამლებისთვის გვეხარჯება, ამის გარდა, თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი, საკვები და სხვა ხარჯიცაა, რომელსაც პენსიონერი ვერ აუვა.

    არც ოჯახს არ აქვს ისეთი შემოსავალი, რომ მოთხოვნილებები სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც დავიკმაყოფილოთ. გარდა იმისა, რომ თვიდან თვემდე ოჯახის 5 წევრს რჩენა სჭირდება, გვაქვს სხვადასხავა სახის საბანკო ვალდებულებებიც. სიმართლე გითხრათ, წელს პენსიის ზრდას ველოდებოდი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მეგონა, თუ პენსიას არ გაზრდიდნენ, პენსიორებისთვის სხვა საშეღავათო პროგრამებს აამუშავებდნენ, რაც მათ ყოფას შეუმსუბუქებდა. ფაქტია, რომ არც ეს მოხდა და ხანდაზმული ადამიანების მდგომარეობა უფრო დამძიმდა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ბახტაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved