სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მოიზიდე და მოკალი!" - ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც საქართველო მავნებელთან საბრძოლველად გამოყენებს
    თამუნა მუკბანიანი
    26.12.2017

     იმ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის, რომელიც მოსავალს პირწმინდად ანადგურებს, სახელმწიფომ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხით ახალი ტექნიკისა და პრეპარატების შეძენა მოხდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება 100 ათასზე მეტი ფერომონიანი ხაფანგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წლის სტრატეგია წარადგინა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

    მინისტრის თქმით, მსოფლიოში ფაროსანასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკად ითვლება - "მოიზიდე და მოკალი!" ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც საქართველო აზიურ მავნებელთან საბრძოლველად მომავალ წელს გამოიყენებს.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყო. სურსათის უვნელობის სამსახურმა კი გამარტივებული შესყიდვის წესით სამი მომწოდებლისაგან შეიძინა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისათვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო. მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს, 100 ათასზე მეტი ფერომონიანი ხაფანგის განთავსებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მავნებელთან საბრძოლველად დაგეგმილია მილიონ ჰექტარზე მეტის შეწამვლა. ამ მიზნით შეძენილია 360 ტონა პრეპარატი.

    აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2 წლის წინ გამოჩნდა და ამიტომაც მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება. მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი. სწორედ ამიტომ გამრავლების შესაჩერებლად აუცილებელია პესტიციდებით ბრძოლა და ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნა, რაც დაგეგმილია ოზურგეთში ანასეულის ტერიტორიაზე.

    ლევან დავითაშვილის თქმით, 2017 წელი იყო ძალიან მნიშვენლოვანი ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით. რამდენადაც მავნებელი არაენდემურია, უცნობი იყო, როგორი იქნებოდა საქართველოში მისი ქცევის თავისებურებები.

    "საზოგადოებაში გასაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს ახალი ინვაზიური მავნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, რეგულარულად ვხვდებით სამეცნიერო ჯგუფებს. როგორც ჩანს, ფართო საზოგადოების ინფორმირება ვერ ხდებოდა სათანადოდ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რას ვგეგმავთ ფაროსანასთან საბრძოლველად და რა ღონისძიებები გატარდა უკვე.

    2017 წელი იყო ძალიან მნიშვენლოვანი ამ მავნებელთან ბრძოლის მხრივ. გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით გარკვეული შედეგი გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გვეცოდინებოდა, როგორი იქნებოდა საქართველოში მავნებლის ქცევის თავისებურება, რადგან ის არ არის ენდემური მწერი. ახლა დაგროვილი გამოცდილების ადეკვატური იქნება ღონისძიებები, რომელსაც გავატარებთ.

    მოგეხსენებათ, აზრიური ფაროსანა გავრცელებული იყო საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე. ეს იყო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი, თუმცა შემოდგომის პირზე მავნებელმა გადაინაცვლა მყუდრო ადგილებში და ეძებდა თბილ თავშესაფარს გამოსაზამთრებლად. იმის გამო, რომ საქართველოში აქტიურია ტრანზიტული მოძრაობა, ავტომობილები გახდნენ ფაროსანას გადამტანი, ამიტომაც აზიური ფაროსანა წლის ბოლოს უკვე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვხვდებოდა. აქედან გამომდინარე, ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია მიმართულია მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა დავითაშვილმა.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ამოცანებზე, რომლებიც 2018 წელს სამინისტროს წინაშე დგას. დავითაშვილის თქმით, მთავარია ბრძოლის ხერხების ზუსტად შემუშავება.

    "პირველი ამოცანა ფიტოსანიტარიული სამსახურის გაძლიერებაა. ფაქტობრივად, მთლიანად უნდა გადაიარაღდეს და ახალი ტექნიკით აღიჭურვოს. ასევე უნდა მოხდეს დამატებითი ტექნიკური საშუალებების მობილიზება. მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტმა 2017 წლის ბოლოს 35 მლნ ლარი გამოყო.

    გადაუდებელი შესყიდვის რეჟიმით, ოპერატიულად მოვახდინეთ ძირითადი საშუალებების შეძენის პროცესის დაწყება. მათ შორის იგულისხმება მაღალი გამავლობის 130 ეკიპაჟი, სადაც იქნება ნისლის გამფრქვევი ფოგერები და დიდი წარმადიბის შესაწამლი სპეცტექნიკა.

    რადგან მუშაობა მოგვიწევს სხვადასხვა რელიეფსა და კრიტიკულად დიდ არეალზე, აუცილებელია, სხვადასხვა ტიპის პესტიციდებითა და ტექნიკით ვებრძოლოთ მავნებელს. სულ 360 ტონა პრეპარატის შეძენაა დაგეგმილი. ეს არის როგორც ზეთოვანი პრეპარატი, ასევე - ბიფეტრინი.

    დაგეგმილი ღინისძიებები ითვალისწინებს კრიტიკული წერტილების დამუშავებას. 2018 წელს, დაახლოებით 100 000 ფერომონიანი ხაფანგის განთავსებას ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის მნიშვნელოვანი მოსაზიდი საშულება. ბრძოლის მთავარი მეთოდი სწორედ მწერის მოზიდვა და შემდეგ ლოკალიზებაა.

    გაერთიანებული სამინისტროს პირობებში სატყეო დეპარტამენტის რესურსიც იქნება გამოყენებული, რადგან მავნებელი სწორედ ტყისპირებში იზამთრებს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავამუშაოთ ეს ტერიტორია.

    მოიზიდე და მოკალი! ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელსაც ამ მავნებელთან საბრძოლველად იყნებენ მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

    მინისტრმა ასევე დონორების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აზიურ მავნებელთან ბრძოლაში საქართველოს ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება როგორც აშშ-ის მთავრობა, ასევე იუესაიდ-ი და ევროკავშირი. მათ მხარდაჭერაში იგულისხმება როგორც მატერიალური, ასევე ტექნიკური დახმარება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved