სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "დარწმუნებული ვარ, რომ უაქციზო საქონლის შემოტანის მცდელობა მომავალშიც ბევრი იქნება"
    მარი ჩიტაია
    23.12.2017

     წელს საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა, როგორიც ადრე არ ყოფილა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს მჟღავნდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. მარტო თამბაქოს შემთხვევაში 2017 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. უკვე აღმოჩენილია ნახევარი მილიონი კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა და გასაღდა კიდეც.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს, შარშანდელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის განვლილ პერიოდში უკვე 48 საქმეა აღძრული. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 23 პირის მიმართ, 2017 წელს კი - 60 პირის მიმართ.

    რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი - 494 320 კოლოფი. დაახლოებით 200 000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტის ამოღება საბაჟო წესების დარღვევით მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობისას მოხდა. აქედან გამომდინარე, მარტო გამოვლენილი შემთხვევებით თუ ვიმსჯელებთ, კონტრაბანდის მასშტაბები 18-ჯერ გაიზარდა.

    ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ აქციზის მატება ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილს გაზრდიდა. ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე განმარტავს, რომ 2017 წელს ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდით ბიზნესიც დაზარალდა და სახელმწიფო ბიუჯეტიც. ამის მიზეზად ის საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის თამბაქოს ფასებზე მნიშვნელოვან სხვაობას ასახელებს, მაგალითად კი სომხეთი მოჰყავს და აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანაში თამბაქოს ფასსა და აქციზის გადასახადს შორის სხვაობა თითქმის 1.10 ლარია.

    "მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს აქციზზე გადასახადის განაკვეთი არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობაც დიდია. როდესაც ერთგან პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვაგან (მით უმეტეს, თუ საზღვრის კონტროლი შედარებით გართულებულია), მეწარმეები ცდილობენ, სადაც უფრო იაფი ღირს, იქიდან გადაიტანონ იქ, სადაც უფრო ძვირი ღირს და გაყიდონ.

    ბუნებრივია, ბევრს უჩნდება მოტივაცია, რომ პროდუქცია კონტრაბანდული გზით შემოიტანოს და საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს. ამის წინასწარ დანახვა საკმაოდ ადვილი იყო, მთავრობასაც შეეძლო, ევარაუდა მოსალოდნელი საფრთხე და ასე ძალიან არ გაეძვირებინა აქციზის გადასახადი, როგორც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდა. თუკი რაიმე პოზიტიური შეიძლება ითქვას, ისაა, რომ 2018 წლიდან აღარ ზრდიან აქციზს, მაგრამ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვეს. ცხადია, რომ ყველაზე მეტად ზარალი მიადგა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, რომელმაც ვერ მიიღო მილიონობით ლარი.

    ზუსტი ოდენობა კონტრაბანდის მასშტაბისა უცნობია, რადგან ძალიან ბევრი გამოუვლენელი შემთხვევაა. მხოლოდ აღმოჩენილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტს სიგარეტის კონტრაბანდის შედეგად რამდენიმე ათეული მლნ ლარი დააკლდა. ამდენად, კონტრაბანდით, ერთი მხრივ, ბიზნესი დაზარალდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტი, რადგან დაგეგმილი ხარჯის გაწევა გართულდა", - ამბობს ლაშა გოცირიძე.

    მისივე თქმით, თამბაქოს კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტები 2016 წელსაც იყო, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ვერანაირ მატერიალურ გავლენას ბიზნესზე ვერ ახდენდა.

    კონტრაბანდის მასშტაბის ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც, რომლის შეფასებითაც, ხელისუფლებამ აქციზის გაძვირებისას მოსალოდნელი რისკი სწორად ვერ გათვალა.

    "ხელისუფლებას ჯერ კიდევ შარშან ვაფრთხილებდით, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა მასშტაბით იზრდებოდა აქციზის განაკვეთი. შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკი არ წარმოიშვას მაშინ, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი იაფია და დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები, სხვა საკითხია. ალბათ ხელისუფლებაც ელოდა მოჭარბებულ რისკს, რამდენადაც ამტკიცებდნენ, რომ სრულიად მზად იყვნენ ამისთვის, თუმცა რამდენად მოელოდნენ ასეთ მასშტაბებს, ეს კიდევ სხვა საკითხია", - ამბობს ბაირახტარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (23.12.2017)
    საინტერესოა რამდენი პროცენტია ფარული ეკონომიკის წილი ქართულ რეალობაში, ერთ პერიოდში ის სადღაც 50%-ის ფარგლებში იყო, ეს დიდი რესურსი რატომ არ უნდა ჩადგეს სახელმწიფოს სამსახურში და რა უშლის ხელს ამას, აბსოლუტურად გაუგებარია...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter