სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ამით ბიუროკრატია გაიზრდება
    მარი ჩიტაია
    22.12.2017

     მთავრობა დემპინგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას იწყებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ჩაიდება კანონპროექტში და რა ზომებს მიიღებს მთავრობა საკუთარი ბაზრის დასაცავად. მწარმოებლები ახალ ცვლილებას მიესალმებიან, იმპორტიორებს კი მისი სრულფასოვანი მოქმედება აეჭვებთ.

    როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში ანტიდემპინგურ კანონპროექტს შეიტანს. შესაბამისი განცხადებით პარლამენტის სხდომაზე "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა.

    "ჩვენ ვმუშაობთ ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოტანაზე პარლამენტში და, სავარაუდოდ, ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები, როდესაც საუბარია არაჯანსაღ კონკურენციაზე. საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    მისივე თქმით, ყველა ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაში, რომელსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან აფორმებს, ჩადებულია სპეციალური ზომები ადგილობრივი პროდუქციის დაცვისთვის.

    "ჩინეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში ჩადებულია სპეციალური მუხლები. გარდამავალ პერიოდში თუ იმპორტის უცაბედი ზრდის შედეგად ადგილობრივ წარმოებას შეექმნება პრობლემა, საქართველოს აქვს უფლება, შემოიღოს სპეციალური დროებითი ზომები, რომ ასეთი ზეგავლენა აღკვეთოს", - აცხადებს პრემიერი.

    სხვათა შორის, კვირიკაშვილი იყო პირველი, ვინც ანტიდემპინგური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში გაავრცელა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის - მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.

    ფაქტობრივად, ასეა დღესაც. ის, რაც იმპორტიორებისთვის ნაკლებად მისაღებია ან თუნდაც მიუღებელი, მეწარმეებისთვის საკუთარი წარმოების დაცვის შესაძლებლობაა.

    როგორც ვიცით, დემპინგური ფასი გახდა მიზეზი, რის გამოც პრობლემა შაქრის წარმოებას შეექმნა და ეს საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა იმის გამო, რომ ფასებს კანონმდებლობა არ არეგულირებს, "აგარა შუგარ ქუალითი" ბოლო რამდენიმე წელი პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძოდა და ეს პროცესი ნოემბერში საწარმოო პროცესის შეჩერებით დასრულდა.

    "აგარა შუგარ ქუალითის" გენერალური დირექტორი ალხენ ალიზადე "რეზონანსთან" ამბობს, რომ შაქრის იმპორტიორების თვითნებური ფასის გამო კომპანიამ მილიონობით ლარი იზარალა.

    "დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით მთავრობისთვის არაერთხელ მიგვიმართავს წერილობით. გვაიმედებდნენ, რომ ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასს შორის სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ წარმოებამ აზრი დაკარგა. იმპორტიორების თვითნებური ფასების გამო დავზარალდით.

    მიმაჩნია, რომ კანონმდებლობის შემოღებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება, იმედი მაქვს, მკაცრ ზომებს მიიღებენ. ჩემი აზრით, ფასი უნდა იყოს რეალური, რომ ადგილობრივი მწარმოებლები პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს და ჯანსაღ კონკურენციას შეუწყოს ხელი. პირველ რიგში კი, იმპორტზე საგადასახადო ბარიერი დაწესდეს. ამიტომ კანონმდებლობის შემოღებას მივესალმები, დიდი იმედი მაქვს, მთავრობა აღსრულების საკითხშიც პრინციპულობას გამოიჩენს და ბაზარს დემპინგური ფასებისგან დაიცავს", - აცხადებს ალიზადე.

    მეწარმეები ანტიდემპინგურ ღონისძიებებს ადგილობრივი წარმოების განვითარების ახალ შესაძლებლობად განიხილავენ, თუმცა იმპორტიორები ასეთ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. ისინი შიშობენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრებით საბაზრო პრინციპი დაზარალდება.

    სადისტრიბუციო ასოციაციის დამფუძნებელი, იმპორტიორი ივა ჭყონია ფიქრობს, რომ იდეა სწორია, მაგრამ კანონმდებლობის აღსრულების მხრივ პრობლემა მოსალოდნელია.

    "ვფიქრობ, ბიუროკრატია გაიზრდება. შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი, მაგრამ საფრთხილოა, რამდენად მოერგება იგი ადგილობრივი ბაზრის პრინციპებს. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს რომ გავეცანი, ევროპულიდან კოპირებული მომეჩვენა, ნამდვილად არ იყო ქართულ ბაზარზე მორგებული. ევროპის ქვეყნებმა გაცილებით ადრე მიიღეს ასეთი კანონი, მაგრამ ყველა დიდ ქალაქში დიფერენცირებულად განხორციელდა.

    საქართველოს შემთხვევაში, მაინცდამაინც თუ არის კანონის მიღებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ნაკლები ბიუროკრატიული ელემენტი ჩაიდოს და ბიუჯეტს არ დააწვეს ტვირთად. ქვეყნამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და მეტი დასაქმდეს.

    პროდუქტი რომელიმე ქვეყნიდან დემპინგური ფასით შემოდის თუ არა, ძნელად გასარკვევია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი ქარხანა გასცემს საზღვარგარეთ პროდუქტის თვითღირებულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას? არის შემთხვევები, როცა საცალო სექტორი მიწოდებულ ფასზე დაბალი ღირებულებით ყიდის პროდუქტს, რაც სადისტრიბუციო კომპანიებსა და ბაზრის სხვა მოთამაშეებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

    ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება კანონმდებლობის აღსრულება. იდეას ვემხრობი, მაგრამ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები არ უნდა გაიფლანგოს. ეს არ უნდა დავუშვათ. სტრატეგია სწორად უნდა შემუშავდეს, რის გარეშეც იმპორტი ვერ იქნება მოქნილი", - აცხადებს იმპორტიორი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თამაზ ბაქრაძე   (26.12.2017)
    სამამულო წარმოებისა და ბაზრის დასაცავად სასწრაფოდაა ღონისძიებები გასატარებელი. მხოლოდ დემპინგთან ბრძოლა არასაკმარისია და თანაც რთული განსახორციელებელი. საჭიროა მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა იმ საქონლის მიმართ, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, კერძოდ, უცხო ქვეყნებიდან უნდა შეიზღუდოს მათი შემოტანა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის 33%–ის ოდენობით, რაშიც ვერ შემოგვედავება WTO (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია). არსებობს ადგილობრივი წარმოების დაცვის სხვა გზებიც. ასე რომ, დროულად იმოქმედეთ!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved