სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მთავრობას სესხის აღება უხარია იმიტომ, რომ ის მისი დასახარჯია და არა გასასტუმრებელი"
    თამუნა მუკბანიანი
    21.12.2017

     საშინაო ვალი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით იზრდება. მარტო ბოლო 11 თვის განმავლობაში სახელმწიფოს შიდა ვალდებულებები 300 მილიონზე მეტით გაიზარდა, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში - 1,6 მლრდ ლარით. ეს არის მკვეთრად ნეგატიური მოვლენა, რადგან ხელისუფლებას თანხა არ ყოფნის და, ხარჯის შემცირების ნაცვლად, დამატებით ვალს იღებს. ბოლო 8 წელიწადში კომერციული ბანკებისგან სესხად მიღებული თანხების მოცულობა თითქმის 200 პროცენტით გაიზარდა.

    შიდა ვალი ბევრად უფრო მაღალპროცენტიანია, ვიდრე საგარეო, მაგრამ უცხოეთიდან თანხის მოზიდვისას აუცილებელია ზუსტი სახარჯო გეგმის წარდგენა, რაც საშინაო ვალს არ სჭირდება, ხელისუფლება მოძიებულ თანხას საითაც უნდა იქეთ გადაამისამართებს. ალბათ ესეც არის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლება ძვირ ფულს ამჯობინებს, რომელიც ეკონომიკურად ნაკლებად ეფექტურია.

    2012 წელს შიდა ვალის მოცულობა 1.229 მლრდ იყო. 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საშინაო ვალის ოდენობამ 1,344,866 ათასი ლარი შეადგინა, 2014 წელს კი 1,857,356 ათასი ლარი გახდა. 2015 წელს იგი 600 მილიონით გაიზარდა. შიდა ვალის ზრდა გაგრძელდა 2016-2017 წლებშიც და საბოლოოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შიდა ვალმა 1,6 მლრდ დოლარით მოიმატა. 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაუფარავი ვალის მთლიანი მოცულობა 2,873 მლრდ დოლარია.

    ხელისუფლება საშინაო ვალის აღების ზრდას საგარეო დაფინანსებაზე თანდათანობით დამოკიდებულების შემცირებით ხსნის. ამასთან, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ დეფიციტური ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ასეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია ეფექტური, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი ეკონომიკის ზრდას ინვესტიციების ზრდა, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება იწვევს. თუკი საშინაო ვალის აღება ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას უწყობს ხელს (მით უმეტეს, თუ ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი აქვს), საბოლოოდ იგი უარყოფით გავლენას ინფლაციასა და ვალუტის კურსზე ახდენს. საშინაო ვალის აღება ზრდის მოთხოვნას საკრედიტო რესურსზეც, რაც კრედიტებს აძვირებს და კერძო სექტორს სესხის აღების საშუალებას უზღუდავს.

    საგარეო ვალის საშუალო წლიური განაკვეთი 2%-ია, ხოლო საშინაო ვალზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში, სესხის ვადის მიხედვით, 4%-დან 14%-მდე მერყეობს და ლარის გაუფასურებასთან ერთად უფრო და უფრო იმატებს.

    ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას.

    "სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ ქვეყანას საკმარისი შემოსავალი არა აქვს, ხარჯი უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნეს სექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც არ ღირს ვალის აღება.

    შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ სესხის მოცულობა არ არის დიდი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იგი შეუჩერებლივ მატულობს.

    აყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ერთი მთავრობის მიერ აღებული სესხი სამომავლოდ სხვა ხელისუფლებას გადაეცემა და მის გასტუმრებაზე კონკრეტულად პასუხს არავინ აგებს. როგორც წესი, სესხს რამდენიმე წლით იღებენ, ხელისუფლება კი იცვლება. მთავრობას სესხის აღება უხარია იმიტომ, რომ ის მისი დასახარჯია და არა გასასტუმრებელი.

    სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 30%-დან 45%-მდე, ანუ 15%-ით გაიზარდა. წესით, მთავრობას უნდა შეემცირებინა ვალზე დამოკიდებულება და ამ დროს მოხდა საპირისპირო", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა შეშელიძემ.

    ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ჭარაია ყურადღებას ამახვილებს საშინაო ვალის აღების სიმარტივეზე. თუკი საგარეო ვალდებულებების დროს აუცილებელია სახარჯო გეგმის წარდგენა, საშინაო ვალს ეს არ ახასიათებს და ამაში თავისუფლია ხელისუფლება.

    "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ძირითადად საგარეო ვალი იზრდებოდა და მათ 12 მილიარდი ვალი დაუგროვდათ. ეს ტენდენცია თავიდან თითქოს შეიცვალა ახალი ხელისუფლების დროს, მაგრამ ბოლო პერიოდში მთავრობა ისევ აგრძელებს ვალის აღებას, თანაც ძირითადი აქცენტი შიდა ვალზეა, რაც გაცილებით ძვირია. ამავე დროს იგი ეკონომიკის განვითარებასაც არ უწყობს ხელს.

    ასევე, მიზნობრიობასაც უნდა მიექცეს ყურადღება. საგარეო ვალდებულების აღებისას აუცილებელია ხარჯვის გეგმის წარდგენა, რაც საშინაო ვალს არ ახასიათებს. მთავრობა ამ კუთხით სრულიად თავისუფალია და ალბათ ესეც არის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლება ძვირ ფულს ამჯობინებს, რომელიც ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველია. თავისთავად ვალის აღება არ არის უარყოფითი პროცესი, როცა ის ეკონომიკის წინსვლას ხმარდება, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ ვიტყვით", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

    აღსანიშნავია, რომ საშინაო ვალის სტატისტიკას ფინანსთა სამინისტრო 2009 წლიდან აქვეყნებს. იმ დროისთვის შიდა ვალი 782 მლნ დოლარს შეადგენდა და სულ რაღაც 8 წელიწადში 2,1 მლრდ დოლარით გაიზარდა, ანუ თითქმის 200 პროცენტით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter