სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზამთრის კურორტებზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა
    თეო გუდავაძე
    21.12.2017

     სასტუმროებისა და კოტეჯების მომსახურების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა წელს ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა. ეკონომიკური კრიზისის გამო საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს უწევთ, მომხმარებელს ისეთი ფასი შესთავაზონ, რაც მათთვის მისაღებია. ამას ემატება შიდა კონკურენციაც - ყოველ წელს კურორტებს 5-10 სასტუმრო თუ კოტეჯი ემატება.

    ზამთრის კურორტებზე მომსახურების მიმართულებით შიდა კონკურენცია იზრდება. ამიტომ ყველა სასტუმრო სხვადასხვა ხერხს მიმართავს მომხმარებლის მოსაზიდად. როგორც "ბაკურიანი რეზიდენსის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონკურენცია მართლაც მაღალია, ამიტომ ფასი დაახლოებით იგივე დატოვეს, რაც შარშან ჰქონდათ.

    "კონკურენცია საკმაოდ მაღალია, სასტუმროები და კოტეჯები მომრავლდა, შესაბამისად, გვიწევს ისეთი პირობების შეთავაზება, რაც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება. ნომრებზე მოთხოვნაც ჯერჯერობით დაბალია, რადგან უამინდობაა და თხილამურების მოყვარულებს სასრიალო ტრასებიც არ ხვდებათ დათოვლილი. უფრო მეტად უცხოელი დამქირავებლები გვყავს და ტურისტებიც მრავლად არიან სასტუმროში. მინიმალური თანხა, რაც სამადგილიან აპარტამენტში დღე-ღამეში უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა, არის ისევ 200 ლარი კვების გარეშე", - განაცხადეს "ბაკურიანი რეზიდენსის" ადმინისტრაციაში.

    ფასების კორექტირება უმეტესად საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კოტეჯების მფლობელებს მოუხდათ, რადგან დამსვენებლების უმრავლესობა სასტუმროს ტიპის ნომრებს ანიჭებს უპირატესობას მეტი კომფორტისთვის. ლალი ოვსიანკოვა ბაკურიანში ერთ-ერთი "გესტ ჰაუსის" მეპატრონეა. მან, შარშანდელთან შედარებით, 10 ლარით გააიაფა ნომრის ღირებულება, რადგან შიდა კონკურენცია საკმაოდ მაღალია და, ფაქტობრივად, კარგავდა მომხმარებელს.

    "რთულია, როდესაც ბაზარზე ამხელა კონკურენციაა, რადგან გიწევს, სხვადასხვა გზით გაუმკლავდე მას და შესთავაზო ისეთი მომსახურება კლიენტებს, როგორიც სხვაგან არ ხვდებათ. სხვა არჩევანი არ მქონდა - ან ნომრის გადასახადი უნდა დამეკლო, ან შემეთავაზებინა სრული პაკეტი, რაშიც სამჯერადი კვება მოიაზრება. ფინანსურად კვება უფრო ძვირი ჯდება და მეტად საპასუხისმგებლოა. ამიტომ მომიწია გაიაფება.

    სახლში პირველ სართულზე ჩემი ოჯახი ცხოვრობს, მეორეზე კი სულ ხუთი ოთახი მაქვს გასაქირავებლად. დავდექი არჩევანის წინაშე, რომ რაღაც უნდა დამეთმო, რადგან სხვა სასტუმროებსა და კოტეჯებს კონკურენციას ვეღარ ვუწევდი. მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია, რაც უფრო მეტად ამინდის ბრალია და არა ფინანსური კრიზისის. ზამთრის კურორტები ვისაც უყვარს, ის ისედაც გამონახავს დასასვენებელ დროს და თანხას. უფრო მეტად საახალწლოდ ველით სტუმრებს, ყოველ სეზონზე ასეა და წელსაც ასე იქნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლალი ოვსიანკოვამ.

    საქართველოს მოქალაქეებისთვის მთიან კურორტებზე დასვენება ისედაც ძვირი სიამოვნება იყო, ფასების მცირედით კლება კი დიდ გავლენას ნამდვილად არ ახდენს მომხმარებელზე. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია, ამიტომ უმეტესობას დასასვენებლად წასვლა მაინც უჭირს, სასტუმროებსა და კოტეჯებს უმეტესად ტურისტები ეტანებიან, ვიდრე ადგილობრივები.

    სასტუმრო "დეკას" მენეჯერი ნინო ჯაღმაიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასი იგივე დატოვა, რაც შარშან იყო. ადმინისტრაციას უწევს სხვა მომსახურების დამატება, რომ მომხმარებელმა არჩევანი ამ სასტუმროზე შეაჩეროს.

    "ფასი იგივე დავტოვეთ, რაც წინა წელს გვქონდა. ამან გაამართლა, მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და უმეტესად ტურისტები სჭარბობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამინდის კვალობაზე ჯერჯერობით არ ვუჩივით სტუმრების ნაკლებობას, ვფიქრობ, საახალწლოდ კიდევ უფრო მეტი გვეყოლება. ჩვენი ფასი და შეთავაზება აშკარად მისაღებია", - აღნიშნა ნინო ჯაღმაიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    მომსახურება არ გაუძვირებია სასტუმრო "ალპინასაც". როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ლაზვიაშვილმა გვითხრა, ფასი იგივე დატოვეს, რაც შარშან ჰქონდათ, მაგრამ მოუწიათ, კვების გარეშე მიეღოთ სტუმრები.

    "ჩვენთან სტანდარტული ნომრებია, რომლის ღირებულებაც დღე-ღამეში 170 ლარია. მოთხოვნა გაზრდილია. როგორც ჩანს, სხვა სასტუმროები უფრო ძვირია. მომხმარებლის უმეტესობა ტურისტია. ჩვენ ვაქირავებთ მხოლოდ ნომრებს ამ ფასად, საუზმისა და კვების გარეშე", - აღნიშნა მარიამ ლაზვიაშვილმა.

    რაც შეეხება ტარიფებს, საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრის დაქირავება დღე-ღამეში, სერვისის შესაბამისად, 30-ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. მსხვილ სასტუმროებში გადასახადი 150-200 დოლარიდან იწყება და მომსახურების ხარისხის კვალდაკვალ მატულობს. ახალი წლის პერიოდში, როგორც წესი, დამსვენებელს ჩვეულებრივზე მეტი თანხის გადახდა უწევს, რადგან ამ დროს მოთხოვნაც მეტია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter